სტატიები

8 ქალი, რომელმაც სპორტის სამყარო შეცვალა

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც პროფესიულ სპორტში ქალის მონაწილეობა გამონაკლის და “არაკონკურენტუნარიან” მოვლენად მიიჩნეოდა. კაცები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ქალები მათ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი თვალსაზრისითაც ბევრად ჩამორჩებოდნენ. ისე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, სპორტის სამყაროში მომუშავე ქალებს მუდმივად შესაძლებლობების თანასწორობის “მტკიცება” უწევდათ. სამწუხაროდ, ეს თანამედროვე სამყაროშიც ხდება. წარმოგიდგენთ იმ ქალებს, რომლებმაც თავიანთი სპორტული კარიერით ამ გენდერული სტერეოტიპის დამსხვრევა მოახერხეს.

ბილი ჯინ კინგი

ბილი ჯინ კინგს (Billie Jean King) 12-ჯერ აქვს მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი, მაგრამ მსოფლიო დიდება მას ერთადერთი თამაშის შემდეგ ესტუმრა, სადაც მისი მეტოქე კაცი იყო. 1973 წელს, კინგი 55 წლის ბობი რიგსს („Bobby“ Riggs) შეხვდა, რომელიც ქალთა ჩოგბურთს ყოველთვის აგდებით მოიხსენიებდა. ბილი ჯინის ოსტატობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რიგსი სამ სეტში დაემარცხებინა. 40-მა მილიონმა ტელემაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა გოგონას გამარჯვება „სქესთა შერკინებაში“ (Battle of the Sexes). ეს ისეთი გასაოცარი ისტორია იყო, როგორიც ძალიან უყვარს ამერიკას. სწორედ ამ თამაშის შემდეგ იქცა ჩოგბურთი აშშ-სა და მსოფლიოში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად. იმავე წელს, 1973-ში, კინგმა WTA (Women’s Tennis Association, ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია) დააარსა.

მარია ტერეზა დე ფილიპისი

სამეფო რბოლის (ფორმულა1) მთელს ისტორიაში, მასში მონაწილეობა მხოლოდ 5 ქალს მიუღია. მათ შორის ბოლო, ჯოვანა ამატი (Giovanna Amati), ფორმულა1-ის საჭესთან 1992 წელს იჯდა, რაც შეეხება პირველ ქალ მრბოლელს, – იგი იტალიელი არისტოკრატი მარია ტერეზა დე ფილიპისი (Maria Teresa de Filippis) იყო. გოგონა მანქანას ლამის ბავშვობის ასაკიდან მართავდა. ერთხელაც, იგი ძმებს დაენაძლევა, რომ კაცებზე არანაკლები ხარისხის რბოლა შეეძლო. მარია ტერეზამ ნაძლევი დამაჯერებლად მოიგო – 1954 წელს, წრიულ რბოლაში, მან იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, 1958 წელს კი „მონაკოს გრან-პრიზე“ გავიდა. მართალია, მან თავად ბერნი ეკლსტოუნს (Bernie Ecclestone) აჯობა, მაგრამ „ფორმულას“ ერთ-ერთი ურთულესი ეტაპის კვალიფიკაცია მაინც ვერ დაძლია. შემდგომ რბოლაზე, დე ფილიპისმა არა მხოლოდ სტარტს მიაღწია, არამედ მრბოლელთა საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.

ფორმულა1-ის პირველი ქალის კარიერა მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა. 1959 წლის აგვისტოში, „გერმანიის გრან-პრის“ წინა დღეს, დაიღუპა მრბოლელი ჟან ბერა (Jean Behra), დე ფილიპისის ახლო მეგობარი. მომხდარის გამო მიღებული სტრესის შედეგად, მარია ტერეზამ სამეფო რბოლიდან სამუდამოდ წასვლა გადაწყვიტა.

იუდიტ პოლგარი

ლასლო პოლგარის (László Polgár) უმცროსი ქალიშვილი იუდიტი (Judit Polgár) მამის სანუკვარ ოცნებასთან – ჭადრაკის მსოფლიო გვირგვინთან – ყველაზე ახლო აღმოჩნდა. უჯრედებიან დაფაზე კაცების დამარცხებას იუდიტი სრულწლოვანების მიღწევამდე ბევრად ადრე მიეჩვია. 15 წლის ასაკში, მან 4 თვისა და 28 დღის განმავლობაში შეასრულა გროსმაისტერის წოდების მისაღებად აუცილებელი ნორმა. ამით, იუდიტმა თავად ბობი ფიშერის (“Bobby” Fischer) რეკორდი დაამხო, რომელსაც გროსმაისტერობის მისაღწევად ერთი თვით მეტი დრო დასჭირდა.

1991 წელს, უმცროსი პოლგარი პირველი გოგონა გახდა, რომელმაც უნგრეთის საჭადრაკო ჩემპიონატში გაიმარჯვა. მას „სქესთა ბრძოლის“ საკუთარი გამოცდილებაც გააჩნია – 17 წლის ასაკში ანატოლი კარპოვი (Анато́лий Ка́рпов) ჰყავს დამარცხებული. მოგვიანებით, მისი „მსხვერპლები“ გარი კასპაროვი (Garry Kasparov), ვიშვანატან ანანდი (Viswanathan Anand) და მაგნუს კარლსენიც (Magnus Carlsen) გახდნენ.

მანონ რეომი

გუნდი „ტამპას“ პირველი სეზონი NHL-ში (ჰოკეის ეროვნული ლიგა, ამერიკა) ისტორიული მხოლოდ კლუბისთვის არ ყოფილა. 1992 წლის შემოდგომაზე, გუნდში ქალი მეკარე მოვიდა. როდესაც კლუბის მთავარ მენეჯერს ფილ ესპოზიტოს (“Phil” Esposito) მანონ რეომის (Manon Rhéaume) თამაშის ამსახველი ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, მან კლუბში გოგონა ისე აიყვანა, რომ ამის შესახებ თავდაპირველად თავადაც არ იცოდა. როდესაც მანონის „გოგოობის“ შესახებ შეიტყო, არანაირად არ შემცბარა; ლიგაში დებიუტანტებს ცოტაოდენი რეკლამა არ აწყენდათ.

რეომი პირველი ქალი იყო, რომელმაც ჰოკეის ეროვნული ლიგასთან კონტრაქტი გააფორმა.

ნელი ვიენო

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩემპიონთა ლიგისთვის უდევნებია თვალი, აუცილებლად ემახსოვრება ტანმორჩილი ფრანგი ქალი. ნელი ვიენო (Nelly Viennot) პირველი ქალი იყო, რომელიც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირებზე მსაჯთა ბრიგადაში მოხვდა. 1999 წლის ნოემბერში, არბიტრის თანაშემწის რანგში მან „მელდე-რეალის“ თამაში იმსაჯა. სამი წლის შემდეგ, ვიენომ საფრანგეთის თასის ფინალში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც თავის ქვეყანაში მსაჯის საუკეთესო ასისტენტად აღიარეს. ევროთასების თამაშებში რეგულარულად მონაწილე ვიენომ ქალ მსაჯებს კაცების ფეხბურთის მთავარი ტურნირებისკენ გზა გაუხსნა.

სერენა უილიამსი

სერენა (Serena Williams) ერთადერთია პლანეტის ქალებსა და კაცებს შორის, რომელსაც ოქროს სლემი როგორც ერთეულ, ასევე წყვილთა თანრიგში რგებია. ვილიამსს გამარჯვება დიდი სლემის 32 ტურნირში უზეიმია, ოლიმპიური ოქრო კი ოთხჯერ მოუპოვებია. გარდა ამისა, იგი WTA-ს ოთხგზის გამარჯვებულია. პრიზების რეკორდსმენმა სერენამ ქალთა ჩუგბურთის სამყაროს მნიშვნელოვნად შეცვლა მოახერხა.

ამელი მორესმო

2014 წლის ივნისში, სახელგანთქმული ჩოგბურთელის ენდი მარეის (Andy Murray) მწვრთნელი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ქალი, ფრანგი ამელი მორესმო (Amélie Mauresmo) გახდა. მათ თანამშრომლობა ორი წელი გაგრძელდა და 2016-ში შეწყდა. ამ ხნის მანძილზე, მარეიმ შვიდი ტურნირი მოიგო.

ჩან იუან ტინი

შარშან, ჰონკონგის საფეხბურთო ჩემპიონატი გუნდი „ისტერნის“ ვადამდელი გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც 27 წლის სპეციალისტი ჩან იუან ტინი (Chan Yuen-ting) ედგა სათავეში.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალმა მწვრთნელმა კაცების ჩემპიონატი მოიგო, ქვეყნის უმაღლეს პროფესიულ დივიზიონში.

*  *  *

მსოფლიო სპორტში გარდამტეხი ცვლილებების მომტან ქალებზე საუბრისას, შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ იმ ქალების მნიშვნელოვნება, რომლებმაც ქართული სპორტის ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულეს.

მზია ჯუღელი

პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი აიღო (1952 წელი, ჰელსინკის ოლიმპიადა, გუნდური ასპარეზობა), ტანმოვარჯიშე მზია (მედეა) ჯუღელი იყო.

ქეთევან ლოსაბერიძე
ნინო სალუქვაძე

მეორედ, ოქროს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე დაეუფლა. მესამე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნინო სალუქვაძეა. მან ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი ერთდროულად სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 1988 წელს მოიპოვა. მას შემდეგ, ნინოს არც ერთი ოლიმპიური ასპარეზობა არ გაუცდენია. მრავალგზის ტიტულოვანი სპორტსმენი, სპორტული კარიერის ხანგრძლივობისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით, საქართველოს ისტორიაში დღემდე ყველაზე სტაბილური სპორტსმენის ტიტულსაც ინარჩუნებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის დამსახურება, რომელსაც ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სპორტის კრიტიკოსების შეფასებებში ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც „გონება, რომელიც მუდმივად ანგრევდა ჭადრაკის სფეროში არსებულ გენდერულ წინასწარგანწყობებს“.

ნონა გაფრინდაშვილი