ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ეს ჩანაწერი ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს იმის გარანტიას, რომ მიუხედავად რაიმე ნიშნით განსხვავებულობისა, მას მოეპყრობიან თანასწორად.
თანასწორობის მნიშვნელობა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაციობრიობა საბოლოოდ მიხვდა თანასწორობის მნიშვნელობას და გადაწყვიტა ამ პრინციპის საყოველთაოდ აღიარება. გაეროს გენერალური ასაბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“პირველივე მუხლი აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.
მაგალითად, შეუძლებელი იქნებოდა ალექსანდრე დიუმა გამხდარიყო მწერალი და შეექმნა ისეთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორებიცაა „სამი მუშკეტერი,“ „გრაფი მონტე კრისტო“ და სხვა, თავისი კანის ფერის გამო რომ განედევნათ და მონად გაეყიდათ. ასევე მსოფლიო დაკარგავდა მთელ როკ-ეპოქას, ფრედი მერკური საკუთარი ეროვნების ან სექსუალური ორინეტაციის გამო საზოგადოებას რომ გაერიყა და შემოქმედებით პროცესში ხელი შეეშალა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება. იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რაზეც მიუთითებს მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან.“ თანასწორობის პრინციპზე საუბრობდა ასევე იაკობ გოგებაშვილი: „თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას…ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით ნაკარნახებმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს.“
თანასწორობა და ტოლერანტობა
თანასწორობის ცნებასთან მჭიდრო კავშირშია ტოლერანტობის ცნებაც. როგორც 1995 წლის 16 ნოემბერს UNESCO-ს ინიციატვით გაეროს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციაშია აღნიშნული, „ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.“
ამავე დეკლარაციის თანახმად, ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა,მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
ყოველი წლის 16 ნოემბერს მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
დისკრიმინაციის აკრძალვა
თანასწორობის ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ყველა დიფერენციაცია (განსხვავებული მოპყრობა) არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა უსინათლო პირებისთვის არ ჩაითვლება თანასწორობის უფლების დარღვევად, რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური მიზანი.
დასაწყისში ვახსენეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩანაწერი, რომელიც ერთი შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი გახსნილია და მასში მოიაზრება დისკრიმინაციის ყველა ნიშანი.
არსებობს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ან რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. მაგალითად, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლებას მისცემენ მხოლოდ მამაკაცებს და არ მისცემენ ქალებს, სქესის გამო ან თუკი საქართველოში მიწის შესყიდვის უფლება ექნებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით. მაგალითად, ირიბი დისკრიმინაციაა, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლა ეკრძალებათ ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ კაბა. ამ შემთხვევაში გვექნება არა სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია, არამედ ირიბი დისკრიმინაცია სქესის გამო, რადგან ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ქალებს აცვიათ კაბა, შესაბამისად ეს წესი გავლენას მხოლოდ ქალებზე მოახდენს. ირიბი დისკრიმინაციის კიდევ ერთი მაგალითია რომელიმე დაწესებულებაში, მაგალითად საჯარო სკოლაში თავსაბურავის ტარების უფლების აკრძალვა. ეს წესი მართალია ერთი შეხედვით ნეიტრალურია და ყველა პირზე თანაბრად ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფით გავლენას ახდენს (და არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მათ) მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე სურთ თავსაბურავის ტარება (მაგალითად მუსლიმები). შესაბამისად, ეს არის ირიბი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.
მნიშვნელოვანია თანასწორობა გაიმიჯნოს გათანაბრებისგან, ეს უკანასკნელი თავად ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, ვინაიდან თანასწორობა ნიშნავს შესაძლებლობების თანასწორ უზრუნველყოფას, რაც ადამიანებს მისცემს ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციის საშუალებას. თანასწორობის იდეის თანახმად, სახელმწიფო არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა მოეპყრას თანასწორად. აღნიშნულის დარღვევაც წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას. მაგალითად, თუ თვითმმართველობის ორგანო გამოაცხადებს კონკურსს ქალაქში ტროტუარების მოპირკეთების შესახებ და აღნიშნული პროექტით არ გაითვალისწინებს ე.წ. პანდუსების განთავსებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ამით ის დაარღვევს თანასწორობას, რადგანაც პროექტის განხორციელებით მოპირკეთებული გზა თითქოსდა ყველა ადამიანისთვის იქნება, თუმცა მისით ვერ ისარგებლებენ შშმ პირები. ამ შემთხვევაში შშმ პირები და ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება არ წარმოადგენენ თანასწორ პირებს მათი განსხვავებული შესაძლებლობების გამო, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მათი განსხვავებული საჭირობები და მოეპყრას განსხვავებულად.
მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ განსხვავებულობის არც ერთი ნიშანს, იქნება ეს რასა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით. ნებისმიერი დისკირმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის საფუძველზე ხდება ის, თანაბრად აკრძალულია.
თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინიციპის გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.
ვის მივმართო დახმარებისთვის დისკრიმინაციის შემთხვევაში?
„კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა და თერთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი), კავშირი „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და თანასწორობის მოძრაობა. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. 2015 წელს, ახლადდაფუძნებულმა „კოალიციამ თანასწორობისთვის” და საქართველოს სახალხო დამცველმა ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ 2014 წლიდან უწევს სამართლებრივ დახმარებას დისკრიმინაციის მსხვერპლებს. კოალიციაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმები.
თუ მიგაჩნია, რომ გახდი უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი ან თუ გსურს, გაარკვიო, რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციას, მიმართე „კოალიციას თანასწორობისთვის” ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.
კავშირი “საფარი” “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციაა და იგი ყოველწლიურად მუშაობს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საკითხებზე, ამზადებს ანგარიშებს კოალიციის ფარგლებში და აწარმოებს საქმეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.