15 დეკემბერს გაეროს სააგენტოების ჯგუფმა საქართველოში ჩაატარა პირველი ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “საფარი”. კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და ქალთა მიმართ ძალადობის, კონკრეტულად კი ფემიციდის აღმოფხვრის გზების ძიებაზე.
“საფარის” სახელით კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, ნათია გამხიტაშვილი. ბაია პატარაიამ ისაუბრა სქესობრივი დანაშაულებებისადმი მიძღვნილ პანელზე და ყურადღება გაამახვილა გაუპატიურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შეგახსენებთ, რომ არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა შესაბამის მუხლს გარეთ ტოვებს მთელ რიგ შემთხვევებს, რომლებიც, ფაქტობრივად არის გაუპატურება. ამ მუხლის საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგალითად, სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისითაც: იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომლის შესრულების ან/და შესრულების მზაობის შემხვევაში ევროკავშირის წვრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაცაა.
რაც შეეხება ნათია გამხიტაშვილს, მან მონაწილეობა მიიღო ფემიციდთან დაკავშირებულ პანელში. გამხიტაშვილმა ისაუბრა ხანუმ ჯეირანოვასა და მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეებზე, რომლებიც გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაეროს ქალთა კომიტეტსა (CEDAW) და ადამიანის უფლებათა ეოროპულ სასამართლოში მოვიგეთ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში “საფარმა” მოაწყო პერფორმანსიც. პერფორმანსის მიზანი იყო შეკრებილი საზოგადოების ყურადღების გამახვილება გაუპატიურების ხარვეზიან კანონზე.
*საფარის წარმომადგენლებმა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის ფარგლებში, საფარი გაუპატიურების კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე აკეთებდა ადვოკატირებას.