პოლიტიკაshe

8 მარტს შეგროვილი წერილები ადრესატებს გადაეცათ

ამა წლის 8 მარტის აქციაზე, ამომრჩეველ ქალებს ნებისმიერ პარლამენტართან წერილის სახით კონტაქტის საშუალება მიეცა. უამრავ შემოსულ წერილში, ყველაზე დიდი მოთხოვნა სამ დეპუტატზე იყო – გედევან ფოფხაძეზე, ანი მიროტაძეზე, ვახტანგ ხმალაძესა და თამარ კორძაიაზე.

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტებმა რუსუდან კერვალიშვილმა და იდა ბახტურიძემ დღეს მათთვის გაგზავნილი წერილები სწორედ ამ ოთხ პარლამენტარს გადასცეს. რაც შეეხება დანარჩენი ადრესატებისთვის განკუთვნილ წერილებს, ისინი პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარდა და ყველა ადრესატს ინდივიდუალურად დაურიგდება.

„ქალთა მოძრაობის“ წევრებმა ზემოთ დასახელებულ დეპუტატებს არა მხოლოდ გადასცეს წერილები, არამედ მათთან პირისპირ დისკუსიები და მოლაპრაკებები გამართეს პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხის ირგვლივ. საუბრები ძალზე საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს თუ არა კვოტების კანონს, ყველა პარტია, ვის წარმომადგენლებსაც „ქალთა მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ, შიდაპარტიული კვოტების დაწესებას აპირებს და ქალების შეყვანას არა მხოლოდ პროპორციულ, არამედ მაჟორიტარულ სიებშიც გეგმავს.

პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე კვლავ კვოტების საწინააღმდეგო პოზიციას იზიარებს. იგი აცხადებს, რომ შიდაპარტიულ კვოტირებას, რასაც რესპუბლიკური პარტია ისედაც აპირებს, არანაირად არ ეწინააღმდეგება და მთავარი პრეტენზია კანონით განსაზღვრულ კვოტასთან აქვს. ამიტომ, კვოტირების პრინციპს მხარს არ უჭერს და არც მომავალში დაუჭერს.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ შიდაპარტიულ კვოტას ემხრობა და თავადაც აქტიურად არის ჩართული ქალი კანდიდატების მოძიებაში და პარტიისთვის შეთავაზებაში. „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებთან საუბარში, ფოფხაძემ პირობაც კი დადო, რომ თუ ჩემმა პარტიამ სიაში არ შეიყვანა სათანადო რაოდენობის ქალები და არ დაიცვა შიდა პარტიული კვოტა, მე უარს ვიტყვი ჩემს ადგილზე სიაშიო. საუბრის დასასრულს, მან კიდევ ერთი პირობა დადო, – რომ კიდევ ერთხელ იფიქრებდა და გადახედავდა თავის პოზიციას სავალდებულო კვოტასთან დაკავშირებით.

rusudani

პარლამენტარი ანი მიროტაძის პოზიცია კვოტებთან დაკავშირებით, მისი კაცი კოლეგებისგან განსხვავებით, სიხისტით არ გამოირჩევა. მართალია, მისი პარტია კვოტირებას არ უჭერს მხარს და თვითონაც ჯერჯერობით სავალდებულო გენდერულ კვოტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა მზად არის, გადახედოს საკუთარ პოზიციას და პარტიასთანაც კიდევ ერთხელ დააყენოს დღის წესრიგში ეს საკითხი. მიროტაძემ აღნიშნა, რომ ქალთა მოძრაობას ამ საკითხში სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს, ანუ თავისი ერთი ხმაც, პარტიის პოზიციის მიუხედავად, შესაძლოა კვოტირების სასარგებლოდ გამოიყენოს.

თამარ კორძაია დიდ მხარდაჭერას უცხადებს კვოტირების სისტემას და დასძენს, რომ ამ საკითხს პარლამენტში რესპუბლიკური პარტიიდან 9 ხმა აქვს (გარდა ხმალაძისა).

საბოლოო ჯამში, ქალთა მოძრაობის დეპუტატებთან პირისპირ შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მოძრაობის წევრები ამ ფორმატში სხვა პარლამენტარებთან შეხვედრასაც გეგმავენ.