ეკონომიკური ძალადობა

რა არის ეკონომიკური ძალადობა?

ეკონომიკური ძალადობა გენდერული და ოჯახში ძალადობის ფორმაა, თუმცა ის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად რჩება.

აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად, ეკონომიკური ძალადობა ქალებზე ხორციელდება ყველა სოციო-ეკონომიკურ დონეზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 94-99%-ს მიემართება.

ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. რაც მთავარია, ეკონომიკური ძალადობის შედეგად, ქალი ეკონომიკურად დამოკიდებული ხდება მოძალადეზე. ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რატომაც ქალები ვერ წყვეტენ ურთიერთობას მოძალადე პარტნიორთან და რჩებიან ძალადობრივ ურთიერთობაში. საინტერესოა ასევე ის გარემოება, რომ ქალთა ეკონომიკური გააქტიურება და დამოუკიდებლობა წარმოადგენს
საფრთხესაც, რადგან იზრდება კაცის მხრიდან ოჯახში განხორციელებული ძალადობა ქალის დამორჩილების მიზნით. შესაბამისად, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. ეკონომიკურ ძალადობას ძალიან ხშირად მიმართავენ მოძალადეები, რადგან მათთვის ეს
ერთგვარი ტაქტიკაა, გააკონტროლონ მსხვერპლი და დატოვონ ის ძალადობრივ ურთიერთობაში; ამის მისაღწევად, მოძალადეები მიმართავენ მრავალ ხერხს, რათა შეინარჩუნონ კონტროლი მსხვერპლზე.

 

ეკონომიკური ძალადობის ფორმები და შედეგები

ეკონომიკურ ძალადობას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ძალადობას ხშირად განიხილავენ, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას, მკვლევარები მაინც გამოყოფენ საინტერესო ტენდენციებს, რომელიც დამახასიათებელია ეკონომიკური ძალადობისათვის. მაგალითად, კვლევებში აღმოჩნდა, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას, ხოლო სტუდენტები – ნაკლებად, რადგან ისინი, როგორც წესი, არ ცხოვრობენ პარტნიორებთან ერთად, შესაბამისად, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არც მუშაობენ. ასევე, იგივე კვლევის საინტერესო მიგნებაა, რომ ქალები, რომლებიც პარტნიორზე მეტს გამოიმუშავებენ, უფრო ხშირად ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი, განსაკუთრებით – ტრადიციული და არაეგალიტარული ღირებულებების მქონე ოჯახებში.

კვლევები აჩვენებს, რომ ეკონომიკური ძალადობა განქორწინების ან წყვილის განცალკევების მერეც გრძელდება და არის იძულებითი კონტროლის ერთ-ერთი სახე, რომელიც ყველაზე ხშირად მოიცავს:

• ფულის ხარჯვას მსხვერპლის პირადი ან საერთო საბანკო ანაგრიშიდან;
• გადასახადების წარმოებას მსხვერპლის სახელზე;
• საერთო საკუთრების გაყიდვის დროში გაწელვას;
• პირადი ნივთების მოპარვას ან დაზიანებას;
• მსხვერპლის დასაქმებაში ან სამსახურის შენარჩუნებაში ხელის შეშლას;
• მსხვერპლის ჩათრევას განგრძობით სასამართლო დავებში, რაც ფინანსურ
ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ეროვნული კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (NCADV) ასევე გვთავაზობს ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმების ჩამონათვალს, კერძოდ:

• მუშაობაში ხელის შეშლა შემავიწროებელი ქცევით, როგორიცაა ხშირად დარეკვა და მოულოდნელევი ვიზიტები სამსახურში და სხვა;
• მსხვერპლისთვის ფულის არმიცემა და ფულის მოპოვებაში ხელის შეშლა იმ დონეზე, რომ მსხვერპლი სრულიად დამოკიდებული ხდება მოძალადეზე საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით;
• მსხვერპლისთვის მუშაობის ან სწავლის აკრძალვა, ან მისი ისეთ აქტივობაში ჩართვა, რაც შეუძლებელს ხდის მუშაობას ან სწავლას;
• საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, პირადი ჰიგიენის საშუალებების ან წამლის მიზანმიმართულად არმიცემა;
• მსხვერპლისთვის ფულის მოპარვა, მისი ფულის, აქტივების ან ფინანსური სახსრების თაღლითურად, პირადი მოგების მისაღებად გამოყენება ან/და ექსპლუატაცია;
• მსხვერპლის მიერ ფულის ხარჯვის გამამართლებელი მიზეზების მოკითხვა და მისი დასჯა ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობის გზით;
• მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან განადგურება;
• მსხვერპლისათვის პირადი საბანკო ანგარიშის ფლობის აკრძალვა;
• სამსახურში ლგბტ პირისთვის მისი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარა;
• სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის არგადახდა;
• მსხვერპლის იძულება, აიღოს კრედიტი, შემდგეგ კი მისი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება და მომავალში კრედიტის აღების შესაძლებლობის მოსპობა.

ვინაიდან ეკონომიკური ძალადობის განხორციელებას არ სჭირდება ფიზიკური სიახლოვე, ის ხშირად განგრძობადია და შეიძლება, გაძლიერდეს წყვილის განცალკევების შემდეგაც და სერიოზული პრობლემები შეუქმნას მსხვერპლს, რომელიც ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას; ასევე, ხშირად მსხვერპლს მოძალადის გამო რჩება ვალები და გაფუჭებული
საკრედიტო ისტორია.

ამასთან, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეკონომიკური ძალადობისთვის.

ეკონომიკური ძალადობისათვის გადამწყვეტ როლს ასრულებს ფინანსური დამოუკიდებლობა. თუმცა, აღსანიშნავია ის სოციალური სტრუქტურებიც, რომელიც ხელს უწყობს ან ამწვავებს ეკონომიკურ ძალადობას, მათ შორისაა:

• კულტურული ნორმები, კაცებისათვის მინიჭებული პრივილეგიები და სტრეოტიპები ქალების მიერ ფულის განკარგვის უნარების შესახებ;
• სისტემური ხარვეზები, სოციალური გარანტიების მოშლა, საკუთარი უფლებების დაცვაში არსებული ბარიერები, ბიუროკრატიასთან გამკლავების სირთულეები;
• გენდერული უთანასწორობა, ქალების მაღალი მოწყვლადობა ძალადობის მიმართ და მათი დაბალშემოსავლიანობა.
ეკონომიკური ძალადობის ამ ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორების გარდა, ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
• კაცების მიერ დომინირებული ძალაუფლების იერარქიის არსებობა;
• ქალების ეკონომიკური დამოკიდებულება არის ნორმალიზებული, ინტერნალიზებული და გაძლიერებული საზოგადოების მიერ;
• ქალებს ასწავლიან, რომ კაცებს უკეთ შეუძლიათ ფულის და ფინანსების მართვა;
• შრომით ურთიერთობებში გამოვლენილი პრობლემები: ქალებისთვის ნაკლები ანაზღაურების გადახდა; მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ქალების არდასაქმება;
• ნაკლებ შესაძლებლობა, იყვნენ დასაქმებულები სრულ განაკვეთზე; ქალის აუნაზღაურებელი ზრუნვითი საქმიანობით დატვირთულობა შინ; ქალების მრავალმხრივი დისკრიმინაცია.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ძალადობას აქვს ძალიან სერიოზული გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური ძალადობა, ისე როგორც ძალადობის სხვა ფორმები, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ
ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე. გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ექსპლუატაცია მუდმივ სტრესში ამყოფებს ადამიანს, ის ასევე საშუალებას უსპობს ქალს, თავი დააღწიოს ძალადობრივ ურთერთობას და ხშირად ასეთი ქალი ბავშვებითურთ ეკონომიკურად
დამოკიდებული ხდება სახელმწიფო პროგრამებსა და დახმარებაზე.

ეკონომიკურ ძალადობას მძიმე შედეგებამდე მივყავართ და სერიოზულ კვალს ტოვებს როგორც ქალების, ასევე – ბავშვების ცხოვრებაზე. ეკონომიკური ძალადობის სავალალო შედეგებია შემდეგი:

• ეკონომიკური ძალადობა დროში გახანგრძლივებული პრობლემაა, ის ხშირად იწვევს მსხვერპლის საკრედიტო ისტორიის გაფუჭებას და გრძელდება წყვილის განცალკევების შემდეგაც (მაგალითად ალიმენტის არგადახდით). სახელმწიფო პროგრამების უმეტესობა ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს;
• ეკონომიკური ძალადობა ცუდად აისახება ბავშვებზე, ვინაიდან ქალზე ეკონომიკური ძალადობა შესაძლოა იწვევდეს ბავშვების გაღარიბებას და სოციალურ გარიყულობასაც კი, რადგან ისინი ვეღარ მონაწილეობენ კლასგარეშე აქტივობებში;
• ეკონომიკური ძალადობა აუცილებლად იწვევს სიღარიბეს. ქალებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ძალადობასა და სიღარიბეს შორის. ძალადობრივ ურთიერთობაში დარჩენას ძალადობის მსხვერპლი ქალები სწორედ ეკონომიკური ძალადობის და
პრობლემების გამო არჩევენ.

უფრო დაწვრილებით ეკონომიკური ძალადობის შესახებ იხ. საფარის კვლევაში ეკონომიკური ძალადობა – შეუსწავლელი პრობლემა