1 მარტიდან, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის (Prague Civil Society Centre) დაფინანსებით, პროექტ Telling Her Story-ს ფარგლებში, საფარისა და ვებპლატფორმა “ნაამბობის” ჩართულობით, გაეშვა ახალი ონლაინ კამპანია, სახელწოდებით “მეც შვილი ვარ“.
მემკვიდრეობის გადანაწილებისას გენდერული წინასწარგანწყობებით მოქმედება ქართული ჩვეულებითი სამართლის თვალსაჩინო ნიმუშია. შვილებისთვის მემკვიდრეობით უძრავი ქონების გადაცემისას, მშობლები ხშირად ტრადიციულ შეხედულებებს მისდევენ და გოგო შვილს სრულიად აიგნორებენ, იმ მიზეზით, რომ “გათხოვდება და ოჯახიდან წავა”.
ამგვარი მდგომარეობა ქალს საშუალებას არ აძლევს, ჰქონდეს საკუთარი, თუნდაც მცირედი კაპიტალი. შედეგად, თუ ის დაქორწინდება, ეკონომიკურად მთლიანად ქმარზე ხდება დამოკიდებული. ქმარმა ეს კარგად იცის და ფიქრობს, რომ ცოლზე ძალადობაში ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, რადგან ეს უკანასკნელი არასოდეს იჩივლებს და ვერსად გაექცევა მის ძალადობრივ ქმედებებს.
ასეთი ჩაკეტილი წრის პირობებში, ქალი განწირულია, მუდმივად ითმინოს ოჯახში ძალადობა როგორც მის მიმართ, ასევე – შვილების მიმართაც.
თუ ქალი არ დაქორწინდება, არც მაშინ ელის უკეთესი ხვედრი: როგორც მსგავსი შემთხვევებისას ხდება, მას ან “უფასო და უუფლებო მოსამსახურედ” იყენებენ “ძმების კუთვნილ” სახლებში, ანდა აიძულებენ, დატოვონ მშობლიური საცხოვრებელი და წავიდნენ, სადაც უნდათ.
კამპანია სწორედ ამ დაფარული ეკონომიკური ძალადობის ირგვლივ დისკუსიის გაშლის მიზნით შეიქმნა. პრობლემის იდენტიფიკაცია და სწორი შეფასება არცთუ პატარა საქმეა საზოგადოებაში ფესვგადგმულ ტრადიციებთან ბრძოლის საქმეში, მით უფრო, როდესაც მშობლები ხშირად გაუაზრებლად მიჰყვებიან ქონების გადანაწილების ამ ტრადიციას და ნაკლებად ფიქრობენ, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს მათმა ერთი შეხედვით უწყინარმა გადაწყვეტილებამ.
ონლაინ კამპანია მოიცავს მსგავსი პრობლემების მქონე რესპონდენტების მონათხრობებსა და ვიდეოისტორიებს.