სექსუალობა / სტატიები

ლილითი – კაცის ძალაუფლებასთან მებრძოლი პირველი ქალი

შესაძლებელია, რომ ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ ედემის ბაღში გაჩენილიყო? ყოველ შემთხვევაში, ბიბლიიდან მოკვეთილ ბევრ ძველ ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა ადამიც და მისი ქალიც მიწისგან ერთდროულად შექმნა. კაბალას მთავარ წიგნში სეფერ ჰა-ზოჰარში (Sefer Ha-Zohar), ანუ ბრწყინვალების წიგნში, რომელიც მე-13 საუკუნეში მოშე დე ლეონმა შექმნა (Moses de Leon) და ბენ სირას (Ben Sirah) ანბანში – შუასაუკუნეებში შეკრებილი წერილების კრებულში, საუბარია მსოფლიოში პირველ დაუმორჩილებელ ქალზე. ძველი სამყაროს ისტორიებით გაჯერებულ ამ წიგნში ნათქვამია, რომ ლილითი (Lilith) ადამის პირველი ცოლი იყო, ევამდე.

ბიბლიის შესაქმეს წიგნის 1: 27 თავში ვკითხულობთ, რომ „შექმნა ღმერთმა ადამიანი ხატად თვისად და შთაჰბერა სული“. შესაქმეს ეს ფრაგმენტი შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ღმერთმა ამ დროს ქალიც შექმნა და კაციც. თუმცა, იგივე შესაქმეში, 2: 21-22 თავში, კონკრეტულად ქალის შექმნის ისტორიაა აღწერილი. აქ ნათქვამია, რომ ადამს უფალმა ღრმა ძილი მოუვლინა და სანამ მას ეძინა, ერთ-ერთი ნეკნი გამოაცალა, რათა მისგან ქალი შეექმნა. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ქალი, სახელად ევა, ლილითის შემდეგ ადამის მეორე ცოლი ყოფილიყო. ამ დროისათვის ადამის ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხებულ ლილითს სამოთხის ბაღი დატოვებული ჰქონდა.

ლილითის ამბოხი ძველ ტექსტებში მჭიდროდ უკავშირდება სქესთა თანასწორობის თემას. აქ პირველქმნილი ცოდვა ლილითის ამბოხთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობისთვის სერიოზული შედეგები მოიტანა.

ამ ტექსტების თანახმად, ადამმა სექსის დროს ლილითს მის ქვემოთ დაწოლა უბრძანა. ლილითმა მას თანასწორობაზე მიუთითა და ადამს შეახსენა, რომ უფალმა ისინი ორივე ერთდროულად და ერთი მასალისგან შექმნა. ადამის მბრძანებლური მიდრეკილებებით აღშფოთებულმა ლილითმა სამოთხის ბაღი დატოვა და ღმერთის სახელის ოთხი აკრძალული წმინდათაწმინდა ბგერა წარმოთქვა. ამ წმინდა სიტყვის გაჟღერების შემდეგ, მას ვეება ძალაუფლება მიენიჭა, ფრთები შეისხა და ცაში აფრინდა.

ბენ სირას ისტორია იგივე ნარატივს აგრძელებს. მისი მიხედვით, ლილითს თავად ღმერთმა სამი ანგელოსი გაუგზავნა, რათა იგი ედემის ბაღში, ქმართან დაბრუნებაში დაერწმუნებინა, თუმცა ლილითმა ამაზე ცივი უარი განაცხადა. ამის შემდეგ, უფალმა მას ანგელოსების პირით კიდევ ერთი დანაბარები გადასცა: „თუ ქმართან დაბრუნებას დათანხმდები, ხომ კარგი, თუ არა და ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდება“. ამ პირველქმნილი ამბოხის შედეგად იშვა კაცობრიობის მოკვდავობის თემა, მხოლოდ არა აკრძალული ხილის შეჭმის შედეგად, რადგან კაცობრიობის პირველმა დედამ, მიუხედავად ღმერთის გაფრთხილებისა, ქმართან დაბრუნება არ ისურვა. ადამიანები ყოველდღიურად სწორედ ამიტომ კვდებიან. ახლა, ბიბლიაში მოცემული სხვა ნარატივის წყალობით, ეს ისტორია დაუჯერებლად მოჩანს. როგორ დაკარგავდა ლილითი ბავშვებს, თუ იმ დროს ერთადერთ კაცთან დაწოლაზე უარი განაცხადა? შესაძლოა, ამის პასუხი მეცნიერების ახალ აღმოჩენებშია მოცემული, რომლის თანახმადაც, პირველქმნილ ქალს ბავშვის ჩასახვა-გაჩენა დამოუკიდებლად შეეძლო.

ბართოლინის ჯირკვლები, რომელიც დღეს ქალის ეაკულაციაზეა პასუხისმგებელი, ოდესღაც სპერმის იმდენ რაოდენობას გამოიმუშავებდა, რომ ქალის ორგანიზმს შიგნითვე შეეძლო კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ამ თეორიას აქტიურად ავითარებდნენ კარტეზიანელები, რომელთა თანახმადაც, ლილითს ბავშვების ყოლა ადამთან თანაყოფის გარეშეც მშვენივრად შეეძლო. თუმცა, სხვა ძველი ტექსტები ლილითს ეშმასთან წილნაყარობაში სდებენ ბრალს, რის შედეგადაც, მას შვილების ყოლა შეეძლო. მაგრამ, მას რომ მართლაც ეშმასთან ჰქონოდა კავშირი, მაშინ ღმერთის გაფრთხილება შვილების დაკარგვასთან დაკავშირებით რატომ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქმრის ავტორიტეტის დაუმორჩილებლობის მიზეზით და არა იმით, რომ ლილითი ქმარს ეშმასთან ღალატობდა? სად ჰპოვა მან თავშესაფარი ქმრისგან გამოქცევის შემდეგ? რატომ აფრინდებოდა იგი ცაში მაშინ, თუ სამოთხის ბაღიდან გასვლისას სხვა საყვარელი ჰყავდა? მისი ამბოხი აზრს ხომ არ კარგავს, ქმრისთვის ეშმასთან რომ ეღალატა? ამ ყველაფერზე ძველი ტექსტები დუმან.

მიუხედავად  ყველაფრისა, თეზისში ადამის ცოდვაზე, რომელსაც პირველქმნილ ცოდვას უწოდებენ, შესაქმეს წიგნში უკეთ არის გადმოცემული ედემის ბაღიდან გაძევებისა და გველის მიერ ევას ცდუნების ისტორია. ტერმინი „ადამის ბიბლიური ცოდვა“ მთელს კაცობრიობას ეხება შექმნის დღიდან, კაცსაც აღნიშნავს და კაცობრიობასაც.

მართალია, ებრაული და ქრისტიანული ტრადიცია შესაქმის წიგნის ავტორობას მოსე წინასწარმეტყველს მიაწერს, მაგრამ სინამდვილეში მისი ავტორი უცნობია; ისტორიული და არქეოლოგიური კვლევების ვარაუდით, ტექსტში არსებული ურიცხვი ანაქრონიზმისა და შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ტექსტი რამდენიმე პიროვნების მიერაა შექმნილი, ძვ. წელთაღრიცხვის მე-8-მე-2 საუკუნეებში. გარდა ამისა, სხვადასხვა წმინდა ისტორიის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა გაკეთდა მე-8 -მე-10 საუკუნეებში, მიდრაშზე (მიდრაში – ზეპირსიტყვიერი თორას ნაწილი, რომელიც წერილობით თორასთან ერთად ებრაულ ტრადიციაში შედის) დაყრდნობით.

ბიბლიური ტექსტის ტრადიციული გაგება პშატად (სიტყასიტყვითი მნიშვნელობა), რემეზად (ქარაგმული აზრი), დრაშად (ეგზეგეტიკური აზრი) და დერნად (მისტიკური მნიშვნელობა) იყოფა. მიდრაში რემეზასა და დრაშზე ფოკუსირდება. ეს წმინდა წერილის ალეგორიების, მეტაფორების, ანალოგიებისა და ჰემატრიის მეშვეობით ცალკეული ასოებისა და ფრაზების ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ამ საღვთისმეტყველო სავარჯიშოს ბოლოს, ქრისტიანული ბიბლიის არაკანონიკურ წიგნებში ლილითი ადამის პირველ ცოლადაა დასახელებული.

ამ ტექსტების თანახმად, ლილითის დემონიზაცია მოგვიანებით მოხდა, მეორე ქალის შექმნის შემდეგ, როგორც ეს შესაქმეს 2: 21-22 თავშია ნათქვამი.

ზოჰარისა და ბენ სირას თანახმად, ლილითი განარისხა იმ ფაქტმა, რომ იგი ადვილად ჩაანაცვლეს ევათი. ლილითი რისხვის განსახიერებად იქცა, რათა ადამის მოდგმისთვის ტანჯვა მიეყენებინა. იგი სუკუბუსად (succubus) გადაიქცა, ახალგაზრდა კაცების მაცდუნებელ და დამღუპველ ვამპირად. იგი დევნის ქალებსაც და კაცებსაც, კლავს ახალშობილებს (ჩვილებს და მოზრდილებს ხელზე კაბალას წითელ ლენტს აბამდნენ, რათა ისინი ბოროტებისგან დაეცვათ). სუკუბუსს სექსი ჰქონდა როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან. შესაბამისად, იგი პირველი ლესბოსელი იყო, ბევრად უფრო ადრეული, ვიდრე ბერძენი პოეტესა საფო კუნძული ლესბოსიდან.

ძველ აღთქმაში ლილითი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში (34.14). თარგმანებში მას ხშირად უწოდებან ლამიას (Lamia) – ღამის არსებას, ან ლეილას (Leila). ლილითის პროტოტიპი ძველ ეგვიპტურ, შუმერულ, ბაბილონურ და ბერძნულ მითოლოგიებშიც გვხვდება. ბაბილონელები მას უზადო მშვენიერების ქალად გამოსახავდნენ, ჭოტების გარემოცვაში, რომელიც ჯადოსნობის სიმბოლოა. დასავლეთში, მისი სახელი პოპულარული იყო საიდუმლო საზოგადოებებში. ლილითი ეზოთერიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ავტორი: Hubert Marlin Elingui Jr.

წყარო: flashmag.tv