საფარი

ნატალია ზაზაშვილი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ქომაგი

27-28 აპრილს, ილიაუნიში, ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: ინტერპერსონალური ტრავმატიზაცია და ადამიანის უფლებები“, ტარდება. ყოველწლიური კონფერენციის ტრადიცია ნატალიას გარდაცვალების შემდეგ დამკვიდრდა. კონფერენციის იდეა ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დირექტორს ნინო მახაშვილს ეკუთვნის.

ნატალია ზაზაშვილი საქართველოში ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროს ერთ-ერთი პიონერია. 2001 წლიდან, იგი კავშირი „საფარის“ დირექტორი იყო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ნატალია აქტიურად ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, მოხალისეობრივ საფუძვლებზე ინტენსიურად ატარებდა ტრეინინგებსა და შეხვედრებს.

იმ პერიოდში, როდესაც ნატალია ზაზაშვილმა ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობა დაიწყო (2000-იანი წლების დასაწყისი), ეს თემა საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო, მით უმეტეს მსხვერპლების კონტექსტში. ამ ადამიანების პრობლემების შესახებ ძალზე ცოტა ვინმე თუ საუბრობდა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაშიც. თუ უფლებრივი კუთხით კიდევ არსებობდა ამ თემის დისკურსირების საშუალება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების არანაირი სერვისი არ არსებობდა. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებდა. ორგანიზაციის მუშაობის პირველ ეტაპზევე, შეიქმნა დახმარების ცხელი ხაზიც, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა. მრავალი წლის მანძილზე, „საფარი“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა. სოციუმის გავლენით, ხშირად ასეთ მსხვერპლებს საკუთარი დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ. „საფარის“ მიერ გაწეული დახმარება იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს იმის გაცნობიერებაში ეხმარებოდა, რომ მათ თავს დამტყდარი ძალადობის მიზეზები მათი დანაშაული არ იყო და ამის არ უნდა შერცხვენოდათ. ორგანიზაციაში მოსვლით, მათ მყარი საყრდენი და გაძლიერების საშუალება ეძლეოდათ.

ნატალია ზაზაშვილი ასევე ინტენსიურად მუშაობდა მოძალადე კაცებთანაც, რადგან, რეალურად, ეს ადამიანები ხშირად თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. რამდენიმე შემთხვევაში, მან ამ კუთხით დიდ წარმატებასაც მიაღწია. კაცების და ბიჭების ჩართულობის აუცილებლობას ქალზე ძალადობის წინააღმდეგ საქმეში ნატალია ზაზაშვილი მოხალისეებად ახალგაზრდა კაცების აყვანით გამოხატავდა. მისი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამ პროცესში არა მხოლოდ ქალების, არამედ კაცების მონაწილეობაც.

ნატალია ზაზაშვილის მიდგომა ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ ჰოლისტური ხედვით ხასიათდებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ძალადობის მსხვერპლებისთვის მხოლოდ თავშესაფრის მიცემა და თუნდაც მისი დასაქმება ძალადობის აღმოფხვრის პრობლემას ვერ მოაგვარებდა. მისი აზრით, აგვარ სტრესგამოვლილ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროებოდა როგორც უსაფრთხო გარემო, ასევე ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი შედარებით გამოჯანმრთელდებოდა, იწყებოდა მისი გაძლიერების პროცესი. სწორედ ამგვარ კომპლექსურ სერვისს სთავაზობდა ნატალია ზაზაშვილის „საფარი“ თავის ბენეფიციარებს. მართალია, თავშესაფარი მცირე მასშტაბისა იყო (სულ რამდენიმე ქალი, თავიანთი ბავშვებით), სამაგიეროდ, მათზე მუშაობა კომპლექსურად მიდიოდა.

ნატალია ზაზაშვილს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დედათა და ბავშვთა პირველი თავშესაფრის დაარსებასა და ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის შენახვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დონორებისთვის კი ამ თანხების გაცემა დიდად ხარჯეფექტური არ იყო, „საფარს“ წლების განმავლობაში ჰქონდა თავშესაფარი, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი ბავშვები გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. იმ დროისთვის, ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში. ბოლო ორი წლის მანძილზე, როდესაც თავშესაფრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დაფინანსება აღარ იყო, ნატალიამ თავშესაფარი საკუთარ ბინაში გადაიტანა და ყველა ხარჯს თავად ფარავდა.

ნატალია ზაზაშვილის საქმიანობა ოჯახში ძალადობის კონტექსტში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. პროფესიონალი კლინიცისტი, რომელიც ადამიანებთან ინდივიდუალურად მუშაობდა, პარალელურად ადამიანის უფლებათა აქტივიზმშიც აქტიურად იყო ჩართული, რაც იმ პერიოდისთვის საქართველოში მეტ-ნაკლებად უცხო მოვლენას წარმოადგენდა, ვინაიდან იმდროინდელი სამოქალაქო სექტორი რამდენადმე კონსერვატული და ჩაკეტილი იყო. ნატალია ზაზაშვილმა პირადი მაგალითის საფუძველზე ამ ჩარჩოების გარღვევა ადვილად შეძლო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბევრი იმ ადამიანის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, რომლებიც ამჟამად თანამედროვე სამოქალაქო სექტორში საქმიანობენ.

ნატალია ზაზაშვილის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იუსტიციის სამინისტროსთან ერთობლივად „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ ამუშავება იყო. იგი ამ პროგრამაში მოხალისეობრივ საწყისებზე იყო ჩართული.

ნატალია ზაზაშვილს სტუდენტები, კოლეგები, მოსწავლეები განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებენ და აღნიშნავენ იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც მან თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანა.

ლელაკო ცისკარიშვილი, GCRT ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „ნატოს ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების კუთხით უამრავი ფასდაუდებელი საქმე აქვს გაკეთებული. იგი მაგალითი იყო როგორც კოლეგებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც უნივერსიტეტში ასწავლიდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საქმიანობა როლური მოდელი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა. ამიტომ, შემთხვევითი როდია, რომ დღეს მისი სახელობის კონფერენცია არსებობს“.

ბაია პატარაია, „საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი: “ახალგაცნობილი მყავდა ნატალია, როდესაც “საფარში” მოხალისეობა შემომთავაზა. დავთანხმდი. ნატალია ჩემს პირველ კონსულტაციას დაესწრო, სადაც სამწუხაროდ, იმის თქმა მომიწია ბენეფიციარისთვის, რომ მისი პრობლემა სამართლებრივად ვერ მოგვარდებოდა. ბენეფიციარი მალე წავიდა. ნატალიამ ორივე ხელი გულთან მიიტანა და მითხრა: “ბაია, ასე საუბარი არ შეიძლება ძალადობის მსხვერპლთან”. გამიკვირდა, აბა როგორ ველაპარაკო, ხომ არ მოვატყუებ მეთქი. “არა, ამას არ ვგულისხმობ, შენ ისე უნდა უთხრა სიმართლე ამ ადამიანებს, რომ იმედი კი არ გადაეწუროთ, არამედ პირიქით, ბრძოლა განაგრძონ”, – მითხრა ნატალიამ. მაშინ ვიფიქრე, რომ აბსოლუტურად შეუძლებელ რაღაცას მთხოვდა. მაგრამ დამამშვიდა, მე გასწავლიო. იმ დღიდან, ნატალია ჩემს კონსულტაციებს ესწრებოდა და თითოეული კონსულტაციის შემდეგ მიხსნიდა, თუ როგორ ჯობდა, მესაუბრა, რა მეთქვა და როგორ მეთქვა მსხვერპლებისათვის. ერთ მშვენიერ დღეს, მან გამომიცხადა, რომ მე უკვე ნამდვილი “თერაპიული იურისტი” ვარ, სწორედ ისეთი, რომელზეც ოცნებობდა, რომ ჩემი კონსულტაციები უკვე თერაპიული ეფექტის მატარებელი იყო. სხვათა შორის, ახლაც, საფარის ის იურისტები, რომლებსაც მსხერპლთან მუშაობა უწევთ, მენტორინგს ჩემთან გადიან და მე ვცდილობ, ვასწავლო მათ ის, რაც ნატალიამ მასწავლა. აი, ასეთი იყო ნატალია”.

თინანო ჯავახიშვილი, GCRT, ფსიქოლოგი: „ნატალია ზაზაშვილი ცოცხალი აღარ არს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იგი ერთ-ერთი მთავარი პერსონაა და ასე იქნება მუდამ. 18 წლის ვიყავი, როდესაც იგი გავიცანი. მან ისეთი ნდობა გამომიცხადა, იმდენი საპასუხისმგებლო საქმე დამაკისრა და იმდენი რამ მასწავლა, რომ ხშირად წარმოუდგენლადაც მეჩვენება. დღეს ვინც ვარ და რასაც წარმოვადგენ, – ყველაფერი მისი დამსახურებაა. მან შეძლო, ჩვენი სახით აქტივისტებისა და ფსიქოტრავმის სპეციალისტების მომავალი თაობა აღეზარდა. ნატო ამ სფეროს ნამდვილი პიონერი იყო“.

ანკა ჟღენტი, „საფარი“, ფსიქოლოგი: „საფარში“ მუშაობა 17 წლისამ დავიწყე, მოხალისეობრივ საწყისებზე. ნატო აბსოლუტურად ყველა საქმეში მრთავდა, რასაც კი ორგანიზაცია ახორციელებდა, რადგან ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემის მნიშვნელოვნება კარგად ესმოდა. მისი დამსახურებაა, რომ პროფესიული არჩევანი ფსიქოტრავმაზე მუშაობაზე შევაჩერე, რომ დღემდე ბავშვებთან ვმუშაობ. სანამ ინსტიტუტს დავამთავრებდი და ორგანიზაციის თანამშრომელი ოფიციალურად გავხდებოდი, ნატო თავის ხელფასს მე და თინანოს გვინაწილებდა. სიახლეების მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა და ყველა სასარგებლო სიახლეს მუშაობაში მაშინვე ნერგავდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც აღდგენითი მართლმსაჯულებით დაინტერესდა და „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

ანდრო გიგაური, იურისტი: ”2011 წელს, განათლების სამინისტროს ინიციატივით, სამტრედიის სკოლა-პანსიონში ბავშვების განაწილების წესის რეფორმაზე მუშაობა დავიწყეთ. ნატალია ჩვენს ჯგუფში არ მონაწილეობდა, მაგრამ დიდი ინტერსით ეკიდებოდა დასახულ ამოცანას – რომ ბავშვების გადამისამართება მომხდარიყო განსხვავებული პროცედურის მიხედვით და რომ განვითარებულიყო ინსტიტუციური მომსახურება, რომელიც მორგებული იქნებოდა ბავშვების საჭიროებებზე. მახსოვს, რომ არაერთხელ გვიკამათია. მისი პოზიცია იყო, რომ ბავშვი მშობელს უნდა დავაშოროთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ბოლოს, ერთი დიდი წერილი მომწერა (სამწუხაროდ, შეუძლებელია ამ წერილის მოძიება). წერილში ნატალია მწერდა მისი უცხოელი მეგობრის, ახალგაზრდა ფსიქოლოგი ქალის გამოცდილებას. ამ ქალს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაუწყია ბავშვთა სახლში, იქ კი ერთი ბავშვი ყოფილა, რომელიც სულ გარბოდა ბავშვთა სახლიდან და რომელიღაც მოშორებულ სოფელში, დედასთან ბრუნდებოდა. დედა თურმე სვამდა და მას მენტალური პრობლემებიც ქონია – შვილს მუდმივად აგდებდა სახლიდან და უყვიროდა. ამის შემდეგ, ტრადიციულად, მეზობლების დახმარებით, ბიჭუნას ისევ ბავშვთა სახლში აბრუნებდნენ. შემდეგ იგი ისევ იპარებოდა და სახლში მირბოდა. ასე მოხდა რამდენიმეჯერ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტით გაბრაზებულ ბავშვთა სახლის დირექტორს გამოუძახია ახალგაზრდა ფსიქოლოგი, მისთვის ბავშვის შესახებ აკინძული რვეული მიუცია და უთქვამს, ეს ბავშვი ნამდვილად თქვენი კლიენტიაო. ფსიქოლოგმაც წამოიღო რვეული, შეისწავლა ბავშვის “საქმე” და დიდი განსჯისა და ანალიზის შემდეგ, თავისი კომპეტენტური დასკვით უკან დაუბრუნა დირექტორს. როდესაც დირექტორმა დასკვნა წაიკითხა, განცვიფრდა. ფსიქოლოგის დასკვნაში ეწერა მხოლოდ სამი სიტყვა – “ბავშვს უყვარს დედა”. ნატალიამ წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა – შეიძლება, ამ ბავშვის ამბავი პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ პარადოქსის წყალობით მოაღწია კაცობრიობამ დღევანდლობამდე. ძალიან ხშირად, სწორედ ასეთი ღრმა და აზრით სავსე მაგალითებით გვასწავლიდა ჩვენი ძვირფასი მეგობარი”.

დღეს ნატალია ზაზაშვილს 55 წელი შეუსრულდებოდა.