სტატიები

კიდევ ერთხელ ქალი გამომგონებლების შესახებ

თუ ვინმე ალალბედზე ცნობილი გამომგონებლების ჩამოთვლას მოგვთხოვს, მეხსიერებაში მაშინვე თომას ედისონის, ალექსანდრ ბელის ან ლეონარდო და ვინჩის სახელები ამოგვიტივტივდება, ქალი გამომგონებლების შემთხვევაში კი – მსოფლიოში პირველი პროგრამისტის ადა ლავლეისისა და ვაიფაის გამომგონებლის ჰედი ლამარის. მაგრამ, ბევრმა არ იცის, ვინ არიან მერი ანდერსონი ან ენ ცუკამოტო.

შესაძლოა, მათი სახელები არც გაგვიგია. არადა, სულ ტყუილად. ქალი გამომგონებლების დამსახურება უმნიშვნელო სულაც არაა, რასაც ქვემოთ მოყვანილი მიმოხილვაც ადასტურებს.

გრეის ჰოპერი (Grace Hopper) – პროგრამული უზრუნველყოფა

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მუშაობის დაწყების შემდეგ, გრეისი ახალი კომპიუტერის – Mark I-ის შექმნაზე მუშაობას შეუდგა.

სულ მალე, ჰოპერი პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კვლევას ჩაუდგა სათავეში. მან პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც სიტყვიერი ინსტრუქციების ციფრულ კოდად გარდაქმნა გახდა შესაძლებელი. ამ ციფრული კოდის წაკითხვა უკვე კომპიუტერის პროცესორს შეეძლო. ამ მოვლენამ პროგრამირების პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი და კომპიუტერების მუშაობის პრინციპი ძირფესვიანად შეცვალა.

ამერიკელ მეცნიერს მიეწერება, აგრეთვე, ტერმინის debugging (წარმოქმნილი შეცდომების გასწორება) პოპულარიზაცია. დასახელებული ტერმინი კომპიუტერულ პროგრამებში შეცდომების გასწორების მიზნით დღემდე აქტიურად გამოიყენება. ჰოპერს ეს სიტყვა თავში მას შემდეგ მოუვიდა, რაც მან თავის კომპიუტერში მოხვედრილი ხოჭოს (bug) ამოღება შეძლო.

გრეის ჰოპერს ზედმეტსახელად „საოცარ გრეისს“ უწოდებდნენ. იგი კომპიუტერთან მუშაობას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტიდან წასვლამდე, 79 წლის ასაკშიც კი, განაგრძობდა. გრეისი აქ უხუცესი მოქმედი ოფიცერი იყო.

დოქტორი შირლი ენ ჯექსონი (Shirley Ann Jackson) – აბონენტის ნომრის ამომცნობი და მომლოდინე ზარი

დოქტორი შირლი ენ ჯექსონი ამერიკელი ფიზიკოსია. 1970-იან წლებში მისმა საქმიანობამ ორი სატელეფონო მომსახურება გვისახსოვრა: ნომრის ამომცნობი სისტემა და დაკავებული ხაზის პირობებში, შემოსული ზარის შესახებ შეტყობინება.

მისი ინოვაციური აღმოჩენები ტელეკომუნიკაციის სფეროში შემდგომში საფუძვლად დაედო პორტატული ფაქს-მოდემის, ოპტიკური ბოჭკოებისა და მზის ელემენტების შემუშავებას.

შირლი ჯექსონი პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა და ერთ-ერთი პრესტიჟულ სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტს სათავეშიც ჩაუდგა.

მერი ანდერსონი (Mary Anderson) – ავტომობილის საქარე მინის გამწმენდი

1903 წლის ზამთრის ცივ დღეს, ნიუ-იორკში გამგზავრებისას, მერი ანდერსონმა ყურადღება მიაქცია, რომ მის მძღოლს მუდმივად ავტომობილის სარკმლის გაღება და საქარე მინიდან თოვლის ხელით აწმენდა უწევდა. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი წმენდის შემდეგ, მანქანის სალონში სულ უფრო და უფრო მეტი სიცივე ისადგურებდა.

ამ ფაქტმა ანდერსონს რეზინის ნიჩბის მსგავსი მოწყობილობის გამოგონებისკენ უბიძგა, რომლის მოძრაობაში მოყვანაც სალონის შიგნიდან იქნებოდა შესაძლებელი. იმავე წელს, მან გამოგონების პატენტი მიიღო.

თუმცა, ეს გამოგონება საავტომობილო კომპანიებს თვალში მაინცდამაინც არ მოუვიდათ: მათ ეგონათ, რომ საქარე მინის გამწმენდი მძღოლებს მანქანის მართვაზე კონცენტრირებაში შეუშლიდა ხელს.

შესაბამისად, თავისი გამოგონების სანაცვლოდ, რომელიც მოგვიანებით ავტომობილის განუყოფელ ნაწილად იქცა, ანდერსონს არანაირი სარგებელი არ მიუღია.

ოლგა გონსალეს-სანაბრია (Olga D Gonzalez-Sanabria) – ბატარეები კოსმოსური სადგურისთვის

შესაძლოა, ეს გამოგონება ჩვენი სიის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი არ იყოს, მაგრამ ნიკელის ხანგრძლივი მოხმარების წყალბადის ბატარეა ჩვენს ყურადღებას თუნდაც იმიტომ იმსახურებს, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ენერგიით მომარაგებაში.

ეს ყველაფერი პუერტორიკოელი მეცნიერის ოლგა გონსალეს-სანაბრიას წყალობით განხორციელდა, რომელიც 1980-იან წლებში ენერგომომარაგების სისტემების შემუშავების სფეროში მუშაობდა, ახლა კი ნასას კვლევითი ცენტრის საინჟინრო განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ჯოზეფინ კოკრეინი (Josephine Cochrane) – ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჯოზეფინ კოკრეინს საკუთარ ვილაში მდიდრული წვეულებების გამართვა უყვარდა. იგი ისეთ მოწყობილებაზე ოცნებობდა, რომელსაც ჭურჭლის გარეცხვა გაცილებით სწრაფად და აკურატულად შეეძლებოდა, ვიდრე ამას მისი მოსამსახურე აკეთებდა, ყოველი რეცხვისას თეფშების მსხვრევის თანხლებით.

კოკრეინმა პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყლის ჭავლის გამოყენებით შექმნა: სპილენძის ბაკში მოტორით ამოძრავებული ბორბალი ტრიალებდა.

კოკრეინის ქმარი ალკოჰოლიკი იყო და გამომგონებელს სიკვდილის შემდეგ უამრავი ვალი დაუტოვა. ქალისთვის ეს ფაქტი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონების დაპატენტებისა და მისი მწარმოებელი ფაბრიკის გახსნის სტიმულად იქცა.

მერი ვან ბრიტან ბრაუნი (Marie Van Brittan Brown) – სახლის დაცვის სისტემა

მედდა მერის სახლში მარტო ღამის გათევა ხშირად უწევდა. ამ დროს მოუვიდა მას შენობის დაცვის სისტემის შექმნის იდეა, რათა თავი დაცულად და მშვიდად ეგრძნო.

1960-იანი წლების ამერიკაში მზარდი კრიმინალისა და მის ალაგმვაში პოლიციის უუნარობის საპასუხოდ, მერიმ და მისმა ქმარმა ალბერტმა სახლის დაცვის პირველი მოწყობილობა შექმნეს.

ეს იყო ძალზე რთული და დეტალებით გადატვირთული მექანიზმი: მაგალითად, კამერა მოძრაობაში მოტორს მოჰყავდა და კარზე ზევით-ქვევით მოძრაობდა, კარის ჭუჭრუტანაში შესაჭვრეტად.

კამერისგან გადაცემული ინფორმაცია გამომგონებლის საძინებელში მოთავსებულ მონიტორზე გადიოდა, მონიტორი კი განგაშის სიგნალით იყო აღჭურვილი.

ენ ცუკამოტო (Ann Tsukamoto) – ღეროვანი უჯრედების გამოყოფა

ენმა 1991 წელს ღეროვანი უჯრედების გამოყოფის ტექნოლოგია დააპატენტა.

მისი წვლილი სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტებში სისხლძარღვთა სისტემის პროცესების შესწავლის საქმეში, კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონების საწინდარია.

დღეს, ცუკამოტოს უკვე შვიდი პატენტი ეკუთვნის, და იგი კვლავ ღეროვანი უჯრედების ზრდის კვლევებზე მუშაობს.

სტეფანი კვოლეკი (Stephanie Kwolek) – კევლარი

სტეფანი კოვლეკმა სახელი კევლარის გამოგონებით გაითქვა. კევლარი მსუბუქი ბოჭკოა, რომელსაც ჯავშანჟილეტებისა და დამცავი აღჭურვილობების დასამზადებლად იყენებენ.

სტეფანის მიერ 1965 წელს გაკეთებული აღმოჩენიდან მოყოლებული, კევლარმა, რომელიც ფოლადზე 5-ჯერ მყარია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ასევე, ყოველდღიურად, მას უამრავი ადამიანი იყენებს.

კევლარის მასალისგან უამრავ საგანს ამზადებენ, დაწყებული საშინაო ხელთათმანებითა და მობილური ტელეფონებით, დამთავრებული საავიაციო ინდუსტრიის დეტლებითა და შეკიდული ხიდების კონსტრუქციებით.

ელიზაბეთ მეჯი (Elizabeth Magie), თამაში „მონოპოლია“

„მონოპოლია“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია. მის გამოგონებას არამართებულად მიაწერენ გამომგონებელ ჩარლზ დეროუს, თუმცა, სინამდვილეში, იგი ამერიკელმა ელიზაბეთ მეგიმ გამოიგონა.

ელიზაბეთი ანტიმონოპოლისტი იყო. მას თვალნათლივ სურდა მიწების მონოპოლიზაციის დემონსტრირება. ამისათვის, მან ინოვაციური თამაში „მიწათმფლობელი“ მოიგონა, რომელშიც, მოთამაშეები ყალბი კუპიურების მეშვეობით ქონებით ვაჭრობდნენ.

თამაშზე პატენტი გამომგონებელმა 1904 წელს აიღო.

თამაში „მონოპოლია“, ამჟამინდელი სახით, პირველად კომპანია Parker Brothers-მა გამოუშვა, 1935 წელს. მაშინ, კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ დეროუ თამაშის ერთადერთი შემქმნელი არ ყოფილა, რომ მან მეჯისგან პატენტი 500 დოლარად გამოისყიდა და ფაქტიურად, თამაშის „მონოპოლიზება“ შეძლო.

წყარო: bbc.com