სტატიები

რატომ საუბრობს ლინა დანემი იმის შესახებ, თუ როგორ ამოიკვეთა საშვილოსნო?

სიახლე იმის შესახებ, რომ ენდომეტრიოზის მრავალწლიანი მტანჯველი ტკივილების გამო, ლინა დანემმა ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია – გაიკეთა, მსოფლიოში ელვის უსწრაფესად გავრცელდა. რეჟისორი დასახელებულ საკითხზე ამერიკულ Vogue-ს ესაუბრა.

31 წლის მსახიობმა და რეჟისორმა, საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პირველად გადაწყვიტა ამ თემაზე საუბარი. ლინა ამბობს, რომ მრავალი წელია, ენდომეტრიოზით იტანჯებოდა, რაც მას იძულებულს ხდიდა, გაუსაძლისი ტკივილები აეტანა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2017 წელს. „ტკივილისგან გონება მიბნელდებოდა, და ექიმები მიზეზს ვერ მისახელებდნენ. ულტრაბგერა არანაირ კისტას, ზედმეტ სითხეს ან ორსულობას არ უჩვენებდა, მაგრამ ისეთი ტკივილები მქონდა, რომ ადამიანების ხმები ტელეღიპუცების ჭყიპინად ჩამესმოდა. ასეთი ტკივილის გაძლება უბრალოდ შეუძლებელი იყო, ასეთ მდგომარეობაში დედობაზე ფიქრიც კი. რომც დავორსულებულიყავი, ბავშვის აღზრდას ვეღარ შევძლებდი“, – წუხილით აღნიშნა ლინამ და დასძინა, რომ ორსულობაზე ხშირად უოცნებია.

ექიმთა კონსილიუმმა ლინა დანემისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. მას საკვერცხეები დაუტოვეს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მომავალში სუროგატი დედა გახდეს. ოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ ჩარევა დროული იყო.

„ჩემი საშვილოსნო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. იგი Chanel-ის ჩანთის ჩინურ ვერსიას ჰგავდა, კოშმარებით, პატარა და ვეება წყლულებით იყო დაფარული. თურმე, მხოლოდ ენდომეტრიოზი კი არა, სიმსივნე, მრავლობითი ჭრილობები და არასწორი სისხლდენაც მქონია, ჩემი საკვერცხეები სადღაც ზურგის კუნთებში იყო ჩამალული, შარდის ბუშტზე კი საერთოდ აღარაფერი მკითხოთ“, – ამბობს ლინა.

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია ჩვენთან არცთუ იშვიათია, ამ პრობლემაზე საუბარი ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი კვლავ ტაბუირებული თემებია: რეპროდუქციული ორგანოების გარეშე დარჩენილი ქალები, შესაძლოა, საზოგადოებამ გაკიცხოს, თითქოს ეს მათი ბრალი ყოფილიყოს, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, მათ „არასრულფასოვანი“ უწოდოს.

ამერიკელ რეპროდუქციული ასაკის ქალებში გავრცელებულ ოპერაციებს შორის, ჰისტერექტომია სიხშირით მეორე ადგილზეა (პირველ ადგილზე საკეისრო კვეთაა). რა თქმა უნდა, ოპერაცია მკაცრად განსაზღვრული ჩვენებების საფუძველზე ტარდება, რომელთა შორისაა ავთვისებიანი სიმსივნეები ან მძიმე სახის სისხლდენები; საშვილოსნოს ამოკვეთა, შესაძლოა, საჭირო გახდეს მშობიარობის დროს გაჩენილი სერიოზული გართულებების დროსაც, როდესაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. ოპერაციასთან დაკავშირებით, ამერიკაში ქალებს უხსნიან, რომ ამა თუ იმ დაავადების გამო, საშვილოსნოს ამოკვეთა აუცილებელია, რომ ეს სამწუხაროა, თუმცა, ამის წყალობით, კონტრაცეფციასთან დაკავშირებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.

თემის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გამო, საშვილოსნოს ამოკვეთა უამრავი მითითაა გარშემორტყმული. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ოპერაცია კლიმაქსს აჩქარებს. სინამდვილეში, მენოპაუზის დადგომას ჰორმონული ფონი განაპირობებს, ხოლო თუ საკვერცხეები შენარჩუნებულია, ჰისტერექტომიის შემდეგაც ჩვეულებრივ მუშაობას განაგრძობენ, მხოლოდ, საშვილოსნოს ნაცვლად, კვერცხუჯრედი იშლება მუცლის ან მენჯის ღრუებში, სადაც, ჩვეულებრივ გაიწოვება.

რადგან ოპერაციის შემდეგ ჰორმონული ფონი არ იცვლება (აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმს შემცვლელი ჰორმონების დანიშვნა შეუძლია), არ მართლდება სხვა შიშიც – მასკულინიზაციის შიში. საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ქალს არც ულვაშები ამოუვა და არც ხმა შეეცვლება, ისევე, როგორც არც მკერდის მოკვეთა აქცევს ბიოლოგიურად ქალს კაცად – მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ჩვენს სასამართლო ორგანოებს ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ესმით.

საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ არც ლიბიდო და სექსით ტკბობის უნარი უნდა შეიცვალოს. თუ ქალს მსგავსი რამ მაინც ემართება, ეს მის ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაა კავშირში და არა – ფიზიკურთან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ოპერაციის შემდეგ, ქალს თვითშეფასება უვარდება და დეპრესია უვითარდება. განვითარებულ ქვეყნებში, მსგავსი მდგომარეობისას, ადამიანი ფსიქოლოგს მიმართავს, ჩვენთან კი, სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა მიღებული არაა, და თუ მაინც მივმართავთ ექიმს, შესაძლოა, მან შემდეგი პასუხით გამოგვისტუმროს: „და საშვილოსნოს ამოჭრა ხომ გინდოდათ? აბა რა გეგონათ?“.

ლინა დანემი გვიამბობს, რომ საავადმყოფოში ორი კვირა გაატარა. ეს ჰოსპიტალიზაციის საოცრად დიდი ვადაა იმ ქვეყნისთვის, სადაც ერთი დღე-ღამის ხარჯის დაფარვა ჯანდაცვის სისტემას ვეება თანხები უჯდება. ამ დროში იგულისხმება ოპერაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და სიტუაციის ახსნაც:  ამ დროს, ექიმები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ პაციენტი ოპერაციაზე თანახმაა. რა თქმა უნდა, ამას ექიმები მომავალში სასამართლო პროცესებისგან თავის დაზღვევის მიზნით აკეთებენ, მაგრამ, აქ მთავარი მაინც პაციენტის ინფორმირებულობაა.

რა უფრო უარესია – უსასრულო, მტანჯველი ტკივილი თუ უნაყოფობა? რა უფრო მნიშვნელოვანია – ენდომეტრიოზისგან თავის დაღწევა და ტკივილის გარეშე ცხოვრება, თუ მომავალში ბავშვის პოტენციურად გაჩენის შანსი? პოტენციურად იმიტომ, რომ შესაძლოა, ენდომეტრიოზმა ეს შანსი ისედაც წაგვართვას?

ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თავად პაციენტმა უნდა მიიღოს, რომელსაც მაქსიმალურად სწორი და ობიექტური ინფორმაციაა უნდა მიეწოდოს შესაძლო ვარიანტებსა და მის შედეგებზე, შეშინებისა და ზეწოლის გარეშე.

იდეალური იქნებოდა, რომ ენდომეტრიოზის პრობლემებით გატანჯული პაციენტის არჩევანს ჩვენთანაც უსიტყვო მხარდაჭერა ჰქონდეს – ექიმების, საზოგადოების, პარტნიორების მხრიდან, ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფდეს ქალის ფსიქოლოგიურ დახმარებას. ჯერჯერობით, სანამ ეს ასე არაა, ერთმანეთის მხარდაჭერა საკუთარი ძალებით მოგვიწევს.