ფემინიზმი და სახელმწიფოებრიობის განვითარება
თუ გვინდა განვსაზღვროთ, რა ადგილი ეკავა ამა თუ იმ მოძრაობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჭიროა განვიხილოთ იგი ქვეყანის შიდაპოლიტიკური ვითარების და საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის კონტექსტში.
ამგვარი მსჯელობით, ქალთა წინსვლაზე მიმართული, თუ გსურთ ფემინისტური მოძრაობის, შემდეგ ეტაპებს გამოვყოფდი საქართველოში: შევარდნაძის მმართველობის ეტაპს, სააკაშვილის მმართველობის ეტაპს და “ოცნების” მმართველობას, რადგან მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობის ანალიზის ჩარჩოში შეგვიძლია განვიხილოთ ფემინისტური მოძრაობის წარმატება თუ წარუმატებლობა.
“ოცნების” მმართველობის პერიოდი შეიძლება ჩაიშალოს კიდეც, რადგან ამ ეტაპზე დაიწყო ფემინისტური დღის წესრიგის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის დაჩქარება.
ამ “დღიურებში” ჩვენი ქვეყნის ფორმირების პირველ პერიოდს არ შევეხები, თუმცა ამ პერიოდშიც არსებობდა გარკვეული სახის ქალთა აქტივიზმი.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ცნება „ქალის წინსვლაზე მიმართული მოძრაობა“ ყოველთვის არ არის ფემინისტური მოძრაობის ტოლფასი – ფემინისტური მოძრაობისთვის, რა მიმართულებისაც არ უნდა იყოს ის, ქალის დისკრიმინაცია საზოგადოებაში ყველა არსებული უთანასწორობის მთავარი მიზეზია და მთავარი ადგილი უკავია მსოფლხედველობაში. მაგრამ, ასევე ფაქტია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მოხდა ამ ორი მოძრაობის შერწყმა, რაც განაპირობა ფემინისტური მოთხოვნების პროგრამულმა გაწერამ.
პირადად მე, შევარდნაძის მმართველობის პერიოდს “ფემინისტურ გამოღვიძებას” ვუწოდებდი. იგი ვითარდება ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო ნორმების აღიარების და დანერგვის ფონზე. 1994 წელს, საქართველომ CEDAW კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, 1995 წელს საქართველოს დელეგაცია პეკინის კონფერენციას დაესწრო. ამას მოჰყვა ქალის დისკრიმინაციაზე მსჯელობის დაწყება სახელმწიფო დონეზე, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და ქალთა წინსვლაზე მიმართული ღონისძიებების გატარება. ასევე, დაიწყო პირველი ქალთა ორგანიზაციების და ქსელების ჩამოყალიბება. მათ შორის ჩამოყალიბდა პირველი ფემინისტური ორგანიზაციაც “ფემინისტური კლუბი”[1].
ამ პერიოდში მოღვაწე აქტივისტები და მეცნიერები ალბათ დამეთანხმებიან, რომ მაშინ მოძრაობის უპირველესი ამოცანა ქალის მიმართ არსებული დისკრიმინაციის უარყოფის დაძლევა და საზოგადოებაში ქალის უთანასწორო მდგომარეობის გამოაშკარავება იყო.
მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია საქართველოში, თუმცა წინაღობის ძალა ბევრად შემცირდა და უკვე ბევრი ლობისტი გვყავს საზოგადოების სხვადასხვა ფენასა თუ სექტორში.
ამ დროს საფუძველი ჩაეყარა ქალთა საკითხების კვლევებს, ფემინისტური და გენდერული თემატიკის მქონე ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ქალთა უფლებებზე, სამშვიდობო საქმიანობას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საკონსულტაციო ცენტრების გახსნას ქალთა ორგანიზაციების ბაზაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდაზე მიმართულ ადვოკატირების კამპანიებს.
ისევე, როგორც ქვეყანა, მაშინდელი ქალთა მოძრაობაც ცდილობს იზოლაციიდან გამოსვლას, და საერთაშორისო ფემინისტურ დიალოგში ჩართვას. დაიწყო სხვადასხვა საერთაშორისო ქსელებში გაერთიანება, გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობა: UNIFEM-თან, Devision for Advancement of Women-თან, ECOSOC-თან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყარა CEDAW კომიტეტთან დიალოგს.
ასევე, დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციებში გენდერული თემატიკის ინიცირება.
სწორედ იმ პერიოდის აქტივისტების დამსახურებაა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ეროვნული რესპუბლიკური ინსტიტუტისა თუ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ქალთა პროგრამების შემოსვლა ქვეყანაში. ამით იმას ვამბობ, რომ პროცესი ორმხრივი იყო და არა იმას, რომ აქტივიზმმა განაპირობა მათი საქართველოსადმი ანდა ქალთა წინსვილის მხარდაჭერისადმი ინტერესი. უბრალოდ, არ მინდა, დავიწყებული იყოს ის წვლილი და შრომა, რომელიც ამ პერიოდის აქტივისტებმა გასწიეს საქართველოში ქალთა პროგრამების მოსაზიდად და გასააქტიურებლად.
უსამართლო იქნება, თუ არ ავღნიშნავთ თამარ აბრამიშვილის 6-წლიან ლობირებას, რომელიც წინ უძღოდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ქალთა პროგრამების დაწყებას საქართველოში; ან კიდევ პირველი ქალთა პოლიტიკური ქსელის, რომლის წევრებიც იყვნენ ნინო ციხისთავი, ნატო შავლაყაძე, ელისო ამირეჯიბი, ლია ჯაყელი, ია ვერულაშვილი და ა. შ. (ყველას არ ჩამოვთვლი, რადგან არსებობს ამ ინიციატივის ამსახველი დოცუმენტაციაც და ფოტომასლაც), ინიციატივას, რომელიც საფუძვლად დაედო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ქალთა პროგრამას; ან კიდევ, ჩემს პირად შრომას, რომელიც გავწიე თეთრ სახლში, ვაშინგტონში, ეროვნული რესპუბლიკური ინსტიტუტის ქალთა პროგრამის ლობირებისას.
პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა და ამით ფემინისტური მოძრაობის წვლილის დაკნინება ქალთა წინსვლის პროგრამული უზრუნველყოფის საქმეში, სტრატეგიული შეცდომაა. მით უმეტეს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის საკითხი დღესაც აქტუალურია და მისი სწორი დაგეგმვა არსებითი მნიშვნელობისაა ფემინისტური წარმტების მისაღწევად.
ქალთა მოძრაობას ამ ეტაპზე არ გააჩნდა ერთიანი სტრატეგია ან განვითარების ხედვა. მისი განუვითარებლობა, მსოფლმხედველობრივი სიჭრელე, ეკლექტურობა, ხელს უშლიდა ქალთა წინსვლის ერთიანი დღის წესრიგის შემუშავებას.
თუმცა, მაინც შესაძლებელი გახდა ფემინისტური დისკურსით მეინსტრიმ მედიის გარღვევა და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა, რასაც ხელს უწყობდა ამ პერიოდის მედიის შედარებითი თავისუფლება. აღსანიშნავია, მაშინ ალტერნატიული მედიის, რუსთავი 2-ის წვლილი ქალთა საკითხის წინ წამოწევის საქმეში. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებდი “გენდერული განვითარების ასოციაციის” მიერ მომზადებულ გადაცემებს, გოგი გვახარიას “ფსიქოს” ფორმატში მიმდინარე ფემინისტურ განხილვებს და ა.შ. საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა კვლევებსა და დისკუსიებში და ზოგადად, ქალთა პრობლემის წინ წამოწევაში, პროგრესული ახალგაზრდობის ჩართვაც. ასეთები იყვნენ დღეს კარგად ცნობილი ფიგურები: გიორგი მაისურაძე, გიგა ზედანია, სალომე ასათიანი და სხვ.
ასევე, ფემინისტური განაცხადი გაკეთდა საერთაშორისო დონეზეც და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობით, გაეროს ქალთა კომისიის მუშაობის ფორმატში ჩართვით, მან ერთგვარი ხილვადობა მოიპოვა. ისიც აღსანიშნავია, რომ თავად საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც უფრო მაღალი იყო ქალთა საკითხისადმი საქართველოში, ვიდრე შემდგომ ეტაპზე. შემდგომ ეტაპზე, გაეროს რადიოს ნიუ იორკში არც ერთხელ არ დაუთმია ეთერი საქართველოში ქალთა პრობლემატიკისადმი, არც საქართველოს ქალების წინსვლის პროექტის პრეზენტაცია მოწყობილა ჟენევაში. ამ ყურადღებას ორი მიზეზი ჰქონდა: საქართველო იყო ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რიგში, რომელიც გაეროს სისტემაში ჩაერთო, და ის, რომ მსოფლიო ქალთა მოძრაობა აღმავლობაში იმყოფებოდა, რაც ქალთა საკითხებს აქტუალობას სძენდა.
თავად სახელმწიფოს დამოკიდებულებაც ქალთა საკითხისადმი (მინდა ხაზი გაუსვა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ დამოკიდებულებაზე, რადგან მას არანაირი რეალური ქმედება არ მოჰყოლია) ნაკლებად დისკრიმინაციული იყო, რისი ინდიკატორებიცაა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა ქალთა საკითხების განხილვებში, დელეგაციის თანამდებობრივი რანგი, რომელიც სახელწიფოს მხრიდან CEDAW ანგარიშის წარსადგენად გაიგზავნა და სხვ.
მიუხედავდ ამისა, ქვეყნის შიდა თუ გარე პრობლემებმა, კორუფციამ და პოლიტიკურმა კრიზისმა, ფარატინა ქაღალდად აქცია მიღებული, ქალთა წინსვლაზე მიმართული ბრძანებულება #511. ამ ბრძანებულებას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ეფექტური ქმედება არ მოჰყოლია.
ქალთა მოძრაობის შემდგომი ეტაპი სრულიად სხაგვარ კონტექსტში და სხვა შიდა მოცემულობით შედგა. ქალთა თემა ნაკლებად პრიორეტულია ქვეყნის განვითარების ამ პერიოდში. იგი გადაფარულია ზოგადი რეფორმატორული რიტორიკით, 2006 წლიდან კი, საომარი კონფლიქტის ესკალაციის რიტორიკით. საზოგადოებრივ მეინსტრიმ დისკურსში ქალთა საკითხმა უმნიშვნელო, მარგინალურ ადგილი დაიკავა. იგი ცენტრლური მედიის ყურადღების მიღმა დარჩა და დაკარგა აქტუალობა.
ამავდროულად მიმაჩნია, რომ ეს ეტაპი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბებისთვის და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამკვირდებისთვის.
სწორედ ამ დროს შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ჩარჩო: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა გენდერული თანასწორობის კონცეფცია, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონი და ბოლოს, კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. პარლამენტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, რომლის ძირითად ექსპერტულ პოტენციალს არსამთავრობო სექტორის წევრები წარმოადგენდნენ.
დაიწყო ბევრად უფრო მიმართული მუშაობა რეგიონებთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და პროცესში რეგიონული ორგანიზაციების უფრო აქტიური ჩართვა. ასევე, საფუძველი ჩაეყარა ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაზე მიმართულ პროგრამებს, რამაც მათ საშუალება მისცა ჯერ კიდევ განუვითარებელი სახელმწიფო გენდერული სტრუქტურების მაგივრობა გაეწიათ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები მიეწოდებინათ ქალებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ფემინისტური აქტივიზმი შეავიწროვა აქტივიზმისადმი ინსტრუმენტალურმა მიდგომამ, შედეგი თვალნათელია: ამ პერიოდის ფემინიტურმა მოძრაობამ საფუძველი მოუმზადა ცნობიერების უფრო მასშტაბურ ცვლილებებს და გზა გაუკაფა სახელმწიფო გენდერულ პოლიტიკას.
ფემინისტური ბრძოლის დასაწყისი და ცვლილებები დროში
ჩემი ცნობიერი ჩართვა ფემინისტურ მოძრაობაში 80-იან წლებში, უფრო სწორად, “გარდაქმნის” პერიოდში მოხდა. აქტივიზმში ჩართვას ხელს უწყობდა ჩემი კავშირი დისიდენტურ წრეებთან თბილისსა თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ინფორმაციის მოპოვების და მოგზაურობის მეტი შესაძლებლობა.
მაშინ გავიგე, რომ ფემინისტური ახსნა აქვს ყველა იმ პრობლემას, რომელსაც მე პირად პრობლემად აღვიქვამდი და რომელიც ჩემი საზოგადოებასთან დაპირისპირების მიზეზი იყო. მაშინდელ საბჭოთა რუსულენოვან “პროგრესულ” ჟურნალებში, როგორიც იყო Вопросы Философии, Мир и Человек და ა.შ., დაიბეჭდა რამდენიმე სტატია ფემინიზმზე. აღმოსავლეთ ბერლინის, მოსკოვის, თბილისის ავანგარდულ არტისტულ წრეებში ფემინისტური დისკურსი გაძლიერდა. თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცის არარსებობის პირობებში, კერძო ბინებსა და სახელოსნოებში ეწყობოდა ფემინისტური შინაარსის პერფორმანსები, აქციები, იფინებოდა ნამუშევრები, ინსტალაციები.
ქალის თავისუფალი არჩევანის ნაკლებობა, სუბორდინირებული მდგომარეობა ოჯახსა და საზოგადოებაში, სექსუალური ესპლუატაცია და შევიწროება, – იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც კონტრკულტურულ კონტექსტში რეფლექსია მიმდინარეობდა. საბჭოთა ქალისა და მამაკაცის ფსევდო თანასწორობის კონცეფციის დეკონსტრუირება, სტერეოტიპების გამათრახება, ქალის სექსუალური სუბორდინირების და ფალოკრატიის გამოვლინება, გაქილიკება მიმდინარეობდა ექსცენტრული, შოკისმომგვრელი არტისტული ფორმით.
პირადად ჩემთვის, აქტივიზმის ადრეულ ეტაპებზე წამოჭრილი საკითხები ისევე აქტუალირია, როგორც მაშინ. შეიცვალა ჩემი მიდგომა, პირადი ბრძოლის მეთოდები, მასშტაბი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ კონტრკულტურული აქტივიზმი, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში პროფესიონალური ფემინისტური მოღვაწეობა, ეროვნულ გენდერულ ინსტიტუციაში მუშაობა, CEDAW კომიტეტის წევრობა სხვადასხვა უნარების ფლობას და რთულ პიროვნულ ტრანსფორმაციებს მოითხოვს. მტკივნეული და რთული შესაგუებელია ყოველი ახალი როლი: გაქვს განცდა, რომ რაღაცას თმობ, ძალიან სანუკვარს. თუმცა, ერთნაირად სასიხარულოა, როცა შენი წვლილით, სადაც არ უნდა იყო, აძლიერებ ფემინისტურ ხმას.
მართლაც, ძალიან სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ ბრძოლაში, სადაც ოდესღაც მარტო იდექი, დღეს კარგად აღჭურვილი და გამობრძმედილი ჯარი დგას. ეს განწყობა განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებაც ახალი თაობის ფემინისტურ ჯგუფებთანაც. ჩემთვის საამაყოა მათი საქმიანობა, მათი პრინციპული პოზიცია, პროფესიონალიზმი.
მოსაწონია მათი ბრძოლის მეთოდებიც, ქუჩის აქციები იქნება ეს, თუ კვლევითი საქმიანობა.
თუმცა, როცა ვსაუბრობთ ღრმა კულტურულ, სოციო-ეკონომიკურ ცვლილებებსა და ქვეყანაში ფემინისტური დღის წესრიგის გავრცელება-დამკვიდრებაზე, აუცილებელია, გავითვალისწინოთ განსხვავებულ პოზიციაზე მდგომი ქალთა ჯგუფების პერსპექტივაც.
დამეთანხმებით, გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყანაში რთული და ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს თანმიმდევრულ დაგეგმვას, საკუთარი შესაძლებლობების სწორ შეფასებას და საზოგადოებასთან ფართო დიალოგს.
გამოწვევები/სირთულეები
აქტივიზმში ყოფნის სირთულეებს სამ კატეგორიად დავყოფდი: პირველს მივაკუთნებდი გამოწვევებს, რომელიც ექმნება ქალს, თუ იგი პროფესიონალი ფემინისტია; მეორეს – ფემინისტური ორგანიზების პრობლემებს, მესამეს კი, ფემინისტური დღის წესრიგის ზოგად დისკრიმინაციას.
საქართველოში, ღრმად პატრიარქალურ ქვეყანაში, 90-იან წლებშიც კი ძნელი იყო გრქმეოდა ფემინისტი, გემუშავა ქალთა უფლებებზე, განსაკუთრებით თუ ოჯახური სტრუქტურა არ გედგა უკან. ფართო საზოგადოებიდან მარგინალიზება გარდუვალი იყო ყველა თანმდევი გამოწვევით. არ დამავიწყდება „კეთილმოსურნეების“ გამონათქვამები: “ისევ ქალებს დასდევ?”, ან კიდევ პასუხად “ქალთა უფლებებზე ვმუშაობ”- “არა უშავს, გამოგისწორდება მდგომარეობა” და ა.შ.
კარგი იქნება, ერთ დღეს შევიკრიბოთ და დისკრიმინაციული გამონათქვამების თანამედროვე ლექსიკონის შედგენაზე დავიწყოთ ზრუნვა.
პატრიარქალური სოციალური სისტემების მეთოდი შვილზე ზეწოლაცაა, რაც ფემინისტურ ოჯახებში უთანხმოების ესკალაციას უწყობს ხელს. ასეთი პრაქტიკის, უამრავი მაგალითია მსოფლიოში.
სოციალური კაპიტალის ნაკლებობა თავად ქალთა მოძრაობაშიც იჩენდა თავს, რომელიც ვერა და ვერ ახერხებდა იდეის, ან ერთიანი სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას. ქალთა ორგანიზაციებს და აქტივისტებს შორის კონკურენცია, სოლიდარობის ნაკლებობა ხელს უშლიდა როგორც ერთიანი სააზროვნო სივრცის, ასევე მოძრაობის განვითარებას და ამცირებდა ზეგავლენის ძალას.
მესამე ტიპის გამოწვევები დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ სტრუქტურებში ფემინისტური დისკურსის ზოგად დისცრიმინაციასთან, იქნებოდა ეს საზოგადოებრივი ორგნიზაციები, აკადემიური სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები, თუ სხვა.
სექსიზმი, რომლიც თავს იჩენდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში, დღესაც აქტუალური პრობლემაა, თუმცა, ესეც სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების გენდერული ცნობიერება საგრძნობლად განვითარდა.
ფემინისტური ბრძოლის წარმატების მაგალითი
ფემინისტური ბრძოლის წარმატების საუკეთესო მაგალითად მივიჩნევდი დღევანდელ შედეგს, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, დღემდე ყველამ ერთად მოვიტანეთ, ქვეყანაში ქალთა წინსვლის და გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად. დამეთანხმებით ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ფემინისტური ბრძოლის ერთობლივ წარმატებად მიმაჩნია ყველა ის მიღწევა, რომელიც დღეს სახეზეა:
- ქალთა წინსვლის და გენდერული თანასწორობის საკითხები უფრო ფართო განსჯის საგანია, ვიდრე ფემინისტური მოძრაობის ადრეულ ეტაპებზე.
- ხარისხობრივად გაუმჯობესდა თავად ფემინისტური დისკურსი.
- პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები მეტი გულისყურით ეკიდებიან ფემინისტურ მოთხოვნებს.
- მედია მეტი სიხშირით და პროფესიონალიზმით აშუქებს გენდერულ პრობლემატიკას.
- გედერული სახელმწიფო სტრუქტურები უკეთ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას.
- საქართველო უფრო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგში.
თუმცა, ძირეული ცვილებები ჯერ კიდევ მისაღწევია და კულტურული, სოციო –პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინერცია – დასაძლევი. ყოველივე ეს მოითხოვს ინსტიტუციურ გაძლიერებას, გეგმარებას, ფემინისტური მოთხოვნების დროსთან შეთანხმებას, საზოგადოების განათლებას, ქალის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და ა.შ.
ქართულ კონტექსტში წამატების მისაღწევად, ფემინისტური პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და პრაგმატული. გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ეფექტურად მიაღწიოს მიზანს, რაც გენდერული უთანასწორობის შემცირებაში მდგომარეობს. უფრო უნდა გაიშალოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა, სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს უთანასწორობის კონკრეტული მიზეზები და გენდერული პოლიტიკის ნაკლოვანებები.
თაობათაშორისი განსხვავებები
დღევანდელი ფემინისტური აქტივიზმი თვისობრივად განსხვავებულ ეტაპს წარმოადგენს განვითარებაში. სახეზეა ხარისხობრივი ცვლილება, პროფესიონალიზმის და დიაპაზონის ზრდა, ტაბუირებული თემატიკის უფრო თამამად და ეფექტურად წინ წამოწევა.
ფემინისტური მოძრაობის წინა ეტაპები, მათი ბრძოლის მეთოდები თუ პრობლემები უკვე მიმოვიხილე. ერთს ვიტყვი, რომ ფემინისტური ბრძოლის ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი შენატანი იყო საერთო შედეგში.
სამომავლო ხედვა
ფემინისტური აქტივიზმის სასურველ განვითარებას ვხედავ მის გაფართოებაში და მისი მოთხოვნების თანმიმდევრულ გადაზრდაში პრაგმატულ გენდერულ პოლიტიკაში.
მიმაჩნია, რომ ყველა მთავარი თემა აქტუალურია, იქნება ეს ქალის შრომითი დისკრიმინაცია თუ რეპროდუქციული უფლებები.
დღეს კი, განსაკუთრებით გამოვკვეთდი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის და ქალის მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობას.
[1]ფემინსტური კლუბი დაფუძნდა 1998 წელს; დამფუძნებლები – ლიკა ნადარაია, ლელა ხომერიკი, ნანა ბერეკაშვილი, ნინო გაფრინდაშვილი, ნანა აბრამიშვილი.