ბლოგები

ნუკრი ტაბიძე, ფემინისტური დღიურები

ფემინისტური ბრძოლის დასაწყისი
ბავშვობიდან მოყოლებული ვხვდებოდი, რომ ,,ქალობის” გამო ნაკლოვან ადამიანად
მივიჩნეოდი. ბიჭებისთვის კონკურენცია არ უნდა გამეწია, წესიერება, მოთმინება და სხვა
კაცების მორჩილება მომეთხოვებოდა და მეც მეტ-ნაკლებად ვცდილობდი, ,,კარგი გოგო”
მეთამაშა. ჩემი მშობლებისთვის ყველაზე მთავარი ჩემი და ჩემი ძმისთვის განათლების
შესაძლებლობების შექმნა იყო ყველაფრის ფასად, არასდროს გაგვასხვავებდნენ ამ მხრივ,
მაგრამ, სიღარიბის გამო, ბევრი რამ წარმოუდგენელი იყო და ისევ ფორმალური საშუალო
სკოლის განათლების და საკუთარი ძალისხმევის იმედზე ვიყავი.

გარდატეხის ასაკში, განსაკუთრებით მწვავედ მახსოვს მუდმივი ბრძოლები სკოლაში ,,ხმის
ამოღების” უფლებისთვის. აგრესიულ და ,,ბიჭურ” გოგოდ ვითვლებოდი, მაგრამ კარგად
ვსწავლობდი და მეპატიებოდა ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ქალობის დადგენილ ნორმებს
არ ვემორჩილებოდი. ყველაზე რთული კლასელ ბიჭებთან გამკლავება იყო. ბიჭები არ
მომწონდა და ყველა სახის ნეგატიური თუ პოზიტიური ყურადღება მაწუხებდა. ჩემი
პროტესტი იზოლაციაში გამოიხატებოდა. კლასელების დიდი ნაწილი გათხოვდა სკოლის
დამთავრებისთანავე, ჩემთვის ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო და დიდად საერთოს ვერ
ვპოულობდი გოგოებთანაც. კიდევ კარგი, სახლში არასდროს ელოდებოდნენ, რომ საკუთარ
გარეგნობაზე ზრუნვასა და გათხოვებაზე ოცნებებში გავატარებდი დროს. ძალიან ღარიბები
ვიყავით და ამ სიღარიბიდან ამოსვლის ერთადერთი გზა განათლების მიღება იყო,
ყველაფრის ფასად. ამას მეც კარგად ვხვდებოდი. ვიცოდი,, რომ სხვაზე უკეთესად უნდა
მესწავლა რომ აღარავის გაებედა ,,ბინძური ლტოლვილი” ეწოდებინა, მათემატიკაში
ბიჭებზე ძლიერი უნდა ვყოფლიყავი, ყველაფერში უნდა მეჯობნა ძმისთვისაც, რომ მერე
არავის არაფერი მოეძახებინა, დაეყვედრებინა და ა.შ. რაღაც ეტაპზე, როცა ჩემს გარეგნობაში
,,ქალობის” ნიშნები გაჩნდა, მათი აქტიური გადამალვა დავიწყე. მენსტრუაციის მცხვენოდა,
მკერდი მტკიოდა, მეშინოდა, სხეულის რამე ნაწილს არ გაეცა ჩემი მომწიფება. სექსუალობა
პირველი და ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო, რომელზეც ღიად ლაპარაკი დავიწყე სხვა
გოგოებთან და მერე უკვე ბიჭებთანაც. ვერ ვხვდებოდი, ჩემთვის სექსი რატომ არ
შეიძლებოდა, თუ ბიჭებისთვის წახალისებული იყო, ან რატომ შეიძლებოდა ბიჭებისთვის
სექსუალიზებული ხუმრობები, მაშინ როცა ჩვენ თავდახრილებს უნდა გვესმინა ჩუმად. მე-9
კლასში, როცა რამდენიმე კლასელმა ბიჭმა ჩემს მეგობარს ტრაკზე ხელის ფათური დაუწყო,
ხმამაღლა ავლაპარაკდით. ბიჭებს ომი გამოვუცხადეთ გოგოებმა. ბუნებრივია, ბიჭების
მშობლები, მათ შორის დედები და დებიც კი, და მასწავლებლები, ჩვენ გვადანაშაულებდნენ
არასათანადოდ მოკრძალებულ ჩაცმასა და ქცევაში. ბოლოს მივხვდით, რომ არაფერი
გამოგვივიდოდა, ამიტომ იგივე მეთოდებით დავიწყე ბრძოლა: აგრესიული ვიყავი,
ვიგინებოდი, გესლს ვანთხევდი, თუმცა, პრობლემებს სახელს ვერ ვარქმევდი და ვერც სხვა
გოგოებთან ვპოულობდი გადაკვეთის წერტილებს.

უნივერსიტეტში მეგობრები გავიჩინე და უკვე სექსიზმის სახელდებაც დავიწყე. ამ
პერიოდში უკვე ჩემს ცნობიერებაში პირველად გაჩნდა სიტყვათშეთანხმება
„უფლებებისთვის ბრძოლა“. პროფესიიდან გამომდინარე (ფსიქოლოგი ვიყავი), სპეციალურ
საჭიროებებთან დაკავშირებული სტიგმა იყო სამუშაო ფოკუსი. უფრო მოგვიანებით,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობისას, პირველად აღმოვაჩინე, რომ დამოკიდებულება
ქალი და მამაკაცი პაციენტების მიმართ განსხვავდებოდა როგორც მათი ოჯახების, ისე – პერსონალის მხრიდან. მანამდე თუ ვამბობდი, რომ ,,ქალი და კაცი თანასწორი უნდა იყვნენ,
მაგრამ ფემინისტები აგრესიულები არიან”, პირველად მივხვდი, რომ უფრო მეტი
გვჭირდებოდა, ვიდრე მოკრძალებულად თითის აწევა და კაცებთან გათანაბრების
უფლებების თხოვნა, ისიც იმ პირობით, რომ კაცებს არაფერი დააკლდებათ. მუშაობასთან და
მოგზაურობასთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ სამყარო მარტო ჩემი რამდენიმე განათლებული
მეგობრის და ოჯახისგან არ შედგებოდა, მეტი იყო საჭირო და მეტ პასუხისმგებლობას
ვრგძნობდი იმ თანამშრობლების, ნაცნობების და მეგობრების მიმართ, ვინც ჩემი
კომფორტის ზონის მიღმა გაჩნდა.

პირველი ფემინისტური ინიციატივა, რომელშიც ჩავერთე 2013 წლის დასაწყისში
ჩატარებული პერფორმანსი იყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ჩემი ფემინისტური
„ქამინგ აუთიც“ მაშინ მოხდა. პირველად ვთქვი საკუთარ თავთან და სხვებთანაც, რომ
ფემინისტი ვარ. აქედან მოყოლებული, აქციებზე სულ დავდიოდი, მაგრამ მხოლოდ ერთ
აქტივისტს ვიცნობდი და არც ვიცოდი, სად და როდის იკრიბებოდნენ, ან თუ არსებობდნენ
ისეთი ადამიანები, ვინც ჩემსავით ფიქრობდა. 2015 წლიდან კიდევ, მთელი ჩემი ცხოვრება ამ
ბრძოლის ირგვლივ ტრიალებდა, ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანები გავიცანი და
სხვებთან საუბრის საშუალება მომეცა. ზოგადად, ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ
რაღაც მომენტები ძალიან კარგად მახსოვს, განსაკუთრებით ის, თუ როგორ ვსწავლობდი
ჩემი ბრაზის და იმედგაცრუების პოლიტიკებში და სხვებთან გაერთიანებაში გადატანას,
ბოლოს კი როგორ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფრის ნაწილი უნდა ვიყო და მხოლოდ ჩემ
ირგვლივ რამდენიმე ადამიანთან ფემინიზმზე საუბრით არ შემოვიფარგლო.

ფემინისტური დღის წესრიგი/ცვლილება დროში
თავიდანვე რეგიონებში მუშაობით დავიწყე და ეს პრიორიტეტი ჩემთვის არ შეცვლილა.
ძირითადად, იმის გამო, რომ ჩემი წინა სამსახურში მუშაობისას, სულ თბილისს გარეთ
მიწევდა ყოფნა და რაღაც ადგილებში უკვე ვიცნობდი ქალებს, ,,მათიანად” ვგრძნობდი
თავს და მეტ საერთოს ვპოულობდი, ვიდრე თბილისში, სადაც მეც არ მქონდა
მიკუთვნებულობის განცდა. ის საკითხები, რაც ადრე მაინტერესებდა და მნიშვნელოვანი
მეგონა, არსებითად არ შეცვლილა, თუმცა, მათთან მისვლის გზების შესახებ წარმოდგენები
დიდწილად განსხვავდება და გამოცდილების მიღებასთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ
შეიცვლება. მაგალითად, როგორც ზემოთ ვახსენე თავიდან მარტომ დავიწყე, ვინაიდან სხვა
აქტივისტებს არ ვიცნობდი. ქალთა ფონდის პატარა გრანტი მივიღე და საქართველოს
მასშტაბით სკოლებში ტრეინინგებს ვატარებდი მასწავლებლებთან ლგბტ ბულინგზე. ახლა
ვხვდები, რამდენად უფრო ადვილია სხვებთან ერთად საქმის განაწილება.

ინდივიდუალური აქტივიზმი თითქოს უფრო მიმზიდველი ჩანდა, კონფლიქტებისგანაც
დაცული ვიყავი, იმის შიშიც არ მქონდა, რომ სხვა საქმეს გააფუჭებდა. ახლა პირიქით
მგონია. რა თქმა უნდა, არის რაღაც სიტუაციები, როცა მარტო მუშაობა სჯობს, მაგრამ
მთლიანობაში, თუ საზოგადოებისთვის მუშაობ, – საზოგადოებასთან ერთად მუშაობ.
მეორე მნიშვნელოვანი გარდატეხა გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლამ
გამოიწვია. მახსოვს, პირველივე ლექციაზე ფემინისტური თეორიების შესავალში ტექსტს
ერქვა “თეორია, როგორც ემანსიპატორული პრაქტიკა”. ფემინისტური ცოდნა ზუსტად
ამგვარი დანიშნულების მატარებელი გახდა ჩემთვის. პარალელურად აქტივიზმში რომ
ვიყავი ჩართული, მუდმივად ვფიქრობდი, თეორია პრაქტიკაში როგორ გადმომეტანა და
პირიქით, პრაქტიკა როგორ გაგვეთეორიებინა. აქ უკვე მარტო არ ვიყავი. ჯგუფიც და
ლექტორებიც ძალიან დამეხმარნენ, ვინაიდან პირველად ვსწავლობდი ასეთ უსაფრთხო გარემოში, მოკავშირეებით გარშემორტყმული, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა
წახალისებული იყო.

რაღაც ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით. პირობებში, სადაც
ყველაფერი შენს წინააღმდეგ მუშაობს: კულტურული ნორმები, ეკონომიკური მოწყობა,
სახელმწიფო, პოლიცია და ა.შ., სხვებისადმი ნდობა და მოკავშირეების ყოლა ძალიან დიდი
რესურსია. თუმცა, ყველაზე რთული ამ პროცესში საკუთარი ინტერესების სხვებთან
მორგებაა. როცა ფემინისტურ ბრძოლაზე ვლაპარაკობთ, ერთი ბრძოლა არასდროსაა. ბევრი
ბრძოლა ერთდროულად მიდის როგორც პიროვნულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. როცა ამ
ბრძოლების გადაკვეთაზე ვსაუბრობთ, ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ
მივაწვდინოთ ხმა და როგორ გავიგოთ მათი ხმა, ვისაც ცხოვრებაში შეიძლება ვერასდროს
შევხვდეთ, სხვადასხვა მიზეზების გამო. აქციებზე ხშირად სხვადასხვა გამოცდილების
ქალების პოზიციებს აჟღერებენ, თუმცა, ჯგუფის ერთი წარმომადგენელი, როგორი კეთილი
ზრახვებიც არ უნდა ჰქონდეს მას, ვერ იქნება საკმარისი ურთიერთმხარდაჭერის და
ფემინისტური სოლიდარობისთვის. როცა ინტერსექციურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ხშირად
ეს მხოლოდ ჩვენს გეგმებსა და დღის წესრიგში სხვა ქალების ჩართვას გულისხმობს,
რომელთაც ჩვენზე ნაკლები რესურსები აქვთ. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ სხვები, რომ
ჩვენ მიერ წამოწყებული ბრძოლები მათაც ეხებათ და სარგებელს მოუტანთ, თუმცა
გადაწყვეტილების მიღებისას, მარტო ,,ჩინიან” ფემინისტებს ვეძახით, ხშირად თუნდაც
იმიტომ, რომ მათ მიღმა არც ვიცნობთ ბევრს. ეს მიდგომა ჩვენს წინა თაობაშიც ძალიან
პრობლემური იყო. დღეს თითქოს იმით, რომ აქციაზე ტრანსგენდერი ქალის ან
აზერბაიჯანელი ქალის ხმა ისმის, ილუზია გვექმნება, რომ ზოგადად ტრანსგენდერი ან
აზერბაიჯანელი ქალების ხმა გაჟღერდა. სინამდვილეში, დღემდე დიდი გამოწვევაა ქალების
მრავალფეროვანი გამოცდილებებისა და მრავლხმიანობის ასახვა.

კიდევ ერთი პრობლემაა სისნორმატიულობა – ფემინიზმი ხშირად მხოლოდ სისგენდერი
ქალების საჭიროებებს და ინტერესებს ეხმიანება. რაც დრო გადის, სისნორმატიულობა უფრო
მეტად მეპრობლემურება თავად ქალების და ფემინიზმის პოზიციონირების
თვალსაზრისითაც. როცა თავს ქალების მოძრაობას ვუწოდებთ, ამ ქალობას ვამყარებთ, მეორე
მხრივ, როგორ გინდა ილაპარაკო იმ ჩაგვრებზე, რომელიც ქალად მონიშვნის გამო გვაქვს? ეს
კითხვა ჩემთვის დღემდე ბოლომდე უპასუხოა, თუმცა პიროვნულ დონეზე ქალობაზე უარის
თქმა ძალიან პოლიტიკური მგონია. ეს არ ნიშნავს აუცილებლად რაიმე სხვად – კაცად ან
ტრანსად ან გენდერ ქვიარად პოზიციონირებას. უბრალოდ ქალივით არ მოვიქცევი: არ
ვიქნები მორჩილი და მომთმენი, არ შევფუთავ თავს კაცების მოსაწონად და ესეთი
ტრანსგრესიებით წყალს შევუყენებ სისტემას, რომლისთვისაც სხეულების ქალებად და
კაცებად დაყოფა ცენტრალურია.

მესმის, რომ ჩემი მიდგომა ძალიან შორეულ გეგმებს და პოლიტიკებს მიემართება, მაშინ,
როცა მაგალითად, ქალებზე ოჯახში ძალადობა ან იგივე ეკონომიკური დაქვემდებარების
პრობლემა აქ და ახლა დგას იმხელა სიმწვავით, რომ ძნელი ხდება, რადიკალურ პოზიციებზე
იფიქრო. თუმცა, მგონია, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. სხვადასხვა ფემინისტური
ჯგუფები და აქტივისტები რესურსების და იდეოლოგიების მიხედვით განსხვავდება, რასაც
უპირობო მოცემულობად ვიღებ. იმაზე ფიქრი, რომ გავერთიანდებით და ყველა ერთ იდეაზე
ან პრობლემაზე ვიმუშავებთ, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი პრობლემა არ
არსებობს და არც – ერთი გადაჭრის გზა. საერთო პრობლემებიც კი სხვადასხვანაირად
გვეხება. ამიტომ, მგონია, ერთადერთი გამოსავალია ქალების გაძლიერება და

სტრატეგიულად მოკავშირეების შემოკრება სხვადასხვა საკითხების ირგვლივ. მე პირადად
ახლა ზუსტად ასეთი მიდგომა მაქვს: ყველა ჯგუფთან ვთანამშრომლობ, ვკამათობ,
ვმეგობრობ, ვაკრიტიკებ, თუმცა მოძრაობიდან თავს არ ვმიჯნავ არც ერთი მათგანისგან.

ფემინისტური ბრძოლის წარმატების მაგალითები
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ და ხშირად არსებულ
სტრატეგიებს არ ვეთანხმები, უთანასწორობის მხოლოდ კანონებით დაძლევის გზით,
მგონია, რაღაც წარმატებებს მაინც მივაღწიეთ. ყინული გალღვა: მეტი ქალი რეკავს
პოლიციაში ძალადობის შემთხვევაში. ერთი მხრივ, ეს ჩემთვის პრობლემურია, ვინაიდან
პოლიციისადმი მიმართვები არა მხოლოდ პოლიციის ინდიფერენტულობის გამო რჩება
უპასუხო, არამედ პოლიციაზე და მხოლოდ დასჯაზე კონცენტრირება პოლიციურ რეჟიმსაც
აძლიერებს, თუმცა ის ფაქტი, რომ მეტი ქალი უწოდებს ძალადობას ძალადობას, დიდი
მიღწევა მგონია იმ პირობებში, სადაც ვართ. ისიც დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ
ფემინისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაპირისპირებული
იდეოლოგიური პოზიციები გაჩნდა. ყველაზე დიდ დაბრკოლებად მაინც ეკონომიკური
საკითხების უგულებელყოფას მივიჩნევ. ეს პრობლემა „ენჯეოიზაციასთანაც“ კავშირშია.
როცა მუდმივად დასავლეთზე გვაქვს სწორება, ბევრი რამ ყურადღების მიღმა რჩება.
ფემინიზმი იზოლირებულ იდეოლოგიად იქცა, რომელიც მარტო კულტურულ აღიარებებს
მიემართება. სიღარიბე და ქალების ეკონომიკური დაქვემდებარება არ განიხილება, როგორც
სისტემური პრობლემა. ახლა უფრო გაჩნდა ეს დისკურსები, მაგრამ დიდი ხანი არ იყო. და
დღესაც, ძირითადი ფემინისტური მოთხოვნები (კვოტა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა,
ნაადრევი ქორწინება) სექსუალობის და ეკონომიკური სისტემისგან განყენებულად
განიხილება.

თაობათშორისი განსხვავებები
რასაც ვუყურებ, ფემინიზმი ძირითადად ბოლო 5 წელია, რაც მედიაში განხილვის საგნად
იქცა. გენდერული მეინსტრიმინგიც უფრო გაძლიერებულია. კანონები კი შემოიღეს წლებია,
მაგრამ ასე აქტიურად ამ თემაზე ლაპარაკი არ მახსოვს თუნდაც უნივერსიტეტში სწავლის
დროს. მე როცა ვსწავლობდი, ერთადერთი ჩვენი კლასგარეშე აქტივობა უნივერსიტეტში
ხუთშაბათს საღამოს ფილმების ყურება იყო, თსუ-ს მე-6 კორპუსში. მახსოვს, მაშინ
ფეისბუკსაც არ ვიყენებდით და უნივერსიტეტებში განცხადებას ვაკრავდით (ამისთვისაც
ნებართვები გვჭირდებოდა). ფემინიზმზე მაშინ არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ფილმებს
სხვადასხვა კუთხით განვიხილავდით. მე უფრო ხშირად ჩუმად ვუსმენდი, იმიტომ, რომ
ბევრი არაფერი ვიცოდი კინოს ან/და ფილოსოფიის შესახებ. რაღაცები არც მესმოდა, მაგრამ
მომწონდა, იმ სივრცის ნაწილი რომ ვიყავი. ამ პერიოდში, არ მახსოვს არც ერთი ლექცია ან
დისკუსია საჯარო სივრცეში. საკუთარი თავიდან გამომდინარე, უფრო ლგბტ საკითხები
მაინტერესებდა და ინფორმაციაც უფრო ვრცელდებოდა წვეულებების და შეხვედრების
შესახებ.

ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობაა ინტერნეტის გამოც და უნივერსიტეტშიც, მაინორად
შეგიძლია, გენდერის კვლევა აიღო. აქციებიც სისტემატურია, დაფარვაც – დიდი. მე რომ
სკოლაში ვიყავი, სიტყვა „ფემინიზმის“ და „გენდერის“ მნიშვნელობები არ ვიცოდი, დღეს
სკოლებში როცა მივდივარ, მოსწავლეების უმრავლესობას წარმოდგენა აქვს, რაზეა საუბარი.
თბილისსაც გასცდა ეს ცოდნა. მეტი ხდება სხვა ქალაქებშიც. თუმცა, როგორც აქამდე, ისე ახლაც არასამთავრობოებზეა მიბმული აქტივიზმი. ახლა თითქოს მეტი დამოუკიდებელი
აქტივისტი და ინიციატივაა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველა ამ სექტორში მუშაობს. უფრო
ხშირია ინდივიდუალური ქმედებები და ინიციატივები დამოუკიდებელი აქტივისტებისგან,
რასაც ინტერნეტის მეშვეობით დიდი დაფარვა აქვს ხოლმე. ადრე ესეც ნაკლებად იყო და
ყველაფერი არასამთავრობოებზე იყო მიბმული, თუ ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს
არ ჩავთვლით, მაგრამ ესეც ძალიან ექსკლუზიური ჯგუფი იყო და მისი წევრებიც
ძირითადად ენჯეოებიდან იყვნენ. მგონია, წინა თაობაში ბევრი ფემინისტი არც გვყავს, 40
წლამდე ადამიანებში კი მნიშვნელოვნად რაოდენობა გაზრდილია. მთავარი განსხვავება
მაინც ის მგონია, რომ დღეს უფრო მეტი ქალის ჩართვასთან ერთად, მეტი საკითხი
წამოიჭრა. კონფლიქტებიც მეტია, შესაბამისად. თუმცა, მაინც ძირითად თემებად კვოტა და
ძალადობა რჩება. მეთოდები არსებითად არ განსხვავდება, გარდა იმისა, რომ დღეს მეტად
მიმართავენ პერფორმანსებს და ინტერნეტ-აქტივიზმს, ვიდრე ადრე. 90-იანებში მოღვაწე
ფემინისტებისგან განსხვავებით, ჩვენ ინფორმაციაზე წვდომის მეტი შესაძლებლობები
გვაქვს და ერთმანეთსაც უფრო მეტად ვეხმარებით. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თაობებს
შორის არსებობს, იდეოლოგიურზე უფრო, რესურსებისთვის ბრძოლაა. მას, ვინც
გარკვეული კულტურული კაპიტალი შეიძინა, ასე ადვილად არ ეთმობა უმცროსი
თაობებისთვის. ჩემზე 10 წლით უფროსი ქალებისგან მეტ მხარდაჭერას ვგრძნობ, ვიდრე
მათგან, ვინც დიდი ხნის წინ დაიმკვიდრეს თავი აქტივიზმში. ჩემზე 7-10 წლით უმცროს
ფემინისტებთან კომუნიკაცია ნაკლებად გვაქვს და არც ვიცი, როგორ აღგვიქვამენ.
სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩემი გამოცდილებით, საყვედურები არის ჩემი
თაობის მიმართაც, რადგან თავს მოწყვეტილად გრძნობენ პოლიტიკებიდან,
განსაკუთრებით რეგიონებში. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, ეს ელიტიზმი, რომლის
ცოდვაშიც მეც ვდგავარ, როგორ შეიძლება, დაიძლიოს. თავის დროზე ხომ მეც ერთ-ერთი
მათგანი ვიყავი, ვინც „ინტელექტუალური“ სივრცეებიდან სრულიად განდევნილი იყო,
თავდაპირველი მოცემულობებიდან გამომდინარე.

სამომავლო ხედვა
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დიდ სურათზე პოზიტიურ ცვლილებებს ვხედავ, უფრო
თუ დავავიწროვებ ფოკუსს, ამჟამინდელი ფემინისტური კრიზისი ძალიან ცხადი და
ნათელია ჩემთვის. ერთი, რაც უკვე მოხდა, ისაა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსებისთვის,
აქტივისტებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის ყინული მეტ-ნაკლებად გალღვა: ისეთი
გაუცხოება აღარაა და ფორმალურ დონეზე მაინც არის რაღაც საკითხებზე თანხმობა.
მომავალში ეს ფორმალობები რომ რეალურ პრაქტიკებად იქცეს, არის მთავარი გამოწვევა.
დღეს მოძრაობა არ მუშაობს ზრდაზე. მოძრაობაში მთლიანად ფემინისტებს ვგულისხმობ და
არა მხოლოდ – რომელიმე ჯგუფს. არც ძლიერი სტრატეგიები არაა. გენდერული ძალადობა
რომ პრობლემაა, ამაზე ძალიან ბევრი არაფემინისტიც გვეთანხმება ხოლმე, მაგრამ ამ
ძალადობას მილიონნაირი გამოხატულება აქვს. ეკონომიკური გაძლიერება, სექსუალობა და
ქალობის მიღმა ერთმანეთთან კავშირების ძებნაა საჭირო. დღეს ფემინიზმი რამდენიმე
ცნობად სახეზე დგას, ამ პრივილეგირებულებს შორის მე თვითონაც ვარ გარკვეულწილად.
ფემინისტურმა მოძრაობამ რაღაც ციკლივით გაიარა და ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს,
შეიძლება, ეს უახლოეს ხანებში არც მოხდეს. ჩვენ სულ წარმოგვიდგენია, რომ წინ და
მხოლოდ აღმავალი ,,სწორი” გზით არის სიარული შესაძლებელი, ან ასე გვინდა ხოლმე.
როგორც წესი, უფრო რთულია განვითარების გზა და ყოველთვის წინ სვლას არ
გულისხმობს. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ფორმულა „ჩვენ ქალები ვართ და შესაბამისად,
ჩვენი ჩაგრულობის გამოცდილება გვაერთიანებს“, არ მუშაობს. დობის არ მჯერა,
მოკავშირეების მჯერა, რომელიც მართალია ძირითადად ქალებს შორის, თუმცა სხვა ჩაგრულ ჯგუფებს შორისაც შეიძლება ვეძებოთ. ის ფაქტი, რომ არსებული ეკონომიკური და
კულტურული სისტემები და ინსტიტუტები სხეულების ქალებად და კაცებად დაყოფით
უკეთ გვაკონტროლებს, მხოლოდ ქალურ გამოცდილებაზე აპელირებით არ იცვლება.
მგონია, კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ბრძოლა, რათა მსხვერპლების ნარატივიდან
მებრძოლების ერთობად ვიქცეთ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სხვადასხვა დროსა და
ადგილას ამგვარი გამოვლინებები დაიწყება.