"საფარის" აქტივობები / სექსუალური შევიწროება

მერია აქტივისტებს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ სტენსილის გაკეთების უფლებას არ აძლევს

ფემინისტი აქტივისტები პოლიციამ ქუთაისში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის სტენსილის ხატვის დროს დააკავა. აქტივისტებს სტენსილის მასალები ჩამოერთვათ, მეორე დღეს გამართული სასამართლო კი ერთ-ერთი აქტივისტის, ირა სილანტევას, მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვადასხვა სახის წარწერებისა და ნახატების ისეთ ადგილზე განთავსებას ითვალისწინებს, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი.

“სახელმწიფო გულგრილია საზოგადოებაში არსებული ჯგუფების პრობლემებისადმი, ამ შემთხვევაში კი ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების მიმართ. პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ძირითადად კაცები არიან და რომელთაც არასოდეს ჰქონიათ აღნიშნული გამოცდილება (არ არის გამორიცხული, რომ თვითონაც შეუვიწროებიათ ქალები), აქვთ დამცინავი და არასერიოზული დამოკიდებულება. როდესაც სახელმწიფო არ აღიარებს პრობლემას და ასევე არ გაძლევს შესაძლებლობას, თუნდაც სტენსილის მეშვეობით სენსიტიური თემები წინ წამოსწიო, საპირწონედ კი მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს, ხშირ შემთხვევაში აქტივისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის კანონის დარღვევის  გარდა არ გვრჩება სხვა გზა“, – ამბობს ირა.

კავშირმა “საფარმა”, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია “რა მოხდა ქუჩაშის” ინიციატორია, როგორც თბილისის მერიას, ასევე სხვა ქალაქების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიმართა სტენსილის განთავსების ნებართვისათვის, თუმცა, როგორც “საფარის” იურისტი, თამარ გოლიჯაშვილი აღნიშნავს, პასუხად დაუსაბუთებელი უარი მიიღეს, ზოგ შემთხვევაში კი წერილი უპასუხოდ დარჩა.

“თბილისის მერიამ უარი მოგვწერა, კონკრეტულად რის საფუძველზე, არ დაუსაბუთებია. ზუგდიდიდანაც ასევე უარი მოვიდა და მიზეზად ეთიკის ნორმების დარღვევა დასახელდა. სატელეფონო საუბრისას კი გვითხრეს, რომ ამ სტენსილებს არასრულწლოვანებიც ნახავენ, რაც მათთვის მიუღებელია და სტენსილის შინაარსისა და ფორმის შეცვლა შემოგვთავაზეს. ბათუმიდან და ქუთაისიდან კი პასუხი დღემდე არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ სტენსილის გაკეთების ნებართვის შესახებ წერილი თებერვლის ბოლოს გავაგზავნეთ”.

სტენსილზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მდგომი გოგონაა გამოსახული, რომელსაც კაბას უწევს ზრდასრული მამაკაცი. კავშირ “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია, ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო ჩათვალეს აღნიშნული სტენსილი არაეთიკურად, თუმცა კი, ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროების გამოხატვა ვიზუალურად მნიშვნელოვანია, რადგან თემა ტაბუირებულია და საჭიროა, ამ გამოსახულებამ მიიქციოს ადამიანების ყურადღება, აღძრას ზიზღის შეგრძნება სექსუალური შევიწროების მიმართ:

“სტენსილი, რომელიც აღწევს ამ მიზანს, კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ პირიქით, უნდა წახალისდეს – ეს არის ვიზუალურად მიწოდებული ძლიერი მესიჯი, რომელიც საზოგადოებას ახსენებს, რომ სექსუალური შევიწროება არსებობს და ის მიუღებელია”.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია “რა მოხდა ქუჩაში” უკვე თვეზე მეტია, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ძალადობის იმ ფორმის შესახებ, რომელიც პატრიარქალური მჩაგვრელი წესრიგისა და არსებული სტიგმების გამო უხილავი რჩება, ხოლო კანონმდებლობაში შესაბამისი მუხლის არარსებობის გამო – დაუსჯელი.