1921 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში უკვე წითელი არმიის საშუალებით შემოიჭრა, 19 წლის სტუდენტი ნინო მაყაშვილი წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა. მიუხედავად მშობლების – თამარ გაბაშვილისა და კოტე მაყაშვილის მუდარისა, მარომ საჭიროდ ჩათვალა, ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ახალგაზრდობას შეერთებოდა.
სულ რაღაც ორ დღეში, 19 თებერვალს, მარო კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში, მე-11 არმიის მიერ ნასროლ ყუმბარას ემსხვერპლა. მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. ფაქტობრივად, იუნკერები ერთადერთი ძალა აღმოჩნდა, რომელმაც ბოლშევიკური რუსეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწია.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
ორ დღეში, მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველომ ამ დროს დაკარგული სუვერენიტეტი მეოცე საუკუნის ბოლომდე ვეღარ აღიდგინა.
23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე), მათ შორის არის დაკრძალული მარო მაყაშვილიც.
ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილს, დღიურები დარჩა, სადაც იგი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გულღიად საუბრობს.
„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.
„ოჰ მონობა რა ცუდი რამ ყოფილა, შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი, რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა… ამ რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს, ღმერთო მალე მოვიდოდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.. რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრად დარჩენილმა რუსმა, ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს“, – ვკითხულობთ მაროს ჩანაწერებში.
2015 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.