Ofsted-ის (დიდ ბრიტანეთში განათლების სტანდარტების მაკონტროლებელი ორგანო) კვლევის მიხედვით, ზოგიერთ გოგონას ერთ ღამეში 11-ამდე ბიჭი შეიძლება დაუკავშირდეს და შიშველი ფოტოების გადაგზავნა სთხოვოს.
Ofsted-ის გამოკითხვაში მონაწილე გოგონების თქმით, თუ ისინი მსგავსი თხოვნის ავტორ ბიჭებს ამის გამო დაბლოკავენ, ეს უკანასკნელნი უბრალოდ ახალ და ახალ ანგარიშებს ქმნიან და გოგონებს მაინც აწუხებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 10 გოგონადან 9 აღმოჩენილა სექსისტური წამოძახებების სამიზნედ და ინტერნეტით მიუღია უწმაწური ფოტოები ან ვიდეოები.
Ofsted-ის ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ სექსუალური შევიწრება სკოლის ასაკის ბავშვებში ნორმად იქცა. რესპონდენტი გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამის გამო სკოლის ადმინისტრაციაში ჩივილის აზრს ვერ ხედავენ, ზოგიერთი მასწავლებელი კი ამ პრობლემების მასშტაბს სწორად ვერ აფასებს.
გამოკითხვის დროს, გოგონებმა აღნიშნეს, რომ ბიჭებს უბრალოდ უარის გაგონება არ სურთ, როდესაც „გულახდილ ფოტოებს“ ითხოვენ.
ერთ-ერთ სკოლაში, გოგონებმა ინსპექტორს უთხრეს, რომ ერთი ღამის მანძილზე, მათ შესაძლოა 10 ან 11 ბიჭი დაუკავშირდეთ, შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოს მოთხოვნით.
ქალთა უფლებადამცველები ამ კულტურის შესაცვლელად სკოლის პერსონალის ინფორმირებისკენ მოუწოდებენ. მინისტრის თქმით, სკოლებსა და კოლეჯებს ამ თემის ირგვლივ ინფორმაციულობის გაზრდას შესთავაზებენ, რათა პერსონალს სქესობრივ ძალადობასთან ბრძოლაში დაეხმარონ.
2018-2020 წლებში, ინგლისისა და უელსის პოლიციაში 18 წლამდე ასაკის პირებს შორის 13 000-ზე მეტი სქესობრივი დანაშაული დაფიქსირდა. პოლიციის 30 თანამშრომელი ამბობს, რომ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლის ან მოძალადის ასაკი 10 წელი ან უფრო დაბალი იყო. 1 000-ზე მეტი კანონდარღვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
ეს ფაქტები კიდევ მეტად ამყარებს Ofsted-ის დასკვნას იმის შესახებ, რომ არაჯეროვანი სექსუალური ქცევა უფრო და უფრო ვრცელდება დაწყებით სკოლებში.
21 წლის კერისი ამბობს, რომ მისი ნაცნობი გოგონების დიდ უმრავლესობას კაცებისგან ან ბიჭებისგან უწმაწური შინაარსის გამოსახულებები მიუღია.
„როცა დაბალ კლასებში ვიყავი, Instagram-ზე, Facebook-სა და Snapchat-ში 50 ან 60 ისეთი ფოტო მიმიღია, რისი ნახვაც არ მინდოდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დედას უნდა მიმართო… შენ გაიძულებენ, თავი ისე იგრძნო, რომ არ გინდოდეს ამის ხილვა, არ იცოდე, ამას რა გაუკეთო, რადგან ეს არავისთვის გითხოვია. ამის მიღება ნამდვილად არაა სასიამოვნო“.
18 წლის ლუსი ამბობს, რომ შიშველი ფოტოების მიღება იმდენად „ნორმად“ იქცა, რომ თუ ისინი სოციალურ ქსელებში გოგონების მიმოწერებში ჩნდება, ისინი უბრალოდ შლიან მათ.
„ზოგიერთ გოგონას ეს ამბავი ძალზე ხშირად ემართება, მაგრამ ეს ის არაა, რომ უჩვეულოდ მოგეჩვენოთ… ამას ვერაფერს მოვუხერხებთ…“.
ლუსი ამბობს, რომ არ უფიქრია იმაზე, რომ მასწავლებლებმა პრობლემასთან გამკლავების გზები იციან.
„ჩვენ გვითხრეს, რომ თუ ამის აღკვეთა გვსურს, პოლიცია უნდა ჩავრიოთ. ეს ჩემთვის ბევრად შემაშინებელია, ვიდრე ის, რომ ერთად შეგვკრიბონ გოგონები და გვასწავლონ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურად მსგავს მიღებულ გამოსახულებებს. მხოლოდ მე არ შემმთხვევია ეს, ბევრ გოგოს აქვს მსგავსი გამოცდილება“, – ამბობს კერისი. დღეს იგი 25 წლისაა. მისი აზრით, იმაში, რაც თავს გადახდა, მთავარი როლი სექსუალური შევიწროების ფართოდ გავრცელებულმა კულტურამ ითამაშა.
ემიმ მასწავლებლებთან საუბარი შეძლო და საერთო ჯამში, მათი მხარდაჭერა დადებითი იყო, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ შიშველი ფოტოების გაზიარების მოთხოვნა გაცილებით გამძაფრდა, როცა სკოლაში აღარ სწავლობდა.
„როცა ახალგაზრდა კაცებს ვესაუბრები, ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ შიშველი ფოტოების მათთვის გაგზავნას ელიან ჩემგან. ეს უკვე ურთიერთობების და სიყვარულის ნაწილად იქცა – თუ ვინმე მოგწონს, გაუზიარე ფოტო, თუ არა – გასაგებია, რომ ამას არ იზამ. ჰოდა, ისინი მე არ მომწონან“, – ამბობს ემი.
გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ურთიერთობების, სექსისა და ჯანმრთელობის საკითხებზე სკოლაში მიღებული ინფორმაცია მათ არანაირ რჩევას არ აძლევს, თუ როგორ მოიქცნენ რეალურ სიტუაციებში. უპირატესად გოგონები, იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ მათ არ ასწავლიან, რა არის მიღებული და მიუღებელი ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში. ბევრი მასწავლებელიც აღიარებს, რომ არ ყოფნის ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა თანხმობა, ჯანსაღი ურთიერთობები და სექსუალური გამოსახულებების გაცვლა.
ინსპექტორები სკოლებისა და კოლეჯების ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, ისეთი კულტურა განავითარონ, რომელშიც ყველანაირი სექსუალური შევიწროება არის გამოაშკარავებული და მოგვარებული. ისინი ასევე ამბობენ, რომ სქესობრივი განათლების პროგრამაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების აზრით რთულ თემებზე – თანხმობასა და გულახდილი ფოტოების გაცვლა-გამოცვლაზე.
ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სკოლების ხელმძღვანელობებს საუკეთესო მხარდაჭერას გამოუცხადებენ, სექსუალური შევიწროებისა და თავდასხმების გამოაშკარავების, თანხმობის საკითხებში გარკვევის, ონლაინ პორნოგრაფიისა და ჯანსაღი ურთიერთობების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსებაში.