ბლოგები

შეკავებული ქვითინის რეჟიმში

ავტორი შორენა გაბუნია

მწვავე ტკივილი ხუთთვიანი ორსულობის თავზე. დილის სამ საათზე კლინიკაში სტუმრობა და იმის აღმოჩენა, რომ მშობიარობა დაგეწყო… შოკი, ტირილი, ისევ ტირილი და სასოწარკვეთილი დარდი ერთ ციცქნა პატარაზე, რომელიც ცოცხალი დაიბადა…

ინკუბატორში მყოფის დანახვაზე გული გეგლიჯება და მიუხედავად ექიმების სკეპტიკური პროგნოზისა, მაინც გაქვს იმედი, რომ გადარჩება…

გვერდით გყვანან მეგობრები, ქმარი, ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც მარტო გრძნობ თავს, რადგან ერთი ციცქნა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სრულიად უძლური ხარ…

სამი დღის თავზე, მისი გული ფეთქვას წყვეტს. ალბათ გრძნობდი რაღაცას, მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ინკუბატორს არ სცილდები, და ბოლოს იძულებით გისტუმრებენ გარეთ…

შემდეგ ისევ ტირილი – მოგუდული, რომ იქვე მყოფმა მშობიარეებმა არ გაიგონ…

ბავშვების ტირილის, დედების ბედნიერი ჟღურტულის ხმა, და ისევ მოგუდული ქვითინი…

შენი შვილის დაკრძალვას ვერ ესწრები, რადგან სამშობიაროდან ჯერ არ გამოგწერეს…

ცდილობ, უკანასკნელი ძალები მოიკრიბო და მოერიო უბედურებას, მაგრამ ეს ძალიან ძნელია…

უცებ ბავშვის მამა რეკავს – ბავშვს ვერ ვკრძალავთ, რადგან კვირა დღე რომ იყო, სამშობიაროდან შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად არ გამოუტანებიათ… ჯოჯოხეთი გრძელდება…

შემდეგ ისევ ტირილი, ისევ ჩაგესმის ყურში შენივე გულის ბრაგუნი…

შემდეგ ისევ შემოძახება საკუთარი თავისთვის, რომ ძლიერი უნდა იყო და ცხოვრება განაგრძო…

შემდეგ ისევ მისამძიმრება, ისევ დამშვიდების მცდელობა და ასე დაუსრულებლად…

მას შემდეგ 12 წელი გავიდა, მაგრამ დღევანდელი დღესავით მახსოვს ის დღეები.

სამწუხაროდ, ქალის ცხოვრებაში მსგავსი ამბები იშვიათი არაა. სამაგიეროდ, ძალიან მძიმე და მოუნელებელია.

ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ქალებს, რომლებსაც თვითნებური აბორტი ჰქონდათ ან მკვდარი ბავშვი გააჩინეს, ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნით.

რა თქმა უნდა, ამ კანონების ავტორები უმეტესწილად ქალები არიან. და ალბათ, ძნელი მისახვედრიც არაა, თუ რატომ.

აი თუნდაც ამის გამო გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, – რომ ჩვენი, ქალების, ცხოვრება იყოს ბევრად უფრო გაგებული, ჯეროვნად აღქმული და გაზიარებული.

ქალებს ქალებთან მხოლოდ სოლიდარობა უნდა აკავშირებდეთ, მე ასე მწამს, და არა – დაპირისპირება, სხვისი დაკნინების ხარჯზე საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი ან ძალაუფლების მქონე კაცების ლიქნა იმის იმედით, რომ იმ ძალაუფლების ერთი ნამცეცი მაინც გადაუგდონ სამოწყალოდ.

სანამ თავად ქალებში ამის გაცნობიერება არ მოხდება, ვიცხოვრებთ მუდამ დათმენის, შეჭირვების და შეკავებული ქვითინის რეჟიმში.