გადაწყვეტილება
02 სექტემბერი, 2017 წელი
საქმეზე N 148
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, თეა ზიბზიბაძე.
განმცხადებელი: საფარი მოპასუხე: მაია ასათიანი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაცია “საფარმა”, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა 2017 წლის 15 ივნისს, „რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილში“. სადავო გადაცემაში რესპონდენტის სტატუსით მოწვეული იყო მარიამი, 5 შვილის დედა, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც თავს სექს სამუშაოთი ირჩენს, სტუდიაში ასევე მოწვეული იყვნენ სტუმრები, რომლებიც აფასებდნენ რესპონდენტის მიერ შემოსავლის მიღებას სექს სამუშაოთი. სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. ქარტიის საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სტიგმატიზირება დისკრიმინაციის ერთ – ერთი სახეა, კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის რაიმე ნიშნით გამორჩევა და ამ ნიშნისათვის უარყოფითი მნიშვნელობის დაუსაბუთებლად მინიჭება იწვევს დისკრიმინაციას.
სწორედ ამ საფუძვლით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია. პირის, რომელიც სექსუალური მომსახურებით იღებს შემოსავალს, გადაცემაში მოწვევა სტუდიის სტუმრების მიერ მის საქციელის განსჯის/შეფასების მიზნით, უკვე დისკრიმინაციის წინაპირობაა. გადაცემის სტუმრები მას ეკითხებიან როგორ არის შინაგანად, არის თუ არა მისთვის ეს საქმიანობა [სექსუალური მომსახურება] მორალურად ძნელი, ჰკიცხავენ თუ რატომ ვერ ახერხებს უფრო „პატიოსანი“ გზით შემოსავლის მიღებას. ყველაფერი ეს კი ცალსახად მიუთითებს, რომ როგორც წამყვანი, ისე მისი სტუმრები აპრიორი თვლიან, რომ სექსუალური მომსახურება არის „ამორალური“, „არაპატიოსანი“.
რესპონდენტი და მისი საქმიანობა გამოდის „მორალურ სამსჯავროზე“, მსგავსი სახით გადაცემის მომზადება და წარმართვა იწვევს არა მხოლოდ მოწვეული სტუმრის დისკრიმინაციას, არამედ იმ ჯგუფს, რომელიც ახორციელებს სექსუალურ მომსახურებას, წარმოაჩენს, როგორც „ამორალურს“ და „არაპატიოსანი საქმიანობით დაკავებულს“ და ახდენს მათ სტიგმატიზებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც წამყვანი, ისე მოწვეული სტუმრები თითქოს და თანაუგრძნობენ რესპონდენტს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ის „იძულებულია“ ამ საქმით დაკავდეს. ამასთან, მკვეთრად უარყოფით რეაქციას და მორალურ უპირატესობას გამოხატავენ იმ პირთა მიმართ, რომლებიც სექსუალურ მომსახურებას შეიძლება ძვირადღირებული ნივთების შესაძენად ახორციელებდეს, რომ მათ შრომა ეზარებათ და უფრო მარტივ, მაგრამ მიუღებელ და „ამორალურ“ გზებს მიმართავენ შემოსავლის მისაღებად. მაგალითად, მოწვეული სტუმარი ირმა სოხაძე საუბრობს სექსსამუშაოს მორალურ მხარეზე და ადარებს მას სახლის დალაგებას, ბავშვების გაზრდას და „ადანაშაულებს“, „პასუხს სთხოვს“ რესპონდენტს რატომ აირჩია სექსუალური მომსახურებით შემოსავლის მიღების გზა. სხვა მაგალითები – გადაცემის სტუმარი განსჯის მთავარ გმირს და მიუთითებს: „ეს ძალიან ცუდი გზაა, თქვენ თვითონ ინადგურებთ თავს“, „იმ 50 ლარისთვის თავს იღუპავთ და ინადგურებთ“, სტუმარი ზურა ხაჩიძე რელიგიურ კონტექსტში განიხილავს გადაცემის გმირის ამბავს და ამბობს: „მე არ განვიხილავ მას, როგორც „მრუშს“, სტუმარი გიორგი სუხიტაშვილი: „მერჩივნა კარდაკარ ევლო და მოწყალება ეთხოვა“, მსგავსს მოსაზრებებთან წამყვანი არ გამიჯვნია, პირიქით იგი თავადაც ხაზს უსვამდა „მეძავად“ ყოფნის ამორალურობას და მიუღებლობას.
საბოლოო ჯამში საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ გადაცემამ გააძლიერა სტიგმა სექსმუშაკების მიმართ, რადგან მათ საქმიანობა შეფასებული იქნა როგორც „ამორალური“, „მიუღებელი“, „არაპატიოსანი“. იმის გათვალისწინებით, რომ სექსმუშაკები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხშირია მათზე როგორც ფიზიკური, ისე მორალური ძალადობა, გარიყულნი არიან საზოგადოებიდან, ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის დაუშვებელია, რომ ჟურნალისტი ახალისებდეს და ამყარებდეს მათ მიმართ სტიგმას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
საქმის მასალები
წყარო: qartia.ge