"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარმა შსს-სა და საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

საფარი

„საფარი“ ძალადობის მსხვერპლი ქალის, ე.ბ.-სა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს იცავს.

ე.ბ. პოლიციის თანამშრომლის, ა.ჯ.-ს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით, მან სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა, ა.ჯ.-ს მიმართ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ. დაჟინებით შეეცადა ე.ბ.-ს სახლში შეღწევას. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი მას შინ არ უშვებდა, საპატრულო პოლიციამ მოძალადე კოლეგას მაინც გაუღო კარი.

პატრულ-ინსპექტორებმა, ლ. ვ.-მ და კ.ხ.-მ, სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინეს და არ მოარიდეს მოძალადე მსხვერპლს. შედეგად, მოძალადე პოლიციელმა დაჭრა ე.ბ. ხოლო მის ყოფილ მეუღლეს, მ.გ.-ს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მათი 2 წლის შვილი თ.გ.

საფარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხეებს, შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ე.ბ.-ს სასარგებლოდ, დაკისრებოდათ მორალური და მატერიალური ზიანის, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული მატერიალური ზიანის საკომპესაციო თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა საფარის სასარჩელო მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ე.ბ.-ს სასარგებლოდ 15.000 ლარი, ხოლო მცირეწლოვანის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა დააკისრა.

მოპასუხეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებელი სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ორგანიზაცია საფარის იურისტების მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ასევე წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამისილი პირების მხრიდან, მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (მხვერპლის სხეულის დაზიანება) შორის პირდაპირ და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.

ამრიგად, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმისტრაციულ ორგანოს – უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობით (დაეცვათ ე.ბ.-სა და მისი შვილის უსაფრთხოება) და უმოქმედობით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება.

– „ მიმაჩნია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და მნიშვნელოვანი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის. ხშირად ხდება, რომ შსს-სა და საპატრულო პოლიციის უმოქმედობის შედეგად ხდება ფემიციდის შემთხვევები ან მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს საქმე უნდა იყოს პრევენციული შსს-ს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც არ იჩენენ ემპათიას ძალადობის მსხვერპლების მიმართ და მხარდაჭერას უცხადებენ მოძალადე პირებს.ამბობს საფარის იურისტი ელისო რუხაძე.