ბაია პატარაის ბლოგი
ამ ბლოგის ინსპირაცია მომცა ერთმა პოლემიკამ, რომელიც ქალთა დახურულ ჯგუფში მიმდინარეობდა. ერთმა ქალმა, გვარს არ დავასახელებ, საკუთარი აღშფოთება და გაბრაზება გამოხატა უცენზუროდ და იმ ეტაპზე მისთვის გაურკვეველ კაცს კასტრაციითაც კი დაემუქრა. დასმული პრობლემის განხილვის თანადროულად, ცხარე დისკუსისს საგანი გახდა გამოხატვის ფორმა. გამოითქვა პრეტენზიები, რომ ქალები ასეთი აგრესიულები არ უნდა იყვნენ და უნდა 10-ჯერ ჩაისუნთქონ, სანამ ფეისბუქში ტექსტს ასეთი ტონით დაწერენ. იყო მეორე მოსაზრებაც, რომ ქალი შესაძლოა იყოს აგრესიული, მაგრამ არა ამ ფორმით. ითქვა, რომ კაცის გენიტალიების ხსენება და მითუმეტეს კასტრაციით მუქარა პატრიარქალურ-მასკულინურია და ფემინისტს ქალს არ შეეფერება. გაისმა ასევე კრიტიკა, რომ სახელმოხვეჭილმა ცნობადმა ფემინისტებმა ამ ტონით არ უნდა ისაუბრონ. საბოლოოდ, ქალების დიდმა ნაწილმა მკაცრად დაგმო აგრესია, ბილწსიტყვაობა და ე.წ. „მოკაჩავე“ ტონი. მეც სწორედ ამ პოლემიკას გამოვეხმაურები ამ ბლოგით.
აქვს თუ არა ფემინისტ ქალს აგრესიული გამოხატვის უფლება?
ქალებს რომ გაბრაზების უფლება გვაქვს, ამაზე მარტივად შევთანხმდით, მაგრამ როგორ, რა ფორმით უნდა გამოხატოს ქალმა საკუთარი გაბრაზება – ვერ შევთანხმდით. დავიწყოთ თავიდან – რა არის აგრესია?ლექსიკონის მიხედვით აგრესია არის ბრაზის მტრულად ან ძალადობრივად გამოხატვა, მზაობა თავს დაესხა ან დაუპირისპირდე. თუ დავგუგლავთ აგრესიულ კაცებს, შემდეგ კი აგრესიულ ქალებს, პირველ შემთხვევაში გვხვდება ინფორმაცია მოძალადე კაცებზე, რომლებიც ადამიანებზე ახორციელებენ მძიმე ფსიქიკურ ან ფიზიკურ ძალადობას, ხოლო მეორე შემთხვევაში, გვხვდება სტატიები, სადაც საუბარია იმაზე, რომ აგრესიული ქალი არ არის მომხიბვლელი, ვერ მიაღწევს წარმატებას სამსახურში და რომ ქალების გააგრესიულება თანასწორობის ბნელი მხარეა. ამ სტატიების გადათვალიერებით ერთი სხვაობა თვალშისაცემია, კაცის აგრესიად უმეტესად მოიაზრება ფიზიკური ანგარიშსწორება, ქალის აგრესიად კი ფასდება მისი უხეში გამონათქვამები. ეს დავიმახსოვროთ.
შემდეგი კითხვა, რომლითაც გუგლს მივართავ ასე ჟღერს – როგორ გამოვხატოთ ბრაზი? პასუხად ჩნდება არაერთი სტატია, სადაც პრაქტიკულად გეუბნებიან, რომ ბრაზი საერთოდ არ უნდა გამოხატო: ბრაზი უნდა გააქრო. არსებობს სხვადასხვა ტექნიკები თავის დამშვიდების. ბრაზის დასათრგუნად, უნდა ღრმად ჩავისუნთქოთ, გავისეირნოთ, დავაკვირდეთ საკუთარ თავს, შემთხვევით გაღიზიანებული ფონი ხომ არ გვაქვს? შევეცადოთ განვიხილოთ სხვადასხვა ვერსიები იმ მოვლენისა, რამაც გაგვაბრაზა, შევხედოთ პრობლემას სხვისი პერსპექტივით, გავხდეთ რაციონალურები და თუ ამის მერე მაინც ვხედავთ პრობლემას, უკვე ცივ გონებაზე გამოვთქვათ ჩვენი სათქმელი არგუმენტირებულად და ფრთხილად. ბრაზი დავთრგუნეთ, ბრაზი გაქრა. დარჩა მხოლოდ პრობლემა და მისი გადაჭრის მეტად ცივილური გზები. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზის გამოხატვას საერთოდ არ გვირჩევენ, გვთავაზობენ ემოციის გაქრობას და შემდეგ პრობლემის გადაჭრის მეთოდების ძიებას.
ნუთუ ასეთი უსარგებლო ემოციაა ბრაზი?
ჩვენ იმ პოლემიკაში მარტივად კი შევხთანხმდით, რომ გაბრაზების უფლება ქალებს აქვთ, მაგრამ თუ აგრესიული გამოხატვის უფლებას შევუზღუდავთ, ხომ არ გამოდის, რომ ბრაზის უფელბასაც ვართმევთ ქალებს? თუ სხვა ყველა ფორმა ბრაზის გამოხატვისა, რეალურად ნიშნავს ბრაზის ემოციის დათრგუნვას ე.ი. ჩვენ უარს ვამბობთ ბრაზის გამოხატვაზე. შესაძლებელია ბრაზი გამოხატო არააგრესიულად? არა. არააგრესიულად შეიძლება გამოხატო შეშფოთება, იმედგაცრუება, მწუხარება, მაგრამ არა ბრაზი. მაშინ კიდევ ერთხელ ვიკითხავ, გვინდა თუ არა ბრაზი ფემინისტებს? მე გეტყვით, რომ არა თუ გვინდა, არამედ გვჭირდება, რადგან ჩვენ გვჭირდება პატრიარქატს და მის გამოვლინებას თავს ვესხმოდეთ აგრესიულად და წინააღმდეგობას ვუწევდეთ გაშმაგებით. ბრაზი ემანსიპაციის საშუალებაა. აქვე შეგახსენებთ ძალიან ცნობილ ფემინისტურ ფრაზას: „Well behaved women seldom make history“, რომელიც პულიცერის პრემიის მფლობელ ქალ ისტორიკოსს – ულრიხს ეკუთვნის და ქართულად ასე ჟღრეს: „კარგი მოქცევის ქალები იშვიათად ქმნიან ისტორიას“.
აქვე მეორე, დაკავშირებულ საკითხსაც შევეხები: აქვს თუ არა გაბრაზებულ ფემინისტ ქალს ბილწსიტყვაობის და გინების უფლება? ზოგადად რომ ზრდილობა საჭირო და აუცილებელია, ამაზე ვთანხმდებით და არ ვდაობთ. ქალებს რომ მეტი ზრდილობა მოეთხოვებათ ჩვენ საზოგადოებაში, ესეც ფაქტია. მაგრამ რატომ? ხომ არ არის ქალებისათვის კარგი მანერების მკაცრად მოთხოვნა მათი დაქვემდებარების და მათი ბრაზის დათრგუნვის პრაქტიკა? გინებას აქვს გენდერი, ჩვენ საზოგადოებაში კაცებისთვის გინება დასაშვებია რიგ შემთხვევებში, ქალებისთვის კი ყოველთვის მიუღებელი. უფრო მეტიც, გინებას არამარტო გენდერი, არამედ კლასიც აქვს. დაბალი კლასის ქალებისათვის იქნებ დასაშვებიც იყოს ბილწსიტყვაობა და სწორედ მის კლასობრივ კუთვნილებაზე მიანიშნებდეს ეს. ჩვენ კულტურაში ქალს, რომელიც უცენზურო ენას იყენებს, ხშირად „ქუჩის ქალს“, „ბაზრის ქალს“ და “ორღობის დედაკაცს” ეძახიან. მაღალი კულტურული კაპიტალის მქონე ქალს კი ყველა მკაცრად უკონტროლებს ლექსიკას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბრაზი და აგრესია ასე მარტივად არ ქრება და ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ღია დაპირისპირებაზე, ხშირად პასიურ აგრესიას მიმართავენ; ირიბად და ფარულად ახორციელებენ აგრესიას – ვნებენ ადამიანს, თუმცა უარყოფენ ამას. მე პასიური აგრესიის წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ ფემინისტური და გამათავისულფებელი ბრძოლა პირდაპირი დაპირისპირებით უნდა ვლინდებოდეს, ამიტომ უცენზურო ლექსიკას სრულიად მიზანმიმართულად ვიყენებ. გარკვეულ შემთხვევებში მე ასე გამოვხატავ ბრაზს რიგი მოვლენების მიმართ და ზოგჯერ გინებითვე ვპასუხობ დასაბულინგებლად განწყობილ კაცებს ფეისბუქ სივრცეში.
ქალის მიერ წარმოთქმული გინება ტრანსგრესიულია, ის არღვევს ეთიკის იმ ნორმებს, რომელიც ბოჭავს და აჩუმებს ქალს, ის ანგრევს გენდერულ როლს, სადაც კაცი დომინინატური და აგრესიულია, ქალი კი – მორჩილი და ის ანგრევს კლასობრივ განსხვავებულობას, როცა დაბალ კლასს მიკუთვნებული ადამიანის ლექსიკა და მაღალ კლასს მიკუთვნებული ადამიანის ლექსიკა ერთმანეთს უახლოვდება. შესაბამისად, გინება ფემინისტურია!
პ.ს. არავის მოგიწოდებთ უზრდელობისაკენ და ერთმანეთის შეურაცხყოფისაკენ, პირიქით.
უბრალოდ გამოიყენეთ აგრესიული ენა მიზნობრივად და დაუპირისპირდით სისტემას.