შვედეთის ძირითადად ქალებით დაკომპლქტებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც საკუთარ თავს „ისტორიაში პირველ ფემინისტ მთავრობას“ უწოდებს, ირანის პრეზიდენტთან ჰასან რუჰანისთან (Hassan Rouhani) შეხვედრაზე ჰიჯაბებითა და გრძელსახელოებიანი სამოსით გამოცხადდა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შვედეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით, ირანულმა ჯგუფმა My Stealthy Freedom, რომელიც სამოქალაქო თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვის, დიდი აღშფოთება გამოხატა.
„თქვენ თავი ისე მოგაქვთ, თითქოს ჰიჯაბი ტრადიციული, ირანული კულტურისთვის დამახასიათებელი თავსაბურავი იყოს, და სრულიად აიგნორებთ იმ ფაქტს, რომ იგი ჩვენი ჩაგვრის ინსტრუმენტია. სასაცილოა, რომ დასავლელი ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ფემინისტებს უწოდებენ, იმათ დაკრულზე ცეკვავენ, ვინც ქალებს ამცირებს“, – აცხადებს ჯგუფის დამფუძნებელი მასიჰ ალინეჯადი (Masih Alinejad).
მისი აზრით, ევროპელი პოლიტიკოსები მზად არიან, საკუთარი შეხედულებები სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას შესწირონ. აქტივისტები ასევე სიტუაციის ირონიულობაზე მიუთითებენ, როდესაც ევროპელი ფემინისტები ერთდროულად გამოდიან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ქალური სოლიდარობის სახელით ჰიჯაბზე უარის თქმისკენ მოწოდებას კი აიგნორებენ.
გარდა ამისა, შვედეთის ლიდერმა ქალებმა აინუნშიც არ ჩააგდეს ირანელი ქალების აქტივისტი ლიდერის მასიჰ ალინეჯადის მოწოდება, ირანის მონახულებისას შეენარჩუნებინათ ღირსება და შეხვედრაზე ჰიჯაბებით არ გამოცხადებულიყვნენ.
ალინეჯადმა ირანელი ქალებისთვის ფეისბუქზე გვერდი შექმნა, სადაც ჰიჯაბის მიმართ პროტესტის ნიშნად, ქალები თავსაბურავის გარეშე ჩნდებიან. დღესდღეობით, ამ გვერდს მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. „ევროპელი პოლიტიკოსი ქალები მატყუარები არიან, – ამბობს იგი, – ისინი ფრანგ მუსლიმ ქალებს მხარს უჭერენ და ბურკინის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, რადგან ფიქრობენ, რომ იძულება ცუდია, მაგრამ როდესაც იგივე ირანში ხდება, ისინი უბრალოდ ფულზე იყიდებიან. … როდესაც ისინი ჩემს ქვეყანაში მოდიან, იმ მილიონობით ქალს აიგნორებენ, რომლებიც თავს ყოველდღიურ საფრთხეში იგდებენ და საკუთარ ფოტოებს მიგზავნიან ჰიჯაბის გარეშე. ამ დროს, პირზე ღიმილიანი ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს „კულტურული თავისებურებაა“.
შაბათს თეირანში მომხდარი ამბავი მკვეთრ კონტრასტში მოდის პრემიერმინისტრის მოადგილის იზაბელა ლიოვინის (Isabella Lövin) მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციასთან. „ქალთა უფლებების საკითხში, მსოფლიოს ძლიერი ლიდერი სჭირდება!“, – წერდა იგი ტვიტერზე.
ვაჭრობის მინისტრი ლინდე (Linde), რომელმაც, თავით ფეხებამდე შეფუთულმა, ირანელ მინისტრებთან ერთად რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი, ვერანაირ კონფლიქტს ვერ ხედავს ადამიანის უფლებებს, პოლიტიკასა და იმ რეპრესიულ დიქტატურასთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას შორის, რომელიც პატიმრებს აწამებს, გეებს სდევნის და არასრულწლოვანთა ჯალათია.
UN Watch, შვედური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, იმედგაცრუებას გამოხატავს, რომ მისი ქვეყნის მთავრობამ საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა და ირანელი ქალების უფლებები ასე ადვილად გასწირა. მათი მხრიდან ჰიჯაბსა და გრძელ სამოსში გამოწყობა, ორგანიზაციამ ირანში არსებული დესპოტური და უსამართლო კანონებისთვის ქედის მოხრად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე ისინი „გენდერული თანასწორობის პერსპექტივას“ უჭერენ მხარს, შიდა პოლიტიკაში კი ქალსა და კაცს შორის გენდერული თანასწორობის მიღწევას უმთავრეს მიზნად ისახავენ.
„შვედეთის მთავრობა მართლა რომ ზრუნავდეს ადამიანის უფლებებზე, იგი იმ რეჟიმის შესაძლებლობების გაფართოებას ხელს არ შეუწყობდა, რომელმაც სირიის ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის გენოციდში ეხმარებოდა. იგი ქალთა უფლებებზე რომ ზრუნავდეს, ქალი მინისტრები არასოდეს ეახლებოდნენ ქალთმოძულე ირანს“, – აღნიშნავს UN Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰილელ ნოიერი (Hillel Neuer).
შვედეთის მთავრობა ცენტრისტმა და მემარცხენემ კანონმდებლებმა არანაკლები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მათი თქმით, მინისტრები „გენდერულ აპარტეიდს“ არ უნდა ექვემდებარებოდნენ.