ქალები და გოგონები კვლავ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისკრიმინაციას განიცდიან. მაგალითად, დღეში 1,9 დოლარზე მცხოვრები ქალების რიცხვი 4-ნახევარი მილიონით სჭარბობს მსგავსი შემოსავლის მქონე კაცების რიცხვს. ამის შესახებ საუბარია UN Women-ის ახალ ანგარიშში, რომელიც მდგრადი განვითარების კონტექსტში გენდერული უთანასწორობის პრობლემებს ეძღვნება.
თანასწორობამდე ჯერ კიდევ შორია: მსოფლიოს 18 ქვეყანაში, ქმარს უფლება აქვს, ცოლს მუშაობა აუკრძალოს; 39 ქვეყანაში, გოგონებსა და ბიჭებს მემკვიდრეობაზე თანაბარი უფლებები არ გააჩნიათ; 49 ქვეყანაში, არ არსებობს კანონები, რომელიც ქალს ოჯახში და სექსუალური ძალადობისგან დაიცავს. ქალები გაცილებით მეტად, ვიდრე კაცები, ცხოვრობენ პირველადი მოხმარების პროდუქტების საჭიროებაში, ისინი კაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებენ. მხოლოდ 2015 წელს, მსოფლიოში 303 ათასი ქალი გარდაიცვალა ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
გენდერული უთანასწორობის პრობლემა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს როდი აწუხებს. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, სადაც თითქოს საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად უკეთესი სიტუაციაა, ასევე არსებობს დისკრიმინაცია. აშშ-ში დედების სიკვდილიანობა 1990-დან 2015 წლამდე 14%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნებში, ქალების 8% 18 წლამდე ასაკში ქორწინდება. ამერიკელი გოგონების 10,3%-ს სკოლა არ დაუმთავრებია. აშშ-ის მცხოვრებთა შორის, ლათინოამერიკული წარმოშობის ქალებში მსგავსი მაჩვენებელი 38,3%-ს შეადგენს.
ზოგადად, ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციების თანხვედრისას, განსაკუთრებით მძიმე სურათია. ანგარიშის ავტორების მონაცემებით, აშშ-ის ქალ მოსახლეობაში, აფროამერიკელებსა და ძირძველი ხალხების წარმომადგენლებში, სიღატაკის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრ ქალებსა და აზიური წარმოშობის ამერიკელ ქალებში.
UN Women-ს აუცილებლობად მიაჩნია გენდერული თანასწორობის საკითხებში მონაცემების კვლავაც თვალყურის დევნება, აგრეთვე ზომების მიღება მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციისთვის.