ქართულ ინტერნეტ სივრცეში ცოტა ადამიანი თუ მოიპოვება, ლელა ლაშხის სახელი არ იცოდეს. მრავალმხრივი ინტერესებისა და საქმიანობის ლელას ათასობით ინფლუენსერისგან ის განასხვავებს, რომ საკუთარი იმიჯის „შეფუთვაზე“ საერთოდ არ ზრუნავს. მისი გვერდი სოციალურ ქსელებში ხალასი ფოტოებისგან, ისტორიებისგან და უშუალოდ, მარტივად ნაამბობი ავტობიოგრაფიული დეტალებისგან შედგება, რაც ძალიან მოსწონს აუდიტორიას.
თუმცა, ლელა, როგორც მწერალი, ალბათ ყველაზე სრულყოფილად ასახავს საკუთარ პრიზმაში გატარებულ რეალობას. ამჯერად, ლელას მის რომან „ჟაკლინზე“ ვესაუბრეთ, რომელიც 2019 წელს დაიწერა.
როგორ იქმნებოდა „ჟაკლინი“? რა არის შენთვის მისი დაწერის ინსპირაცია?
ინსპირაცია იყო კონკრეტული ადამიანი, რომლის გაცნობამ და ისტორიის მოსმენამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. უამრავი საერთო გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროსა და სივრცეში დავიბადეთ.
„ჟაკლინში“ მძაფრადაა გადმოცემული ქვიარ ადამიანის ცხოვრების დეტალები, მისი წუხილი, პრობლემები, ხედვის პერსპექტივა, ინტერესები… თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მსგავს თემებზე საუბარი დიდად პოპულარული არაა. მგონია, რომ ეს რომანი ერთგვარი „სულის ჩვენებაა“ „ტრადიციული“, ჰეტერონორმატიული ლიტერატურის მკითხველისთვის, რომლისთვისაც უცხოა ქვიარ ადამიანის განცდები. თავად შენთვის რას ნიშნავს „ჟაკლინი“?
„პოპულარული“ ვერაა იმიტომ, რომ მენტალური მზაობა განვითარების დაბალ საფეხურზეა ჯერ კიდევ. სიმართლის აღიარება, მით უმეტეს ხმამაღლა, ასეთ ფონზე – შიშთან, სირცხვილთან და მრავალ სხვა სირთულესთანაა დაკავშირებული. საკუთარ თავად ყოფნა, როცა ე. წ. ტრადიციული ნორმებით ცხოვრობ, საზოგადოებისთვის ბოლომდე მისაღები და მოსაწონი მაინც არასოდესაა. მით უმეტეს, თუ მათგან განსხვავდები და ამ ნორმებს გაცდენილი ხარ, გულწრფელად არაფრით მიგიღებს. მიმღებლობის ხარისხი ჯერ კიდევ უმწიფარია. სინამდვილეს ყველა ისე აღიქვამს, როგორც შეუძლია და ამის განმსაზღვრელი გარემოებები სტერეოტიპებზეა აგებული, სამწუხაროდ.
თითქოს არაფერია, მაგრამ მიიღო სხვა ადამიანი, პატივი სცე მის აზრს, ღირებულებებს, შეხედულებებს და უბრალოდ არსებობას, ჩემი აზრით, ღირსების საკითხია. ყველაფერი აქედან იწყება.
ღირსება თავისით ვერ ჩაშენდება შენში, თუ პატარაობიდანვე მშობლები არ მუშაობენ ამაზე და სათანადო აღზრდის მეთოდებით არ გაყენებენ ცხოვრების პირისპირ. სწორედ მათ მიერ გადებულ ხიდზე უნდა გადაიარო, რომ იმ გზას დაადგე, რაც საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და ზოგადად ცხოვრებასთან მიგიყვანს. იქ კი ტოლერანტობისა და პატივისცემის გარეშე ღირსეულ ადგილს ვერასოდეს დაიმკვიდრებ. რთულია.
ამაზეა ეს წიგნი, – რა გვაკლია, რა გვინდა და როგორ შეგვიძლია ამის მიღება. არ ვამბობ, რომ მომგებიანი ცხოვრების სწორი და უტყუარი რეცეპტი შევიმუშავე და „ჟაკლინი“ დავარქვი, მაგრამ ჩემი გამოცდილება გავუზიარე მკითხველს, რომელმაც პირადად ჩემთან გაამართლა და იქნებ სხვისთვისაც მოეტანა რამე სარგებელი.
„ჩემს ოჯახში, რეალურად არავის ვუყვარდი. უყვარდათ მხოლოდ მათ მიერ გამოგონილი ჩემი თავი, რასთანაც მხოლოდ სახელი და გვარი მაერთიანებდა“ – ეს სიტყვები ხშირად გვესმის ქვიარ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც „ოჯახის“ ცნება, თავიანთი გამოცდილების გამო, სრულიად სხვა კონტექტს იძენს: აქ თავმოყრილია უარყოფა, გარიყვა, შეურაცხყოფა, ცხოვრებიდან ამოშლა და კიდევ ბევრი უაღრესად მტკივნეული რამ…
არა მხოლოდ განსხვავებულებთანაა ეს პრობლემა. იშვიათად აქვთ ოჯახის წევრებს რეალური წარმოდგენა იმ ადამიანებზე, ვინც მათ სინამდვილეში და თვალწინ იზრდება. სწორედ გუშინ მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ მკითხველთან, რომელიც თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა. სრულიად „ტრადიციული“ და საზოგადოებისთვის „მისაღები“ ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაგრამ მისი სიტყვებია, რომ საკუთარ დედას წარმოდგენა არ აქვს თავის შვილზე – თუ როგორია, რა უყვარს, რას ფიქრობს, რა ადარდებს, რა უხარია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ერთნაირად – განსხვავებულისა და ნორმატიულის შემთხვევაში. არასწორი და არასაკმარი კომუნიკაციაა შვილებსა და მშობლებს შორის, გახლეჩილი და საბოლოოდ დაკარგული ინტერესები.
შვილის გაჩენა, კარგად გამოკვება და ლამაზად ჩაცმა მის აღზრდასთან არანაირ კავშირში არაა, პირიქით, რეალობას აცდენილი მიდგომაა. სწორედ ამ ინტერესთა კონფლიქტის სხვერპლი ხდება ბავშვი, მოზარდი და მერე უკვე საზოგადოების წევრი, რომელიც სრულიად სხვა და არასწორი რაკურსიდან უყურებს ცხოვრებას. ასეთი კონტინგენტით შექმნილ საზოგადოებას ტოლერანტული საფუძველი არ გააჩნია. სამწუხაროდ.
„ჟაკლინის“ ერთ-ერთი მკითხველის თქმით, რომანში გადმოცემული ერთი შეხედვით მარტივი მოვლენები: მასწავლებლის მიმართ პუბერტატული სიყვარული, დრამები შეყვარებულებთან, პრობლემები დედასთან, გრძნობებისგან დაცლილი სექსი და ბევრი რამ, ნებისმიერი მკითხველისთვის სრულიად ჩვეულებრივი, ცხოვრების თანმდევი მოვლენებია, თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი ლესბოსელი ქალის ისტორიის შემადგენელი ნაწილია, თითქოს აქამდე უხილავ, ამოუცნობ სამყაროში შებიჯებაა. როგორ ფიქრობ, რატომაა გასაკვირი მკითხველისთვის ეს სრულიად ადამიანური, ყველაზე ხელშესახები ამბები, თუნდაც მისგან განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისგან?
აკრძალული ხილის გასინჯვის ძალა ყველას არ გააჩნია, მაგრამ სურვილი ძალიან ბევრს აქვს. ორი გამოსავალია, ან ამ ძალით უნდა დაიბადო, ან გამოიმუშავო იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს უპირატესობა. როგორც ვხედავთ, ჯერ საკმარისად მნიშვნელოვანი არაა, რომ „ადამიანური“ ამბები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და გვირჩევნია, ისე შევფუთოთ, რომ არ შეგვაშინოს და რუტინა არ დაგვირღვიოს, რადგან იქ თავს კარგად ვგრძობთ, შედარებით მშვიდად და სიახლეები გვეზარება.
„ჟაკლინი“ ქალების სამყაროა, ქალების პერსპექტივა, განცდები, შეგრძნებები, ინტერესები და სურვილები, ქალებისა, რომლებსაც კაცთან ორგაზმის სიმულაცია სჭირდებათ… სიმბოლურად, ესაა ქალი, რომლის ბედნიერების გასაღები ისევ ქალმა იცის. ამის საპირისპიროდ, რომანის თითქმის ყველა კაცი პერსონაჟი ზიზღისმომგვრელი, უსუსური, უნებისყოფო ტიპაჟია, საკუთარ პატრიარქალურ პრივილეგიებს ჩაჭიდებული. არის თუ არა ეს ემანსიპირებული ქალის მზერით დანახული კაცი, ქალი-კაცის მარადიული დიქოტომიის ბევრჯერ გამარჯვებული, მაგრამ ამჯერად დამარცხებული ფიგურა, თუ უბრალოდ, ეს არის კაცი, რომელმაც დაკარგა მამა-მარჩენალის და ალფა-დომინანტის ფუნქცია და უსარგებლო არსებად იქცა?
ქალისა და მამაკაცის აზროვნება, შეგრძნებები, ინტუიცია რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან და ლოგიკური დიფერენციაცია წარმოიქმნება. სრულიად ლოგიკური. ზოგისთვის უფრო მეტად საინტერესოა, ზოგისთვის პირიქით. კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის იდენტურობის განცდა, უფრო მეტი ჰარმონიის წინაპირობაა და ამაზე უარის თქმა, დამეთანხმებით და, არ ღირს.
ჩემი აზრით, კაცი და ქალი ვერასოდეს შეთანხმდება. გამგები გაიგებს.
„[მამა] გალანძღავდა, ეჩხუბებოდა, უღრიალებდა, შეურაცხყოფდა და მერე საჩუქარს მოუტანდა. დედაჩემს ტკივილი მალე უყუჩდებოდა“; […] „ოჯახს ვერ დაანგრევდა. სად წასულიყო? ვის რად უნდოდა? ვინ მიიღებდა? ხალხი რას იტყოდა?- ეს მისი ბედი იყო და უნდა შეგუებოდა. ასე იცხოვრა რამდენიმე ათეული წელიწადი დედაჩემმა, დედამისმა, ბებიამისმა და ათიათასობით სხვა ქალმა. მე მათ დაკარგული ქალები შევარქვი“; […] „ვიზრდებოდით და იზრდებოდა დარდი და მარტოობა მის თვალებში, ნაოჭებში, შრომისგან გადაგვარებულ თითებზე“ – „ჟაკლინში“ დედა კრებსითი დედაა პატრიარქალური სამყაროდან, ოჯახში ძალადობის ციკლებს შორის მცხოვრები, რომელიც უბრალოდ ასეთია და სხვანაირი ვერასოდეს იქნება?
ყოველთვის შეგიძლია, იყო სხვანაირი, ვიდრე ახლა ხარ. თუ რამე არ მოგწონს, ვინმე არ მოგწონს, ადგე და შეცვალო. არაფერს ელოდო. მაგრამ თუ არ მიხვდი, ამის აუცილებლობას რა განაპირობებს შენში და რა დოზით, არაფერი შეიცვლება და სწორედ ამის მსხვერპლია ქალების მრავალი თაობა.
„ჩემი დისგან ხშირად მომისმენია, რომ ოჯახის სირცხვილი და თავის მოჭრა ვიყავი, ჩემი სექსუალური შეხედულებებისა და ცხოვრების წესის გამო და ხშირად აღმოჩენილა ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში. […] ეკლესიაში იარე და სული გაიწმინდე, სიბინძურით სავსე გაქვსო. ჩემი ნივთებიც კი წაიღო მღვდელთან, სპეციალურ ლოცვებზე დასალაგებლად, ბოროტი სული რომ განედევნა ჩემგან. მეც კი გავყევი, ჩემი ტვინის ბურღვა რომ შეეწყვიტა“ – ეს არის სავალდებულო კომპრომისი, რომელსაც თითქმის ყველა ქვიარ ადამიანი გადის ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. აქვს საზღვარი ამ კომპრომისს, თუ არა? დაგვიანებული ხომ არაა ხოლმე მასზე უარის თქმა?
გვიანი მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაშია, რადგან არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია. იქამდე კი ყველაფერი შესაძლებელია.
„- ალბათ, გირჩევნია მკვდარი ვიყო, ვიდრე ასეთი ცოცხალი გყავდე, გქონდეს საფლავი, რომელშიც შენი წარმოსახვითი შვილის ცხედარი გეყოლება და რასაც გინდა იმას დაატირებ ზევიდან, ის კი ვერაფერს ამოგძახებს საწინააღმდეგოს.
–ალბათ“ – ეს არის რომანის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დიალოგი, ასევე კარგად ნაცნობი და სხვადასხვა ვარიაციით მრავალჯერ განმეორებული – უამრავი ქვიარ ადამიანისთვის. ჟაკლინის სიკვდილი და სევდისმომგვრელი ფინალიც ალბათ ამ ფრაზის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ტკივილად იქცევა ხოლმე…
ჰო, რაღა აზრი აქვს მერე ხელების თავში ცემას, მოჩვენებით გლოვას და გაგლეჯილი გულით სიარულს? იქამდე უნდა იყო ადამიანი, დედა, შვილი, მეგობარი, შეყვარებული, კოლეგა, როცა გვერდით ცხოვრობს და შენგან მხოლოდ ერთ რამეს – თანასწორობას ელოდება…
და ისევ დასასრულზე: მთავარი გმირის სიკვდილი წარმოგვიდგება, როგორც ერთადერთი ლოგიკური ფინალი, საკუთარი ეგოცენტრიზმის გაცნობიერების სინანული, გამოსავალი გაწამებული ადამიანისთვის, თუ – სისავსით, სიამაყითა და კმაყოფილებით, ობიექტურ სამყაროზე გამარჯვებით წასვლის დემონსტრაცია?
დიახ, ეს გამარჯვების დემონსტრაციაა, საკუთარ ეგოცენტრიზმეც და ე.წ. ობიექტურ სამყაროზეც.
რის შესახებაა შენი ახალი წიგნი „აღმართი“ და ამჟამად თუ მუშაობ რამეზე?
„აღმართი“ მოთხრობების კრებულია. რვა მოთხრობაა შესული და ერთ-ერთს ასე ჰქვია. მთავარი თემა აქაც ქალის ცხოვრება, მასში შემავალი სირთულეები, დაძლევის ინდივიდუალური მეთოდები, თავის დამკვიდრებისა და დაბრკოლებების გადალახვის ინდივიდუალური გამოცდილებებია, ასევე ძალადობის მსხვერპლის, ოჯახისგან გარიყული და სუიციდით დასრულებული ადამიანების ყოფაზე, რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით.
რასაკვირველია, ვმუშაობ ახალ რომანზეც და ალბათ არ გაგიკვირებათ, რომ ესეც ქალზე იქნება, ასევე ნამდვილი და ექსტრაორდინალური ისტორიით.
ესაუბრა შორენა გაბუნია