სტატიები

კამილ კლოდელი – ხელოვანი, რომელმაც ქალის მძიმე ხვედრი საკუთარ თავზე იწვნია

კამილ კლოდელის (Camille Claudel, 1864-1943) ნიჭი უკვე მაშინ შეამჩნიეს, როდესაც იგი 15 წლისა იყო. მან პარიზის კოლაროსის კერძო აკადემიაში (Académie Colarossi) ჩააბარა – ერთ-ერთ იმ იშვიათ მხატვრულ სკოლაში, სადაც იმ დროს სასწავლებლად ქალებსაც იღებდნენ. ნოჟან-სიუღ-სენის (Nogent-sur-Seine) სახლში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კამილ კლოდელის მუზეუმია.

სახელოსნოს, რომელსაც კამილი და მისი აკადემიის მეგობარი ქირაობდნენ, 1883 წელს მასწავლებლის რანგში ოგიუსტ როდენი ეწვია. ერთი წლის შემდეგ, სხვა სტუდენტებზე გაცილებით ნიჭიერი კამილი უკვე როდენის სახელოსნოში გადადის და მისი მოწაფე, მუზა, მოდელი და საყვარელი ხდება.

როდენი კამილზე 24 წლით უფროსი იყო. მას სულაც არ სურდა როზ ბერესთან (Rose Beuret) 20-წლიანი ურთიერთობის გაწყვეტა, რომელმაც ყველაფერი იცოდა როდენის „სხვა ქალის“ შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, 10 წლის განმავლობაში, როდენი და კამილი ერთად ცხოვრობდნენ. მათი ურთიერთობები უკიდურესად ემოციური და რთული იყო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში შექმნა როდენმა თავისი სახელგანთქმული სკულპტურების უმეტესობა, რომელთა მთავარი თემაც მგრძნობიარე სიყვარული იყო. მათ შორის ყველაზე ცნობილია „კოცნა“ და „მარადიული კერპი“.

ხელოვნებათმცოდნეები იმის შესახებ დავობენ, რამდენად დიდი იყო როდენის გავლენა კამილის მხატვრულ ხელწერაზე: კლოდელის უკვე ადრეულ ნამუშევრებში, გაჩნდა მისი უნიკალური ტალანტისთვის დამახასიათებელი კომპოზიციის დინამიკურობა და ხაზების დენადობა. „მას ყოველთვის მხოლოდ როდენის მოწაფედ აღიქვამდნენ, – ამბობს სესილ ბერტრანი, კლოდელის მუზეუმის კურატორი, – რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი მხატვრული სიახლოვე არსებობდა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, მაგრამ როდენმა სახელი პირველმა მოიხვეჭა“. რასაკვირველია, როდენი კაცი იყო და შესაბამისად, შემკვეთთა მხრიდან გენდერული დისკრიმინაცია არ განუცდია, რაც იმ დროისთვის სრულიად ტიპური მოვლენა იყო.

თუმცა, იმის მტკიცებაც მცდარი იქნებოდა, რომ ხელოვნების ისტორია კამილ კლოდელს მხოლოდ როდენის საყვარლის რანგში იცნობს. გავლენიანი არტ კრიტიკოსები კამილს „გენიალურ მოქანდაკეს“ უწოდებდნენ. მისი სკულპტურა „ბრინჯაოს ვალსი“ (1893), რომელიც ერთმანეთში შერწყმულ ორ სხეულს გამოსახავს, და ონიქსის მინიატურა „ჭორიკნები“ (1893), როდენის გავლენისგან გათავისუფლებასა და საკუთარი შემოქმედებითი გზის პოვნის პროცესს გვიჩვენებს. კლოდელი ვნებიანი ნატურა იყო და დიდი პოეტური წარმოსახვაც გააჩნდა.

რაღა თქმა უნდა, როდენთან მისმა სასიყვარულო კავშირმა მისი ტალანტის რეალიზაციას შეუწყო ხელი, მაგრამ ამან საბოლოოდ გააფუჭა კამილის ურთიერთობა დედამისთან. ამ უკანასკნელს ისედაც ნაკლებად აინტერესებდა საკუთარი გოგონა, რადგან გოგონას ნაცვლად, იგი პირველი, ადრე გარდაცვლილი ბიჭის „შემცვლელს“, ასევე ბიჭს ელოდა. დედის გულგრილი დამოკიდებულებები უკიდურესად უარყოფითად აისახა კამილის ხელოვნებით დაინტერესებაზე. ოჯახური კონფლიქტი, რომელშიც დედის მხარეს ასევე კამილის უმცროსი ძმა, პოეტი და დიპლომატი, ასევე მისი დაც მონაწილეობდა, ისე გამწვავდა, რომ კამილი იძულებული გახდა, მშობლიური სახლიდან გაქცეულიყო. მას მორალურად და მატერიალურად მხოლოდ მამა უჭერდა მხარს.

1892 წელს, აბორტის გაკეთების შემდეგ, კამილმა როდენთან სასიყვარულო კავშირი შეწყვიტა, თუმცა მათი ურთიერთობა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდა. სწორედ მაშინ შექმნა მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარი – „სიმწიფის ხანა“ (1900), რომელიც როდენთან განშორების ალეგორიად აღიქმება, თუმცა, ამავდროულად, ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი გარდატეხების სიმბოლოცაა. დახრილი ფიგურა, სახელწოდებით „მავედრებელი“, რომელიც სასოწარკვეთილი ებღაუჭება მიმავალს, ცალკე ამ კომპოზიციისთვის შეიქმნა და კამილის ავტოპორტრეტს წარმოადგენს.

კამილის უკანასკნელი ნამუშევარია ინდური ეპოსის მიხედვით შექმნილი კომპოზიცია „შაკუნტალა“. ორი ჩახუტებული შიშველი სხეულის გამოსახულება ხელოვნებათმცოდნეებმა კამილის ყველაზე სანუკვარი და აუხდენელი ოცნების სიმბოლოდ აღიქვეს, გათავისუფლებულიყო საზოგადოების წნეხისგან, მსახვრალი ბედის უკუღმართობისგან და მოეპოვებინა აღიარება, დამოუკიდებლობა და ბედნიერება.

საუკუნეთა მიჯნაზე, კამილ კლოდელს ხანმოკლე აღიარება ესტუმრა: მისი ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობდა, გამოჩნდა კომერციული შეკვეთებიც, თუმცა, იღბლიანი პერიოდი ძალზე მალე დასრულდა. მის ნაცვლად, დადგა ფინანსური და ემოციური კრიზისი. ქანდაკება დიდი ფუფუნება იყო, ამიტომაც, შეკვეთებს არარეგულარი ხასიათი ჰქონდა. როდენთან განშორებისგან გამოწვეული ტკივილი იმ კრიტიკოსების სიძულვილს შეერწყა, რომლებიც მასში მხოლოდ მასწავლებლის აჩრდილს ხედავდნენ. იგი იჭვნეულად უყურებდა მისი ნამუშევრების პლაგიატით იყვნენ დაკავებულ კოლეგებსაც. 1905 წლის შემდეგ, კამილს ფსიქიკური აშლილობა გაუმწვავდა. იმის შიშით, რომ როდენი იდეებს მოპარავდა, მან საკუთარი სკულპტურები და თაბაშირის მულაჟები გაანადგურა.

48 წლის ასაკში, კამილის ოჯახის ინიციატივით, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ოჯახს მისი გათავისუფლება არაერთხელ შესთავაზეს, იგი იქ დარჩა სიკვდილამდე, 1943 წლამდე. კამილი აღარ შეხებია აღარც თიხას, აღარც ქვას, აღარც ბრინჯაოს. დედას და დას იგი არც ერთხელ არ მოუნახულებიათ. ასე დაუფასებლად გარდაიცვალა უნიჭიერესი, მიზანსწრაფული და ბრწყინვალე ტალანტის მქონე ხელოვანი – მარტოობასა და სიღარიბეში, ყველასგან მიტოვებული.

მიუხედავად იმისა, რომ კამილმა თავისი ნამუშევრების უმრავლესობა გაანადგურა, მისი დაახლოებით 90 სკულპტურა, ნაძერწი და ესკიზი მაინც გადარჩა. მათ შორის ოცდაათი პარიზის როდენის მუზეუმში ინახება, 43 კი ნოჟან-სიუღ-სენის კამილ კლოდელის მუზეუმშია დაცული.