დიდ ბრიტანეთში, ქალებში 70-დან ერთს, კაცებში კი 1000-დან ერთს ჰიპოთირეოზის სიმპტომები აქვს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ასე ფართოდაა გავრცელებული, ძალზე ძნელია როგორც მისი დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა.
ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, წონის მატებით, გადაღლილობის მაღალი ხარისხით, სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობით ხასიათდება.
დოქტორი ენტონი ტოფტი (Anthony Toft), ბრიტანეთის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი, ფარისებრ ჯირკვალს ავტომობილის გაზის პედალს ადარებს. იგი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სისწრაფის მარეგულირებელ ჰორმონებს გამოყოფს. თუ ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად აქტიურია, ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა შენელდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა წონაში მატებისა, ჩვენ ვიგრძნობთ სიცხის ან სიცივის მიმართ მომატებულ აღქმადობას, უღონობას, დაგვემართება ყაბზობა, გაგვიუარესდება განწყობა და დაგვიქვეითდება მგრძნობელობა.
ამ პროცესში ძირითადი მონაწილეებია რკინის მასტიმულირებელი ჰორმონები: თირეოტროპული ჰორმონი, თიროქსინი და ტრიიოდთირონინი, რომელსაც ჰიპოფიზი გამოყოფს და რომელიც ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას ასტიმულირებს.
თუ ჩვენ ჰიპოთირეოზის სიმპტომები გვიჩნდება, ექიმები სისხლის ანალიზს გაგვიკეთებენ თირეოტროპული ჰორმონის მომატებისა და ტრიიოდთირონინის დაქვეითების დასადგენად. თირეოტროპული ჰორმონის სიჭარბე იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ადამიანის ტვინში განთავსებული ჰიპოფიზი ფარისებრ ჯირკვალს სიგნალს უგზავნის, რომ მეტი ჰორმონი ტრიიოდთირონინი გამოიმუშაოს, მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო, იგი ამას ვერ აკეთებს.
ამ შემთხვევაში, ჰიპოფიზი თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობას ზრდის, მაგრამ ტრიიოდთირონინის დონე კვლავ დაბალი რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმი ფარისებრი ჯირკვლის მეტ ჰორმონს ითხოვს, მაგრამ ჯირკვალი ამ თხოვნას აიგნორებს, რის შედეგადაც ჰიპოთირეოზი ყალიბდება.
ამ შემთხვევაში, პაციენტს ნატრიუმის ლევოთიროქსინის მიღებას უნიშნავენ, რომელიც დაავადების სიმპტომების უმეტესობას აქრობს და პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
მაგრამ, თუ ყველაფერი ასე მარტივად ხდება, რატომ არის უკმაყოფილო ამდენი პაციენტი?
ერთ-ერთი პრობლემა ჰიპოთირეოზზე სისხლის ანალიზის ჩატარების საერთოდ მიღებული, საერთაშორისო დიაპაზონების არარსებობაა. დოქტორი ტოფტის აზრით, ბრიტანელი ექიმები ზედმეტად სიტყვასიტყვით ასრულებენ დაწესებულ ნორმატივებს და არანაირად არ რეაგირებენ თირეოტროპული ჰორმონისა და ტრიიოდთირონინის დონეზე, თუ იგი ბრიტანეთში მიღებულ დიაპაზონს არ სცდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ისინი პაციენტებს ტრიიოდთირონინის სინთეტიკურ შემცვლელს უწერენ, ზოგიერთ პაციენტს კი დაავადების სიმპტომები არ უქრება. ეს იმით აიხსნება, რომ მართალია, თავად ფარისებრი ჯირკვალი სწორად მუშაობს, მაგრამ პაციენტის ორგანიზმი თიროქსინს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად – ტრიიოდთირონინად არ გარდაქმნის.
ამ შემთხვევაში, პაციენტს ჰორმონი თიროქსინის ტაბლეტის სახით მიღება შეუძლია, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს. „თიროქსინის ტაბლეტების ფასი ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. ორთვიანი კურსის ფასმა, შესაძლოა, 300 ფუნტს მიაღწიოს, თუმცა მათი წარმოება უიაფესი უჯდებათ“, – ამბობს დოქტორი ტოფტი.
შედეგად, ექიმები ასეთი ძვირიანი წამლების გამოწერისგან ხშირად თავს იკავებენ. ზოგიერთი პაციენტი წამლებს საზღვარგარეთ, ან ინტერნეტით იძენს. ეს სულაც არ არის იდეალური გამოსავალი, რადგან თიროქსინის ტაბლეტების მიღებისას, პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რადგან მას სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს.
რამდენადმე იაფი ჯდება საქონლისა და ღორის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისგან მიღებული ჰორმონული ბიოდანამატები, როგორც ტრიიოდთირონინის, ასევე თიროქსინის შემცველობით, მაგრამ, ტოფტი ამბობს, რომ ეს ბიოდანამატები არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ, მას უახლოეს მომავალში ფართო გაყიდვიდან ამოიღებენ.
შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს იმასთან შეგუება მოუწევს, რომ მისთვის სრულიად ეფექტური წამლები არ არსებობს. შესაბამისად, მან ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს.
წყარო: bbc.com