ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა

კერძო სექტორი და ეკონომიკური ძალადობა ოჯახში

 ბაია პატარაია

ოჯახში ძალადობა ბევრი ფორმის არსებობს. როდესაც ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენედება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საქართველოში სქესობრივ ძალადობაზე თითქმის არ საუბრობენ, რადგან ეს ტაბუირებული თემაა და ბევრს მიაჩნია, რომ ქმარს ცოლისაგან ნებართვა არ სჭირდება სქესობრივ აქტზე. ასეთივე ნორმალიზებულია ეკონომიკური ძალადობაც, ვინაიდან კაცი ითვლება ოჯახის უფროსად, ოჯახის ფინანსებსაც ის განკარგავს და არა მხოლოდ საკუთარს, არამედ ხშირად ცოლის ნაშოვნ ფულსაც.

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ რჩებიან ძალადობრივ ურთიერთობებში ქალები, არის ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე. ქალები ხშირად არ ფლობენ უძრავ ქონებას, რადგან ის მემკვიდრეობით მხოლოდ ვაჟებს გადაეცემათ. კანონით ასე არ არის, მაგრამ ტრადიციით ასეა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს არ აქვს სახლი, სადაც ის წავიდოდა თავის შვილებთან ერთად, ხშირად, მას ასევე არ აქვს სამსახური, რადგან შვილების აღზრდა საქართველოში მხოლოდ ქალების მოვალეობად ითვლება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქმარი ცოლს უშლის დასაქმებას. საბოლოო ჯამში ვიღებთ მსხვერპლ ქალს, რომელსაც არ აქვს სახლი, სამსახური, სამაგიეროდ მას შეიძლება, ჰქონდეს ვალები, რომელთა აღებაც მოძალადემ აიძულა. ასეთ დროს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში კერძო სექტორს ბევრის გაკეთება შეუძლია.

როდესაც ქალი დააპირებს განქორწინებას ძალადობის გამო, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ეკონომიკურად რთულ ვითარებაში. ამიტომ, მას სჭირდება ფინანსური რჩევები, რისი შეთავაზებაც ბანკებს შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლიდან წასვლამდე ქალმა შეაგროვოს ფინანსური ინფორმაცია საკუთარ ოჯახსა და ქმარზე, მაგალითად, თუ მათ აქვთ საერთო ანგარიშები, უნდა გაიტანოს ფული ამ ანგარიშებიდან, რასაც მოგვიანებით გამოიყენებს პირველადი ხარჯების დასაფარად. ბანკებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ვალის დაფარვასა და აღებაში: ბანკს შეუძლია, განსხვავებულად შეხედოს იმ ვალს, რომელიც ძალადობის ნიადაგზე დაეკისრა ქალს, რათა მსხვერპლს არ გაუფუჭდეს საკრედიტო ისტორია. ასევე, საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე გაიცემა ხოლმე უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი სესხები, რათა ქალმა შეძლოს ეკონომიკურად ფეხზე დადგომა და ჰქონდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

ოჯახში ძალადობის ეკონომიკურ ზიანთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება როგორც ქალებისათვის, ისე – მოზარდი გოგოებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებმა იცოდნენ ოჯახში ძალადობის ეკონომიკური ეფექტები, რათა შეძლონ, მსხვერპლებს აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება და კონსულტაცია, როგორც სპეციფიკური პრობლემის მქონე მოწყვლად ადამიანებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და კერძო ბიუროკრატია ხელს არ უწყობდეს იმ ეკონომიკურ ზიანს, რაც თან ახლავს ოჯახში ძალადობას და განქორწინებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ეს ორგანიზაციები კონსულტაციით ეხმარებოდნენ მსხვერპლს და არ ტოვებდნენ მას ბაზისური საჭირობების დაკმაყოფილების გარეშე. თუ ჩვენ გვსურს, ეფექტურად ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას, მხოლოდ სამართალდამცავების იმედად ვერ ვიქნებით. უნდა შეფასდეს ის ზიანი, რაც ძალადობის მსხვერპლს ადგება და ამ ზიანის შემცირებაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო სექტორი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში მსგავსი მიდგომა და პოლიტიკა არ არსებობს, მაგრამ დროა, ამ მიმართულებითაც დაიწყოს მუშაობა.

 

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.