მკვლელობას არასოდეს ჰქონია ამხელა გამოხმაურება, რამხელაც აქვს ჰომოსექსუალობას.
5 ივლისს ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის განმეორება ისევ შენიღბული ქრისტეს სახელით. ეს არ ყოფილა მხოლოდ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების გათელვა, ეს იყო მთავრობის და საპატრიარქოს სპეცოპერაცია. მათი ამოცანა იყო კარვების დაშლა და ჟურნალისტებზე აგრესიის ამონთხევა, რადგან ამ ჟურნალისტების საშუალებით საზოგადოებამდე მიდის ხმა, თუ რას ემსახურება ეს ორი ინსტიტუცია სინამდვილეში. ძალადობას შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და თითოეული დაჩაგრული და დაზიანებული ადამიანი ეკლესიის წინამძღვრის და მთარობის კისერზეა.
ორგანიზებული რელიგია პოლიტიკის მეორე მხარეა და ისინი ერთად ქმნიან ომს. მათი ძალაუფლება იზრდება ადამიანების დაშინებით, რადგან შეშინებული ხალხი მარტივად სამართავია. ადამიანი თუ შეეჩვია ძალადობას და შიშს, კონფორტის ზონად იქცევა ჭაობი და იქედან ამოსვლის ერთადერთ შანსს საკუთარი ფსიქიკის შესწავლა იძლევა.
წლების მანძილზე ყველანაირი ძალადობა, მათ შორის ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაც მათ მიერ ირიბად იყო წახალისებული.
საქართველოში გვაქვს სეკულარიზმის კრიზისი. ამ ქვეყანაში ზოგს ის აზრიც კი აწუხებს, რომ ქართველი იმთავითვე უნდა იყოს მართლმადიდებელი. პარლამენტის წინ ჯვრის აღმართვაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეკლესია ერევა სახელმწიფოს მართვაში. ჩვენ ვერ შევდექით სამოქალაქო საზოგადოებად. ახლა განათლების სისტემის სრული ამოტრიალება და მასში ცვლილებების დაწყებაა უმთავრესი, რომ მომავალი თაობა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელიც ვერ მოექცევა ვერანაირი რელიგიური თუ სხვა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ.
ფანატიკოსში პიროვნება ჩამოშლილია, მასში ვერ ვითარდება ინდივიდუალიზაციის პროცესი და სჭირდება წინამძღოლი, რომელსაც ბრმად ემორჩილება. სწორედ ეს ბრმად დამორჩილებული ბრბო ვნახეთ ჩვენ 5 ივლისს, რომელიც მეორე დღესაც დაგროვილ ქვებს გვესროდა მშვიდობიან ადამიანებს.
ამ ბრბოს ფსიქოლოგიური პრობლემა დაგროვილი სექსუალური ენერგიაც არის, რომელიც ვერ სუბლიმირდება, დაგუბებულია და სულ ვამბობ, რომ როდესმე აუცილებლად ამოხეთქავს-მეთქი. ახლაც ასე მოხდა. ეს ხალხი ეთამაშება საკუთარ არაცნობიერს და ეს მათთვისვე საშიშია. შინაგანი კონფლიქტები და კომპლექსები ჭამს ადამიანს. ყველაზე გულაღტკინებული გააფთრებული ჰომობობი – ლატენტური ჰომოსექსუალია. მათი უპირატესობის კომპლექსის უკან კი ღრმა არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება.
რეალურად, ამ ადამიანებს ეზიზღებათ საკუთარი თავი. ჰომოფობების უმრავლესობას ეზიზღებათ ქალიც და ხშირად, ქალთა მიმართ ძალადობითაც გამოირჩევიან, თუ ფიზიკურად არ ძალადობს, ფსიქოლოგიურად მაინც ავიწროებს და უფლებებს ურღვევს ქალს, ოღონდ მათი დიდი ნაწილი ამას უმეტესად ირიბი ფორმით, ფარული, შემოვლითი გზებით ამჟღავნებს და არც აღიარებს სიძულვილს, საკუთარ თავსაც კი არ უმხელს.
ჰომოფობთა ნაწილი შეიძლება სულ არ იყოს ზოგადად ძალადობისკენ მიდრეკილი, მაგრამ ერთვებოდეს ფსიქიკის დაცვითი მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ რასაც განიცდის, იმის სრულიად საპირისპირო წარმოაჩინოს. ის შესაძლოა, საკუთარ თავში ებრძოდეს იმას, რასაც სხვაში ვერ იტანს დღეს და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს სცემოს ისევ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ გეი არ არის. რეალურად, ადამიანი საკუთარ თავს უცხადებს ომს და ყველა ომი წაგებულია, სადაც ბრძანებაა გაცემული, რომ აკრძალვით რაღაც დამარცხდეს.
თავს იტყუებს ყველა, ვინც ამ მოცემულობაში თვლის, რომ სიყვარულს ემსახურება. შეუძლებელია, გადავსებული გონების ადამიანმა ვინმეს უპირობო სიყვარული განიცადოს. ცოტათი მაინც რომ გაიგო, რა არის სიყვარული, სიძულვილის იმ განშტოებებს უნდა დააკვირდე, რაც ასე ცხადად იწვევს ადამიანთა დაყოფას, ომს. ვინც ქვა არ ისროლა, მაგრამ თუნდაც იდგა იმ ბრბოს გვერდით, ან სახლიდან წაახალისა იგი, ან თუნდაც ეთანხმებოდა მახინჯ იდეებს, ისიც გაუცნობიერებლად ძალადობის მონაწილეა.
ჩაკეტილი ცნობიერების ადამიანს ღმერთიც იმისთვის სჭირდება, რომ სწორედ მაშინ მოუხმოს, როცა პირადი ამბიციების დაკმაყოფილება სურს. ,,ღმერთი დასჯის,, ,,ღმერთი გადაუხდის,, – ასეთი ფრაზებიც ამაზე მიუთითებს. ყველა ომი და ძალადობა სიყვარულის სახელით ინიღბება. ბავშვს თუ სცემს მშობელი, ისიც გეტყვით, რომ შვილის კარგად აღზრდისთვის აკეთებს ამას.
ადამიანი უნდა გაშიშვლდეს საკუთარი თავის წინაშე, რომ დაინახოს, რეალურად ვინ არის სინამდვილეში. რეალობის მიღება მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი – ფსიქოლოგიური დაბადებისთვის.
ნინო ყვირილიანი