გუშინ, სოციალურ მედიაში გადაცემა “ბავშვების დროს” ანონსი გავრცელდა, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვის შესაძლო მასტურბაციის ვიდეო იყო გამოყენებული. როგორც ცნობილია, დასახელებული ვიდეო თავად ბავშვის დედამ გადაიღო და გადაცემის ავტორებს გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”,ბავშვის პირადი ცხოვრების ჩანაწერის უკანონო გავრცელების გამო, პროკურატურას მიმართა. იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას მშობლის დაუფიქრებელმა ქმედებამ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც შვილს ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალურ ქცევას შეამჩნევს, ბავშვთა ფსიქოლოგი თინანო ჯავახიშვილი გვესაუბრება.
თინანო ჯავახიშვილი: ყველამ ვიცით, რომ ადამიანი სექსუალური არსებაა. როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარი სხეულის შეცნობას იწყებს, – ეს მთელი პროცესია – განსხვავებების, თავისებურებების აღმოჩენა, შეცნობა. ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან განვითარების ნაწილია. მაგრამ, არსებობს ასაკთან შეუსაბამო ქცევები, რაც მშობლისთვის ძალზე ადვილი ამოსაცნობია. ამის მისახვედრად სულაც არ არის საჭირო, სექსოლოგიური განათლება გქონდეს: ამ დროს, ბავშვი თავის ასაკთან შეუსაბამოდ იქცევა, არაშესაფერისი ცოდნა აქვს, ისეთი რაღაცები იცის, რაც არ უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია, – საკუთარი სხეულის შეცნობის პროცესს ყველა გადის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მას ამაში ხელი არ შევუშალოთ, თუმცა, თან აუცილებლად ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ზოგადად, არსებობს ასეთი გაგება: ბავშვის ასაკთან შეუფერებელი სექსუალური ქცევა ან ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც მის ასაკთა შეუფერებელია. ამ მოვლენას ფსიქოლოგები განვიხილავთ ხოლმე, როგორც რაღაც ტიპის გამოცდილების ნიშანს, რომელიც ამ ბავშვს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ უნდა ჰქონდეს. ამის პათოლოგიად წარმოჩენა, ვფიქრობ, პრობლემას უფრო ამძაფრებს. მასტურბაცია ჩვენს საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება. სინამდვილეში, არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც იგი ყველასთვის ნორმად ითვლება. იმაზეც კი აღარ არის უკვე საუბარი, რომ ეს ასაკი მაინცდამაინც გარდატეხის პერიოდს უნდა ემთხვეოდეს – მასტურბაციას ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ეწევიან. ეს ყველამ იცის და რაღაც გასაოცარი ამბავი აღარაა.
მაგრამ, როდესაც ბავშვებზე არის საუბარი და როდესაც მიჩნეულია, რომ ბავშვი თავისი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევას ახორციელებს, ეს ფაქტი თავისთავად საყურადღებოა, თუმცა, რა თქმა უნდა, დასახელებული გადაცემა ამ პრობლემის აქცენტირების ყველაზე უარესი ფორმაა. ამ დროს, ბავშვს სავარაუდოდ რაღაც ინფორმაცია აქვს მიღებული, რამაც შესაძლოა მისი ასაკთან შეუფერებელი ქცევა გამოიწვიოს. ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული ყველა მსგავსი შემთხვევა ინდივიდუალურია. კონკრეტული გადაცემის მაგალითი გვიდასტურებს, რომ ეს შემთხვევა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევაა როგორც მშობლის, ასევე მედიის მხრივ.
მშობლების მიერ ბავშვების უფლებების დარღვევის პრობლემა კიდევ ცალკე თემაა…
ქართულ კულტურაში ბავშვის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა: მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვი მისი საკუთრებაა და შეუძლია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ისტორიები გაასაჯაროოს, ისე, რომ შედეგებზე არც დაფიქრდეს. გასაგებია, რომ ბავშვი მცირეწლოვანია და მისთვის ნებართვის კითხვას აზრი არ აქვს, მაგრამ როდესაც იგი გაიზრდება და ამ ამბავს გაიხსენებს, სირცხვილის და უსიამოვნების შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს. ეს ძალზე თვალშისაცემია მაშინაც, როდესაც სოციალურ ქსელებში მშობლები თავიანთი შვილების შიშველ ფოტოებს აქვეყნებენ, მაშინაც, როდესაც ბავშვები საჯაროდ სულელების როლში გამოჰყავთ და ა. შ. ამგვარი დამოკიდებულებები ხშირად გვხვდება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში.
თეორიულად, ყველა მშობელს საკუთარი შვილისთვის კარგის მეტი არაფერი სურს… ვის უნდა მიმართოს მშობელმა, რომელიც ბავშვში „უცნაურ“ ქცევებს შენიშნავს?
როდესაც მშობელი ხარ და ბავშვის განვითარებას ყურადღებით ადევნებ თვალს, თუკი რაიმე საყურადღებოს შენიშნავ, რა თქმა უნდა, უნდა მიმართო პროფესიონალს – ფსიქოლოგს, სექსოლოგს, პედიატრს. სპეციალისტისგან მშობელი მიიღებს ამომწურავ პასუხს – არის ბავშვის კონკრეტული ქცევა პრობლემა, თუ არა. რაღაც ქცევები პრობლემური მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ განმეორებად ხასიათს ატარებს. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა შემთხვევაში, ბავშვის ქცევისთვის რაღაც იარლიყის მიწებება და როგორც საშინლად დიდი პრობლემის, საქვეყნოდ გამოტანა სწორი გამოსავალი არაა.
სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც რაიმე კონკრეტული პრობლემის მქონე ბავშვების მშობლები რაღაც აქტივობებს ახორციელებენ, პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით. ამ შემთხვევაში, მშობლები საზოგადოებაში კონკრეტული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მისი გადაჭრის გზების დასახვას ცდილობენ.
მაგრამ, როდესაც საქმე ბავშვის სექსუალობასთან დაკავშირებულ ასეთ საფრთხილო საკითხს ეხება, შესაძლოა მშობლის არასწორმა ჩარევამ ბავშვის ფსიქიკას და განვითარებას ძალზე სერიოზული ზიანი მიაყენოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ დროს, მშობელმა სანდო სპეციალისტს უნდა მიმართოს.
ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზედაპირზე ამოტანილი ზოგადი პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეიძლება დაემართოს. ეს ინტერვიუც ზოგადად მშობლებისთვის არის გათვალისწინებული.
დიახ, კონკრეტული მაგალითი ძალიან ბევრ პრობლემას აჩენს: კულტურული ნორმების, საზოგადოების, მედიის, მშობლის, პედაგოგის პრობლემებს. საზოგადოების რეაქცია საკმაოდ სწორია, რადგან ეს ვიდეო ინტერნეტიდან უკვე წაშლილია. რაც შეეხება მედიას, ამ შემთხვევაში, მისი როლი აქ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბავშვი თავის მშობლისგან ხდება დასაცავი.
გარდა მშობლებისა, ბავშვებთან დროის უდიდეს ნაწილს აღმზრდელები, პედაგოგები, ძიძები ატარებენ. ბავშვთან დამოკიდებულების ტრადიციული ფორმები მის დასჯას, მის თავს მიმდინარე მოვლენების სრულ არგაგებას და იგნორს ემყარება. შესაძლოა, ბავშვის სრულიად უწყინარ ქცევას უფროსების მხრიდან საჯარო შერცხვენა და დასჯის სასტიკი ფორმები დაუპირისპირდეს. რა სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან დამოკიდებულებაში მათი დასჯისას?
ჩვენ, ყველამ, უნდა გავიგოთ ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულ ასაკამდე სრულიად, შემდეგ კი გარკვეულწილად დამოკიდებულია მშობლებსა და აღმზრდელებზე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ბავშვებს მოვექცეთ ზუსტად ისეთივე პატივისცემით, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. რატომღაც, გვგონია, რომ რადგან ბავშვები არიან, უფლება გვაქვს, მათ აგდებულად ვესაუბროთ, მათი პრობლემები დავაიგნოროთ, დავჩაგროთ, დავტუქსოთ, ჩვენ მიერ არასწორ საქციელად აღქმულ ქცევაზე მაშინვე შენიშვნები მივცეთ და აკრძალვები დავუწესოთ, შევარცხვინოთ, – რაც ჩვენს კულტურაში ძალზე აქტუალური თემაა. ამ დროს, ჩვენ აბსოლუტურად არ ვითვალისწინებთ, რამდენად მძიმე ემოციურ ტრავმას ვაყენებთ მათ, თუნდაც მეგობრების წინაშე დამცირებით. დამცირებასა და შენიშვნის მიცემას შორის მყიფე ზღვარია, მაგრამ – ძალიან დიდი განსხვავება. ბავშვს დამსახურებული შენიშვნა ისე უნდა მისცე, რომ მის ღირსებას არ შეეხო. მან თავი დამცირებულად არ უნდა იგრძნოს. როდესაც კუთხეში აყენებ და დაუცველ მდგომარეობაში აგდებ, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია. მთავარი პრინციპი, რაც აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ დასჯის მეთოდის გამოყენებისას, ის არის, რომ ეს მეთოდი არ უნდა გულისხმობდეს ბავშვის არსებული მდგომარეობის გაუარესებას: ოთახში ჩაკეტვას, კუთხეში დაყენებას და სხვ. დასჯის დროს, მას პრივილეგიები უნდა მოვაკლოთ (ეზოში გაშვება, კომპიუტერთან ყოფნა, ზოოპარკში წაყვანა და სხვ.). ანუ, ბავშვის მდგომარეობა კი არ უნდა გავაუარესოთ, მოცემულ მომენტში სტრესში კი არ უნდა ჩავაგდოთ, ჩვენი ურთიერთობები შიშსა და მოულოდნელობაზე კი არ უნდა დავამყაროთ, არამედ მომავალში მისთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესები უნდა მოვაკლოთ. ეს ბავშვში სტრესსა და მძიმე ემოციებს კი არ გამოიწვევს, მასში პასუხისმგებლობის გრძნობას გააღვივებს. ამით ბავშვი მიზეზშედეგობრივ აზროვნებას სწავლობს და თავს დაჩაგრულად არ გრძნობს. ბავშვის ბნელ ოთახში გამოკეტვა ძალიან ადვილია, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. პირიქით, ამის შედეგად იგი სრულიად არასწორ დასკვნებს გააკეთებს: იფიქრებს, რომ მართალია ის, ვინც უფრო ძლიერია და არა ის, ვინც მას ამ კანონზომიერებებში არკვევს. სინამდვილეში, ჩვენ ბავშვს უნდა მივახვედროთ, რა არის მისი ქცევის შედეგები. ეს ძალზე რთული, განმეორებადი პროცესია. როდესაც ამის ნერვები და დრო არავის აქვს, მშობლები და აღმზრდელები ბავშვის დასჯის „კლასიკურ“ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე.
ესაუბრა შორენა გაბუნია