ჯილ ფილიპოვიჩი (Jill Filipovic), Time
ჰიუ ჰეფნერს უყვარდა თავისი აბრეშუმის ხალათები, მდიდრული ვილა, ვინტაჟური მანქანები და, რაღა თქმა უნდა, თავისი გოგოები, – როგორც თავად უყვარდა თქმა – ეს ერთმანეთის მონაცვლე ნორჩი ქერები, ბარბის ღიმილითა და უმეტყველო თვალებით.
ჰეფნერი ამტკიცებდა, რომ „ქალები უყვარდა“. ალბათ, მას ქალების თვალიერება უყვარდა, უკიდურეს შემთხვევაში, იმ ქალების, რომლებიც კონკრეტულ შაბლონებს ერგებოდნენ. მას ქალების ამ იმიჯის გაყიდვა მოსწონდა სხვა კაცებზე, რომლებსაც „ქალები უყვარდათ“. რა თქმა უნდა, იგი უამრავ ქალს შეხვედრია, სექსიც ბევრთან ჰქონია და ურთიერთობაც. მაგრამ, მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ჰეფნერი რომელიმე მათგანს ახლო იცნობდა და ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი მათგანი არ ჰყვარებია.
ჰიუ ჰეფნერი უბრალოდ ძვირფას და სულელურხალათიანი ფულის ტომარა არ ყოფილა; ბევრი მონაცემის მიხედვით, იგი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყო. საბოლოოდ, მას იმ მრავალრიცხოვანი ქალიდან ერთ-ერთის, მერილინ მონროს გვერდით დამარხავენ, რომელსაც თავის გასამდიდრებლად ნეხვში ათრევდა. სწორედ მისი ფოტოების წყალობით გახდა ჰეფნერის ჟურნალი პოპულარული, თუმცა, მერილინი მათი გამოქვეყნების სასტიკი წინააღმდეგი იყო.
დიახ, თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარი გამოწვევების – სიტყვის თავისუფლების, რეპროდუქციული არჩევანის, გეების უფლებების თვალსაზრისით, ჰეფნერს სწორი პოზიცია ეკავა. Playboy დუღდა და გადმოდუღდა სიშიშვლით, სექსითა და სურვილებით, მაგრამ ამას შეძლებისდაგვარად ვიწრო ჩარჩოებში აკეთებდა, კაცების შეხედულებების, გამოცდილებების, ინტერესების, მისწრაფებებისა და სურვილების თვალსაზრისით. ჰეფნერი იტყოდა, რომ ალბათ Playboy კაცური ფსიქიკის ანარეკლი იყო. მაგრამ, ამასთანავე, მან თავისი წვლილი შეიტანა როგორც ამ „კაცური ფსიქიკის“, ასევე კულტურული მენტალობის ჩამოყალიბებაში.
ჰეფნერს და Playboy-ს ქალები ადამიანებად და მით უფრო კაცის მსგავს არსებებად არასოდეს ჩაუთვლიათ. ჰეფნერმა ქალი სექსუალური ნდომის ძალიან ხელმისაწვდომ ობიექტად აქცია – როგორც წესი, Playboy-ს ლამაზმანები ჩვეულებრივი მეზობლის გოგოები იყვნენ და არა – ცნობილი კინომსახიობები. ეს იყო კაცებისთვის გაცემული ერთგვარი ოფიციალური ნებართვა, ყველა ქალისთვის შარვლის უბის რაკურსით შეეხედათ და არ ედარდათ იმაზე, რომ ამგვარი ინტერესი სხვანაირად გამოეხატათ.
ჰეფნერი ოსტატურად მიეკედლა სექსუალურ რევოლუციასა და მის გამომწვევ ფემინისტურ მიღწევებს. მისი მომგებიანი პოზიციიდან, შიშველი ქალებით სავსე ჟურნალის გამოშვება მხოლოდ და მხოლოდ „თავისუფალი სიყვარულის“ ახალი კულტურის ნაწილი იყო. აქ გამონაკლისს ის ქალები შეადგენდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ თავსმოხვეული ჰქონდათ სექსუალური შუამავლის როლი და რომლებიც ხშირად იძულებულნი იყვნენ, დატანჯულიყვნენ და სირცხვილი ეგრძნოთ დაორსულების გამო.
ამასთანავე, ჰეფნერთან სიამოვნებაზე წვდომა ქალებს კაცების თანაბრად არ ჰქონდათ. „თავისუფალი სიყვარულის“ ცნება იმას ნიშნავდა, რომ კაცებისთვის სექსუალური ხელმისაწვდომობის გზაზე არსებული წინაღობები სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდებოდა. ეს სულაც არ ნიშნავდა სქესობრივი კონტაქტისას ამ კაცების მცდელობას, სექსუალური სიამოვნება მიენიჭებინათ ქალებისთვის, ან მათთვის პასუხისმგებლობის გადანაწილებას გაუთვალისწინებელი შედეგების – ინფექციების ან ორსულობის გამო. რაღა თქმა უნდა, ჰეფნერი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისა და აბორტის უფლების მომხრე იყო, მაგრამ ამ კომპონენტებს ქალის თავისუფლების ჭრილში კი არა, კაცის სექსუალური ცხოვრების თვალსაზრისით განიხილავდა. მას პრინციპულად არასოდეს გაუპროტესტებია სექსზე ასეთი შეხედულება, რომლის დროსაც პირველ პლანზე გადმოდის კაცის სიამოვნება და გამოცდილება, მაშინ, როდესაც ქალს მხოლოდ შემსრულებლის როლი აკისრია. ნებისმიერ შემთხვევაში, მან ამ საკითხში მნიშვნელოვანი დისბალანსი დაამკვიდრა. ეს დისბალანსი მან ბრენდის მეშვეობით გააძლიერა, ბრენდმა კი ქალი ისეთ ნივთად აქცია, რომლის შეძენაც კაცს ან უნდა, ან – არა.
არაფერია ცუდი გაშიშვლებასა და სექსუალურობაში, და ზოგიერთ ფემინისტს შეუძლია ამტკიცოს, რომ ჰეფნერი ბრიყვულ კულტურულ პურიტანიზმს ებრძოდა. მაგრამ, ამერიკელი ქალებისგან ესთეტიკურ და სექსუალურ სიამოვნებას უკვე კარგა ხნის წინ გამოელიან; უბრალოდ, ჰეფნერმა მეტი შიშველი სხეული გვიჩვენა. სექსისტური კეთილგონიერება, რომელიც ქალის ღირსებას მის სექსუალურ არჩევანს უტოლებდა, სექსუალური ობიექტივიზაციით შეიცვალა, რომელიც ქალისგან კაცის საამებელ ვნებიანობასა და სექსუალურობას მოითხოვდა, მაგრამ, ამასთანავე, მას საკუთარი პირობებით სჯიდა ჭარბი სექსუალობის გამო.
ჰეფნერის დამოკიდებულება ქალის თავისუფლების მიმართ კარგად ჩანდა მის მათდამი დამოკიდებულებაში. ზოგიერთი ქალი Playboy-ს ვილაში ისე იყო გამომწყვდეული, როგორც ხაფანგში: ისინი იძულებულნი იყვნენ, დაეცვათ მკაცრი წესები, დრო და თავიანთი მოხუცი კეთილისმყოფელის მოთხოვნით, სქესობრივი კონტაქტები დაემყარებინათ, ნაწილობრივ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ (ამბობენ, რომ მეტაკვალონს იგი „ფეხების გადამშლელ საშუალებას“ უწოდებდა). ჟურნალისტმა, ამჟამად ცნობილმა ფემინისტმა გლორია სტეინემმა (Gloria Steinem), ერთხელ „ბაჭიას“ ტანსაცმელი ჩაიცვა და ნიუ-იორკში Playboy-ს კლუბში დაიწყო მუშაობა, სადაც ახალგაზრდა ქალებს რაღაც საიდუმლო წესები უნდა დაეცვათ. აღმოჩნდა, რომ ამ წესების ნებისმიერი დარღვევის გასაკონტროლებლად, მას კერძო დეტექტივები უთვალთვალებდნენ და ოპერატიულ ექსპერიმენტებს უტარებდნენ. სამუშაოს დაწყებამდე, ყველა „ბაჭია“ იძულებული იყო, სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე ანალიზი გაეკეთებინა და გინეკოლოგიური გამოკვლევა ჩაეტარებინა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეულ კაც გინეკოლოგებთან.
ჰეფნერის ცხოვრების ბოლო წლებში, ამერიკა შეიცვალა, და მასთან ერთად გადასხვაფერდა ჟურნალი Playboy-ც. ჟურნალი და თავად ჰეფნერიც, ერთ დროს დახვეწილი კაცის იმიჯით ვაჭრობდნენ, მაგრამ, 2000-იან წლებში, ეს იმიჯი უგემოვნო და ჩამორჩენილი გახდა, Playboy-ს ვილაში გადაღებულმა რეალითი შოუებმა კი სიტუაცია უფრო დაამძიმა. შეიცვალა თავად ჟურნალიც: ყველასათვის ხელმისაწვდომი უფასო ინტერნეტ-პორნომ Playboy-ს გოგონების მიმართ ინტერესი ლამის მთლად გააქრო. ახლა, ჟურნალში სიშიშვლე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ადრე.
ჰეფნერი საშინელი რამეებით გამდიდრდა. მაგრამ მაინც, ცოტათი მეცოდება ეს ადამიანი, რომელიც იმდენად კონფლიქტში იყო საკუთარ თავთან, რომ კაცის ავხორცობის ცარიელ ყდაზე მთელი იმპერია ააგო. იგი მასშტაბურ ღრეობებს აწყობდა, გავლენიან ადამიანებს მის ირგვლივ მყოფი ბიკინიანი ქალების წყალობით უახლოვდებოდა, ქალებს კი იმისთვის უხდიდა, რომ მის სახლში ეცხოვრათ და მარტოობის გასაქარვებლად, მასთან სექსი ჰქონოდათ. მან იცოდა, რომ მისი „მეგობრები“ დღის ბოლოს შინ არ წავიდოდნენ, თუ იგი არ უბრძანებდა ამას. ჰიუ ჰეფნერი რომ არა Playboy-ს დამაარსებელი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო, არასოდეს ექნებოდა ის, რასაც შეცდომით სიყვარულად მიიჩნევდა. მას არც სექსი ექნებოდა, არც გოგონები ეყოლებოდა და არც ის კაცები, რომლებსაც მეგობრებს უწოდებდა.
მან თავისი იმპერია კაცის სურვილებზე ააგო, მაგრამ თავად, როგორც ჩანს, მსგავსი არაფერი განუცდია. იგი თავად კაცების იმ ახალი მოთხოვნების პარადიგმაა, რომელსაც თავად ჰყიდდა. ძირითადად, ამის ფასის გადახდა ქალებს უწევდათ, რომლებიც, მისივე თქმით, უყვარდა, მაგრამ ახლა კარგად ჩანს ის ფასი, რაც თავად მან გადაიხადა – ის, რასაც მსხვერპლად იღებს გამელოტებაშეპარული, დაბალი კაცი ფუმფულამკერდიან ქერათმიანთან ურთიერთობის რამდენიმე წუთში. აღსანიშნავია, რომ ჰეფნერის სიკვდილის შემდეგ, მისი სახელი არც იმედებს გვიღვიძებს და არც – ამბიციებს. ერთადერთი ემოცია, რაც მის მიმართ გაგვაჩნია, სიბრალულია.