ზოგჯერ ცუდი რაღაცები, რაც ქალების გარშემო ხდება იმდენად უხილავია, რომ მათი შემჩნევა გვიჭირს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სანამ რამეში პრობლემას დავინახავთ ეს რამე ჩვენს გონებაში საკმაოდ ნორმალიზებულია. მაგალითად, საუკუნის წინ ნორმალური იყო, რომ ქალებს საკუთარ შვილებზე უფლებები არ გვქონია, მამებს კი ამ ბავშვების გაყიდვა შეეძლოთ; ნორმალურად ითვლებოდა ისიც, რომ საკრედიტო ბარათის ქონის უფლება არ გვქონია და ისიც, რომ საკუთარ მთავრობას ვერ ვირჩევდით (ეს პრობლემა თანამედროვეობაშიც შემხვედრია სადღაც…). უბრალოდ, რაღაც დროს, გულადმა ქალებმა ცვლილებებისთვის ბრძოლა დაიწყეს, ხოლო ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ყოველივე უსამართლო იყო. მერე კი ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ამ ამბავს ბოლო არ უჩანს, რადგან, ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ და ამ ბევრიდან ერთ-ერთი ქალების დაუსრულებელი ბრძოლაა, რომელმაც კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა.
საკმაოდ ლოგიკურია, რომ ონლაინ ძალადობა COVID19 პანდემიისას და მის შემდეგ გახშირდა ანუ მაშინ, როდესაც ჩვენმა ცხოვრებამ თითქმის სრულიად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. ონლაინ დანაშაული ბევრნაირია, თუმცა მისი იდენტიფიცირება ქალებს ხშირად გვიჭირს. მარი ვარამაშვილი, საფარის იურისტი, რომელსაც კიბერძალადობის საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური კონტროლის და ონლაინ ძალადობის შემთხვევა საკმაოდ ხშირია, ხოლო დაზარალებული ქალებისთვის, როგორც წესი მოძალადის მსგავსი ქცევა იმდენად ნორმალიზებულია, რომ პირველადად ვერც აიდენტიფიცირებენ და სრულად ემორჩილებიან მეორე მხარის ნებას. “აღნიშნული შეიძლება გადაიზარდოს ისეთ მძიმე დანაშაულებში როგორიცაა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, მათ შორის საფრთხე შეექმნას მსხვერპლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, — ამბობს მარი.
გარდა მსგავსი ქცევის ნორმალიზებისა, ქალებს გვაკლია ინფორმაცია. მაგალითად ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეს ფოტო ჩვენი ნებით გავუგზავნეთ, ჩვენი ნებართვის გარეშე ამ ფოტოს შენახვა, გაზიარება და გასაჯაროება კანონით ისჯება. საფარის გამოცდილებაში ასეთი საქმე ყოფილა: ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში კაცი გაიცნო და შეუყვარდა. როდესაც კაცმა მისი ნდობა სრულად მოიპოვა ქალი პარტნიორს ინტიმური ხასიათის ფოტოებს თავისივე ნებით უგზავნიდა. ცოტა ხანი რომ გავიდა, კაცმა ქალის გაკონტროლება დაიწყო, უწყვეტდა სად გასულიყო, როდის და ვისთან ერთად, ცდილობდა ოჯახს და მეგობრებს ჩამოეშორებინა და სწორედ მასთან გაზიარებული ინტიმური ვიდეო თუ ფოტო მასალით აშანტაჟებდა. ერთ დღეს ქალი მიხვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო და მოძალადეს არ დაემორჩილა. კაცმა მისი ფოტოები და ვიდეოები მართლა გაავრცელა. როდესაც ქალმა საფარს მიმართა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა ძალიან მძიმედ იყო დაზიანებული. ამ საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით მიპოვებულ იქნა ყველა არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მათ შორის დადგინდა მოძალადის აიპი მისამართები. საქმეში საინტერესო ისიც იყო, რომ კაცი თავს სულ სხვა ადამიანად ასაღებდა. მისი იდენტიფიცირებაც მოხდა, რის შემდეგაც მოძალადეს ბრალი წარედგინა და ის პასუხისგებაში მიეცა.
ყველაზე მძიმე გავლენა ფსიქოლოგიურია და ქალების 38% აღნიშნავს დეპრესიას, შფოთვას ან სხვა მენტალურ პრობლემებს
იმის გამო, რომ ონლაინ დანაშაული საკმაოდ ახალი ფენომენია, კანონმდებლობა მას ბოლომდე ვერ დაეწია, რაც ართულებს მსგავს შემთხვევებზე მუშაობას, თუმცა საფარის გამოცდილებაში ბევრი მოგებული საქმეა: მათ შორის, ონლაინ ადევნების, მუქარის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, არასრულწლოვნებზე ონლაინ ძალადობის საქმეები. როგორც მარი ვარამაშვილი ამბობს, კიბერდანაშაულის გამოძიებისას ძალიან ბევრ სირთულეს აწყდება, მათ შორის ხარვეზებს კანონმდებლობაში, კვალიფიკაციის განსზაღვრის პრობლემას, პირის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თუმცა ის ასევე აღნიშნავს რომ “შედარებით მარტივია მტკიცებულებების მოპოვება, რადგან ციფრულ სამყაროში დამნაშავე ყველაზე აშკარა კვალს ტოვებს ხოლმე” მთავარია ქალმა იცოდეს, როგორ შეაგროვოს ეს მტკიცებულებები, რა გააკეთოს და რა — არა, რაშიც საფარის იურისტის რჩევები და უფასო კონსულტაცია დაეხმარება.
ტექნოლოგიის გამოყენებით გენდერული ძალადობის ფორმებია:
- მონიტორინგი და თვალთვალი, ლოკაციის გაზიარების მოთხოვნა, მიმოწერის კონტროლი;
- პაროლების მოთხოვნა და სოციალური ქსელის ანგარიშებზე კონტროლი;
- სექსუალური კონტენტის მოთხოვნა ან შანტაჟი;
- პირადი ფოტოების/ვიდეოების გავრცელების მუქარა;
- ონლაინ შეურაცხყოფა და დამცირება, საჯაროდ შერცხვენა;
- მეგობრებთან/კონტაქტებთან ურთიერთობის შეზღუდვა;
- იდენტობის გამოყენება ან იმიტაცია და ა.შ.
მარი ვარამაშვილის თქმით, ტექნოლოგიის დახმარებით კონტროლი ხშირად, სწორედ პარტნიორულ ურთიერთობებს და ოჯახში ძალადობის საქმეებს ახლავს თან. ამ თემაზე პლატფორმა Safe YOU-ს მომხმარებლებში ჩატარებული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა არა მხოლოდ რეალურია, არამედ სისტემურიც. კვლევის ავტორმა, გიორგი ურჩუხიშვილმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ “ყველაზე მძიმე გავლენა ფსიქოლოგიურია და ქალების 38% აღნიშნავს დეპრესიას, შფოთვას ან სხვა მენტალურ პრობლემებს, ხშირია მუდმივი სტრესის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში ზიანდება სოციალური და პროფესიული ცხოვრება. ონლაინ ძალადობა რეალურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება.”
ჩვენს ნერვულ სისტემასა და თავის ტვინს არ შეუძლია მკაფიო განსხვავების დანახვა ონლაინ და ფიზიკურ ძალადობას შორის
Safe YOU-ს იმავე კვლევაში გამოიკვეთა, რომ არსებობს მითი იმაზე, რომ “ონლაინ ძალადობა სერიოზული არ არის” და კიბერსივრცეში ჩადენილ ძალადობას, შევიწროებას, ადევნებას ან მუქარას რეალურ საფრთხედ არ აღვიქვამთ და არც იმას ვიაზრებთ, რამხელა ზიანს აყენებს ის ჩვენს ფსიქიკას. “ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) ხშირად აღიქმება, როგორც რაღაც “უხილავი”, თუმცა მისი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ისეთივე წამლეკავი და ხელშესახებია, როგორც ფიზიკური თავდასხმა. მნიშვნელოვანია თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ნერვულ სისტემასა და თავის ტვინს არ შეუძლია მკაფიო განსხვავების დანახვა ფიზიკურ და ონლაინ ძალადობას შორის. საფრთხეს ის ერთნაირად აღიქვამს. გარიყვა, საჯარო დამცირება თუ მუქარა ტვინისთვის აღიქმება, როგორც გადარჩენისთვის პირდაპირი საფრთხე. ნეირომეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ასეთ დროს თავის ტვინში ზუსტად ის უბნები ირთვება, რომლებიც ფიზიკური ძალადობის დროსაც აქტიურია”, — ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ელენე ქორიძე.
ქალებზე ონლაინ ძალადობა დღეს საზოგადოებისთვის რეალური გამოწვევაა, რომელთანაც გამკლავება რთულია, თუმცა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ქალებს ჩვენს უფლებებზე მეტი ინფორმაცია გვქონდეს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ციფრული დანაშაული, ისეთი დანაშაულია, რომლის მტკიცებულებების შეგროვება მალევე უნდა მოხდეს, მაგალითად მუქარის ამსახველი მესიჯების და მოძალადის პროფილის დოკუმენტირება, საჭირო ბმულების შენახვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, მყისიერად მივმართოთ შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს. ამასთანავე, სახელმწიფოში ონლაინ ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისად გამართული კანონდმებლობა; დაზარალებულ ქალებს უნდა ჰქონდეთ მარტივი წვდომა ფსიქოლოგიურ თუ იურიდიულ დახმარებაზე და სოციალურმა ქსელებმაც მეტი უნდა გააკეთონ ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- თუ ფიქრობთ, რომ ონლაინ ძალადობის მსხვერპლი ხართ, აუცილებლად მიმართეთ საფარს — 599407603
ავტორი: ნინა აგლაძე, საფარის მედიასთან კომუნიკაციების ხელმძღვანელი



