იმ ქალებისთვის, რომლებისთვისაც მესტრუაციის პერიოდი მტკივნეულად მიმდინარეობს, შესაძლოა, იტალიამ ყოველთვიურად სამდღიანი ანაზღაურებადი დასვენება დააწესოს. ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა სწორედ ამ კანონპროექტზე მუშაობს.
დასახელებული კანონპროექტი ადგილობრივი მედიის გარკვეულმა ნაწილმა პოზიტიურ ნაბიჯად აღიქვა – იმ ქალებისთვის შვების მინიჭებად, რომლებიც მენსტრუალური ციკლის დროს აუტანელი ტკივილებით იტანჯებიან. ჟურნალი Marie Claire-ის იტალიურმა ვერსიამ ეს ფაქტი „პროგრესისა და სოციალური მდგრადობის ნიშნად“ შეაფასა. მაგრამ, კანონპროექტს კრიტიკოსებიც ჰყავს, მათ შორის მომუშავე ქალებს შორისაც, რომელთა დაცვის მიზნითაც იქნა იგი შემუშავებული.
ზოგიერთი ქალი შიშობს, რომ შესაძლოა, კანონის მიღებას ქვეყანაში ქალებისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს, მით უფრო, რომ ქალთა დასაქმების პრობლემა აქ ძალიან სერიოზულად დგას. ლორენცა პლეუტერი (Lorenza Pleuteri) ქალთა ჟურნალიდან Donna Moderna, ამბობს, რომ „ამის გამო, დამსაქმებელი კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სამსახურში კაცების აყვანაზე, ვიდრე ქალებისაზე“.
რეალურად, იტალიაში ქალებისთვის საკმაოდ სასურველი კანონები არსებობს: ორსულობისა და მშობიარობისთვის, 5 თვის მანძილზე ანაზღაურებადი შვებულება სავალდებულოა როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ქალს სავალდებულო დეკრეტული შვებულება უნდა მისცეს, ამ უკანასკნელს კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მასზე უარის თქმის უფლება არ აქვს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დედა თავისი სახელფასო ანაზღაურების 80%-ს იღებს INPS-დან (Istituto Nazionale della Previdenza Sociale, სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი). ამის შემდეგ, ორივე სქესის მშობელს უფლება აქვს, ბავშვის მოსავლელად ექვსი დამატებითი თვე შვებულება აიღოს, რაც ხელფასის 30%-ით ანაზღაურდება.
რეალურად კი, იტალიელ ქალებს შრომის ბაზარზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ევროპაში, იტალიას ქალთა დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. იტალიელი ქალების მხოლოდ 61% მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე – 72%-ზე.
ნაწილობრივ, ეს იმის გამო ხდება, რომ ადგილობრივ დამსაქმებელს სურვილი არ აქვს, დაიქირავოს ქალი ან სამუშაო ადგილზე შეინარჩუნოს იგი მას შემდეგ, რაც დედა გახდა. იტალიის ISTAT-ის (სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი) თანახმად, ორსულ დასაქმებულთა თითქმის მეოთხედი გაათავისუფლეს ორსულობის დროს ან შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონოა.
მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული შვებულების საკითხი მახესავითაა: ერთი მხრივ, მას იტალიელი ქალებისთვის რეალური პრობლემის მოგვარება შეუძლია, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისთვის შესაძლოა კიდევ ერთ საბაბად იქცეს საიმისოდ, რომ სამუშაოზე აყვანისას მასზე წინ კაცი დააყენოს.
„გაუსაძლისი მენსტრუალური ტკივილების გამო, ქალებს სამსახურის გაცდენა ისედაც უწევთ ექიმის მიერ გაცემული ცნობის გარეშე, – ამბობს დანიელა პიაცალუნგა (Daniela Piazzalunga), კვლევითი ინსტიტუტ FBK-IRVAPP-ის ეკონომისტი, – მეორე მხრივ კი, მე არ გამოვრიცხავ ამ კანონპროექტის მიღებისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს: შრომის ბაზარზე ქალ თანამშრომელზე მოთხოვნა დამატებით შეიძლება პრობლემური გახდეს როგორც სახელფასო ანაზღაურების, ასევე კარიერული წინსვლის მხრივ“.
აგრეთვე, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოცემული მენსტრუალური დასვენებების წყალობით, „იმის ნაცვლად, რომ მენსტრუაციის შესახებ არსებული ტაბუ დაინგრეს, პირიქით, საბოლოო ჯამში, ეს სტერეოტიპს გაამყარებს იმის შესახებ, რომ ციკლის დროს, ქალები ზედმეტად ემოციურები არიან“, – წერს მირიამ გოი (Miriam Goi), Vice Italy-ის ფემინისტი ავტორი.
კანონპროექტი ოთხმა ავტორმა 13 მარტს წარადგინა. ოთხივე მათგანი ქალია, მმართველი დემოკრატიული პარტიიდან. გაზეთი Il Messaggero-ს ვარაუდით, მას უახლოესი თვეების მანძილზე მიიღებენ.
ამ კანონპროექტთან მიმსგავსებული კანონები ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში არსებობს. ასევე, მას მისდევს ზოგიერთი კერძო კომპანია, მათ შორის Nike-იც.
მაგრამ, ექსპერტები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან იმაზე, უნდა იყოს თუ არა მენსტრუალური ციკლის საკითხები შრომითი და ეკონომიკური პრობლემა. ორი იტალიელი ეკონომისტის მიერ American Economic Journal-ში 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ „მენსტრუალური ციკლის გამო დასვენება ქალთა აბსენტეიზმის მასშტაბს გაზრდის“, და რომ ამგვარი აბსენტეიზმი ქალისა და კაცის შრომის ანაზღაურებას შორის ზღვარს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გააფართოებს. თუმცა, 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევა უკვე სხვა სურათს გვიჩვენებს. კერძოდ, „ქალთა აბსენტეიზმის რიცხვის ზრდის არანაირი მტკიცებულება არ გამოვლენილა“.