ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სტარტი აიღო კამპანიამ All Jobs for All Women. ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია ქალებისთვის აკრძალული პროფესიებისა და სამუშაოს იმ ჩამონათვალის გაუქმება, რომელიც ამ ქვეყნებს საბჭოთა მემკვიდრეობის სახით ერგოთ.
კამპანიის ფარგლებში, კამპანიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში ქალები პროფესიისა და საქმიანობის სფეროს არჩევითობის უფლებისთვის იბრძვიან: ელექტრომატარებლების მემანქანეობის, საზღვაო ხომალდებზე, სატვირთო ტრანსპორტში, მაღაროებში, სამშენებლო და საწარმოო სფეროებში, მეტროში მუშაობის, სიმაღლეზე მონტაჟისა და სხვ.
„სრულიად აბსურდულია ათეულობით ქვეყანაში მოქმედი კანონი, რომელიც, მაგალითად, ქალს სარეისო (ქალაქგარე) სამგზავრო ავტობუსის მძღოლობას იმ შემთხვევაში უკრძალავს, თუ მგზავრთა რაოდენობა 14-ს აღემატება. 14 შეიძლება და უკვე 15 – არა?“, – აღშფოთებულნი არიან აქციის ორგანიზატორები. მათი თქმით, ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ნუსხა საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი და შრომით სფეროში ქალის ღია დისკრიმინაციაა, რაც ფორმალურად „ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“ იყო შეფუთული.
„რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის პოსტსაჭოთა ქვეყნებში, ქალებისთვის კანონმდებლობა ასობით პროფესიას კრძალავს, მათ შორის პრესტიჟულსა და მაღალანაზღაურებადს“, – ნათქვამია კამპანია All Jobs for All Women-ის ვებგვერდზე. ეს აკრძალვები საბჭოთა კანონმდებლობიდან არის დაკოპირებული და პირდაპირ ფიგურირებს შრომის კოდექსებში. ამის გამო, ქალებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო სამსახურში მოწყობა სურთ, ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ეს პროფესიები მათთვის „მავნედ და სიცოცხლისთვის საშიშად“ არის აღიარებული. როდესაც ქალები თავიანთი უფლებების დაცვას ამ კანონის გასაჩივრებით ცდილობდნენ, – რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოები მათ მიუთითებდა ამ სამუშაოს „მავნებლობასა“ და სირთულეზე, რომ ეს სამუშაოები დიდ ყურადღებასა და ზუსტ რეაქციებს მოითხოვდა. ეს არგუმენტები მეცნიერულად სრულიად დაუსაბუთებელია.
კამპანიის ორგანიზატორები ამ აკრძალვებში ქალებისა და კაცების უფლებებში უთანასწორობის განმტკიცებისკენ სწრაფვას ხედავენ. „მიწის სიღრმეში, დიდ სიმაღლეზე ან ხმაურის პირობებში მუშაობა თითქოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ვნებს. ისინი ამ მუხანათი საბაბით იმართლებენ თავს, რომ პროფესიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაცია კი არა, დედობაზე ზრუნვის გამოხატულებაა, რაც არ შეიძლება, ჩაითვალოს თანასწორობის დარღვევად“.
ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გასაპროტესტებლად, კამპანიის მონაწილენი სამ არგუმენტს წარმოადგენენ:
- არ არსებობს მეცნიერული დადასტურება იმისა, რომ ქალის ჯანმრთელობისთვის აკრძალული საქმიანობები ზიანს აყენებს: რატომ უნდა იყოს მიწაზე მონტაჟი უსაფრთხო, ხოლო სიმაღლეზე – სახიფათო? რატომ არის შესაძლებელი ამწეს მართვა ხმელეთზე, ხოლო შეუძლებელი – საწყლოსნო პლატფორმებზე?
- ქალებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი: დედობა (ანუ რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზება, რომელიც ასე ადარდებს სახელმწიფოს), თუ პროფესიული წარმატება, ზღვაში გასვლა, სიმაღლეზე მუშაობა და ბევრი საინტერესო საქმიანობის ათვისება. თუ ამ დროს რეპროდუქციულ ფუნქციას საფრთხე ექმნება, ამის შესახებ ქალები უნდა გააფრთხილონ, რადგან ცხოვრების ბევრ შემთხვევაში, ორსულობის დაგეგმვისას, რისკები გასათვალისწინებელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებს რაიმე სახის საქმიანობაში ჩართულობა აეკრძალოთ.
- აკრძალვები ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევს: არ არსებობს არანაირი აკრძალვა, რომელიც კაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკს უკავშირდება. არადა, კაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობებიც არსებობს, მაგალითად, ატომურ წყალქვეშა ხომალდებზე მუშაობა. ამ დროს, კაცებს არჩევანს სთავაზობენ: ან ამ საქმეში მუშაობას, ან რეპროდუქციული სისტემის გაფრთხილებას და ამ კონკრეტულ სამსახურზე უარის თქმას. სახელმწიფო კაცებს ამ არჩევითობას თავს არ ახვევს, თუმცა, საკანონმდებლო აკრძალვების სახით, იგი ამ ვალდებულებას თავს ახვევს ქალებს, ეს კი პირდაპირი დისკრიმინაციაა.
სომხეთსა და საქართველოში, ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალი შრომის კოდექსიდან ამოღებულია, მაგრამ, ქალების შრომაზე შეზღუდვები მაინც არსებობს: სომხეთში ჯერჯერობით არ გაუქმებულა ქალებისთვის “მავნე” პროფესიების ჩამონათვალი, ხოლო საქართველოში არსებული საქმიანობების აკრძალვა ორსულ და მეძუძურ დედებზე მოქმედებს.