სტატიები

ავღანელი ქალების ყოფა თალიბებამდე და თანამედროვეობაში

ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ქალთა მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ავღანელმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირდა.

ავღანეთში ქალთა საკითხი პირველად დაახლოებით 120 წლის წინ დაისვა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანას ემირი აბდურ რაჰმან ხანი (Abdur Rahman Khan) მართავდა. მან პირველმა მიიღო ზომები ადრეული და ძალადობრივი ქორწინებების წინააღმდეგ და ქალთა უფლებების კანონით გამყარებაც სცადა. ემირის ცოლი ავღანელ ქალებს პირად მაგალითს სთავაზობდა: არ ატარებდა ჩადრს, სასამართლო სხდომებზე ქმრის წარმომადგენელი იყო, ცხენით ჯირითობდა და აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამანულა ხანი და მისი ცოლი სორაია

აბდურ რაჰმან ხანს ქალებისთვის გაყრის ინიცირების უფლების მინიჭებაც ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, 1920-იან წლებში, ინგლისურ-რუსული შეთანხმების შემდეგ, რომელიც ავღანეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, აბდურ რაჰმანის შვილიშვილი, მმართველი ემირი ამანულა ხანი (Amanullah Khan), ავღანეთის მოდერნიზებას შეუდგა. მან ისეთი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები გაატარა, რომელიც ყველა ავღანელისთვის თანასწორი უფლებების გარანტია იყო. სოციალურმა ფორმებმა ქალებს და კაცებს დასავლური სამოსის ტარების შესაძლებლობა მისცა. ხანის ცოლი, დედოფალი სორაია (Soraya), ავღანელ ქალებს თავისუფლებისკენ მოუწოდებდა და მათ საკუთარ მაგალითს სთავაზობდა. 1926 წელს, სორაიამ ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის შესახებ განაცხადა: „არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალები კაცების მსახურებისთვის არიან შექმნილნი. ქალებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ, ავღანეთის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, ეს კი ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ განათლება“.

ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი სერაჯ ალ ბანეტი (Seraj al Banet) სორაიას სრულიად ეთანხმებოდა: „ცოდნაზე კაცების მონოპოლია უნდა შეწყდეს. ქალები იმას იმსახურებენ, რომ განათლება ჰქონდეთ“, – აღნიშნავდა იგი.

1920-იან წლებში ქალთა ემანსიპაციის პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიდიოდა და ამ მოძრაობაში ავღანელი ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 1921 წელს გოგონათა პირველი სკოლა, „მასტურატი“, გაიხსნა. მისი კურსდამთავრებული ქალები მომავალი მინისტრები, მმართველი საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების პროფესორები იყვნენ. 1923 წელს, ქალებს ქმრის არჩევის უფლება იურიდიულად მიენიჭათ. 1928 წელს, ავღანელი ქალების პირველმა ნაკადმა ქვეყანა თურქეთის სკოლებში განათლების მიღების მიზნით დატოვა. ერთ-ერთი მათგანი ტორონტოში ავღანური ქალთა ორგანიზაციის დამაარსებლის ადინა ნიაზის (Adina Niazi) დედა იყო. ადინა იგონებს: „დედაჩემი გრძნობდა, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ავღანელ ქალთაგან ერთ-ერთმა პირველმა, განათლების საზღვარგარეთ მიღება შეძლო“.

იმის გამო, რომ გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ავღანეთში ქალებს უმაღლეს განათლებაზე წვდომა გაეხსნათ, უკვე 60-იან წლებში ქვეყანაში უამრავი ქალი მასწავლებელი, ექიმი და მედდა გაჩნდა. ბევრი ქალი სწავლობდა ქაბულის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1960-იან წლებში, ქალებს ქაბულის ქუჩებში ჩადრისა და ფარანჯის გარეშე გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ, კაცების თანხლების გარეშე, უმაღლესი სახელმწიფო პოსტები ეკავათ. პირველი ქალი სენატორები 1965 წელს დანიშნეს.

1966-1971 წლებში, ისლამური იურისდიქციის მოსამართლის პოსტი 14-მა ქალმა დაიკავა. ამ პერიოდში უამრავი ქალი ტექნიკური სპეციალისტი, ადმინისტრაციული მოხელე გაჩნდა. ქალები აქტიურად ჩაებნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მუშაობაშიც. ისინი ყველა სფეროში გაჩნდნენ – პოლიციაში, ჯარში, ავიაკომპანიებში, საფეიქრო, კერამიკულ და კვებით წარმოებაში, კერძო ბიზნესში. 1973 წელს, ავღანეთს სათავეში მუჰამედ დაუდი (Mohammed Daud) ჩაუდგა. ამ დროიდან ჩნდებიან ფუნდამენტალისტი ექსტრემისტები, რომლებიც ხელისუფლებისა და მისი რეფორმების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან.

თუმცა, ქალების ზოგადი მდგომარეობა სავალალო არც 1980-იან წლებში ყოფილა, ე.წ. კომუნისტური მმართველობისა და ავღანეთში საბჭოთა ჯარების ყოფნის პერიოდში. ამ დროს, ქალებში წერა-კითხვის გამავრცელებელი სპეციალური პროგრამები მუშაობდა. მათთვის საგანგებოდ იქმნებოდა საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები, მათ საშუალო და უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღების საშუალებაც ჰქონდათ. გარდა ამისა, ავღანელი ქალები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, კაცების თანაბარი ხელფასით.

ეს ყველაფერი ავღანელი ქალების გაძლიერებასა და სოციალურ ჩართულობას უწყობდა ხელს. 1960-იანი წლების ავღანეთში, ქაბულელი ქალების ორ მესამედზე მეტს დასავლური სტილის სამოსი ეცვა. ავღანური პალტო მოდური ქაბულის სავიზიტო ბარათად იქცა.

საფია ტარზი სტუდიაში, ქაბული, 1969

ავღანური მოდის საკულტო ფიგურა ჟანა ბიჩერი (Jeanne Beecher) იყო. კომპანია Vogue Pattern Services-ის მხარდაჭერით, რომელსაც ცნობილი დიზაინერების მოდელების კოპირების უფლება ჰქონდა, ბიჩერმა სამკერვალო სკოლა შექმნა. 1969 წელს, ახალგაზრდა დიზაინერმა საფია ტარზიმ (Safia Tarzi) ჟურნალ Vogue-ის ყურადღება მიიქცია. ტარზიმ ქალისა და კაცის ჩაცმულობებს შორის საზღვრები წაშალა და აღმოსავლური და დასავლური სამოსის სინთეზი შექმნა. მან თავსაბურავი და ჟილეტები დასავლურ სტილთან გააერთიანა და ქვედაბოლოსა და ყელწინდებს შეუხამა. 1969 წელს Vogue-ის ცნობილი ნომერი გამოვიდა, სახელწოდებით „ავღანური ავანტიურა“, რომელშიც ავღანური მოდის ისტორია იყო წარმოდგენილი. მოცემულ ნომერში თავად საფია ტარზი გამოჩნდა. ნომრის გამოსვლის შემდეგ, ჟანა ბიჩერმა ავღანელ ქალებში დასავლური მოდის მიმართ დიდი ინტერესი აღმოაჩინა. მან ქაბულში სამკერვალო სკოლა გახსნა, რათა ადგილობრივი ქალებისთვის დასავლური სამოსის მოდელირება ესწავლებინა. იგი Vogue Pattern Services-ს შეუთანხმდა, რომ კომპანიას სკოლისთვის 200 მოდელი შეეწირა. კურსები 32-მა ავღანელმა დაამთავრა, რომლებიც ორი ამერიკელი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით სწავლობდნენ. სკოლამ 15 დიზაინერი მოამზადა. იმ დროისთვის, ეს ქაბულის მაღალი მოდისთვის დიდი გარღვევა იყო.

თუმცა, პროგრესის გზით მიმავალი ქვეყნის განვითარება სამოქალაქო ომმა შეაჩერა, რეჟიმის ცვლამ კი ავღანეთის სოციალურ-პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესის მიღწევები სულ მთლად გააცამტვერა. ასეულობით ათასი ავღანელი ქალი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. სამხედრო მოქმედებების შედეგად, ბევრი მათგანი დაიჭრა, დაიღუპა და დაქვრივდა. სიღარიბემ, სოციალურმა და იურიდიულმა დაუცველობამ, გადატანილმა ფსიქოლოგიურმა შოკმა წინა ათწლეულების ძალისხმევა მთლად ქარს გაატანა.

ქვეყანაში გენდერული თანასწორობას უკანასკნელი, გამანადგურებელი დარტყმა ხელისუფლებაში თალიბების მოსვლამ მიაყენა – შუასაუკუნეების რეჟიმის დამყარებამ, რომელიც შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გაგებას ეფუძნებოდა. 1994 წელს, თალიბები ყანდაღარში გამოჩნდნენ, 1996 წელს კი ქაბული აიღეს. მათ ქალებს „შარიათის კანონები“ მაშინვე თავს მოახვიეს, თუმცა ეს ყველაფერი „გენდერულ აპარტეიდს“ უფრო მიაგავდა.

შარბატ გულა – ავღანელი გოგონა National Geographic-ის 1985 წლის ყდიდან

მას შემდეგ, ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა ყველა სკოლა. ქალებს ყველა უფლება ჩამოერთვათ, რის მისაღწევადაც ათწლეულების განმავლობაში მედგრად იბრძოდნენ. ამიერიდან, მათ საკუთარი სახლიდან მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გასვლაც კი აეკრძალათ. აკრძალვები ჩაცმულობაზეც სათანადოდ აისახა: ქალი კვლავ თავით ფეხებამდე შეიფუთა ჩადრსა და ფარანჯაში. უამრავი ქალი დაატუსაღეს, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ისეთი „მორალური დანაშაულების“ გამო, როგორებიცაა „პროსტიტუცია“ და „ღალატი“. მათ თალიბი პოლიციელები ძალზე ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ კოჭი ან მაჯა უჩანდათ. დროთა განმავლობაში, ეს სასტიკი თალიბური კანონები ძლიერდებოდა და ქალებისა და გოგონების მიმართ სულ უფრო და უფრო სასტიკი შეზღუდვები მოქმედებდა. თალიბების მმართველობამ ქვეყანას ისეთი მძიმე დაღი დაასვა, რომ მისი კვალი დღემდე თვალსაჩინოა.

დღეს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, ავღანეთი ადამიანებით, უპირველესად ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება. ეს ქვეყანა ასევე მსოფლიოში  ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 44 წელია.

ორგანიზაცია Thomson Reuters Foundation-ის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალთა მაღალი სიკვდილიანობის, სამედიცინო სერვისებზე წვდომის არქონისა და ეკონომიკური უფლებების არარსებობის გამო, ავღანეთი ქალების სიცოცხლისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადგილად დასახელდა.

ამჟამად, ქვეყანაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის კერა თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, მაგალითად, ავღანეთში ადამიანის უფლებების დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების სხვა დარღვევების შემთხვევაში, სასამართლოს როლს ასრულებს და საერთო ინსტიტუციური ქსელის მაგალითია.

ახლა, ათასობით ავღანელი გოგონა დადის სკოლაში, ქალებისთვის კი პარლამენტში ადგილების 20%-ია განკუთვნილი. ქალებმა ისევ დაიწყეს მუშაობა შეიარაღებულ ძალებში, ქაბულის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შეფი ქალი გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თალიბების დესპოტიზმი და ქალების უფლებების სრული უგულებელყოფის ტენდენცია წარსულს ჩაბარდა, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანა მაინც გაცილებით ჩამორჩენილია, ვიდრე წინა საუკუნეში.