ქალზე ძალადობა

კვლევა: საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალის ორსულობა ძალადობის პირობებში მიმდინარეობდა

დღეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევის თანახმად, იმ ქალების 2% -მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს მაინც განუცდია. საქართველოს მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უტოლდება.

ასევე, UN Women-ის დოკუმენტი გვატყობინებს, რომ ორსულობის პერიოდში ძალადობაგამოვლილი ქალების 37% -ს, ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაარტყეს, 64% -ის თქმით კი, ცემა მის მიმართ განხორციელებული პერმანენტული ძალადობის ნაწილი იყო, რომელიც ერთი და იგივე პირისგან მოდიოდა. მათგან 6% -მა განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა ორსულობის დროს დამძიმდა.

«ძალიან მძიმე პირობებში ვიყავი. მცემდნენ, აგრეთვე, ქმარი მაუპატიურებდა ორსულობის დროს, რის შედეგადაც დამეწყო სისხლდენა და ექიმებმა იეჭვეს ძალადობის შესახებ, ვინაიდან ასეთი სიმპტომები არ იყო ნორმალური» , – იხსენებს ერთ-ერთი რესპონდენტი.

პარტნიორების მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების 36%-ს მომხდარის შესახებ არავისთვის უთქვამს.

ქალების 14%, აცხადებს, რომ ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია ქმრის/ პარტნიორის მხრიდან. აქედან, 6% ამბობს, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობა განუცდია, ხოლო 2% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. კვლევა გვიჩვენებს, რომ ინტიმური პარტნიორების მხრიდან ქალებზე ძალადობას უფრო ხშირი სახე აქვს, ვიდრე – ერთჯერადი.

4-დან 1 ქალზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან / და სექსუალური ძალადობა მეუღლის / პარტნიორის მხრიდან, ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან, მათ შორის ბავშვობაში განცდილი ძალადობა ან სექსუალური შევიწროება.

ქალთა თითქმის 10% ქმრის ან პარტნიორის მხრიდან სხვადასხვა სახის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა.

კვლევის მონაცემების თანახმად, გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, ეს ამბავი “მისი დაუდევრობის გამო მოხდა”. კაცების 50% -ს და ქალების 42% -ს გაუპატიურებად არ მიაჩნია, თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს.

კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოში 7-დან 1 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია, 5-დან 1 ქალი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გადახდომია. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია; გამოკითხული ქალების თითქმის მეოთხედს (22%) და კაცების მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის მეოთხედს (23%) და კაცების თითქმის ნახევარს (42%) სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობის მიმართ უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულებით სოფლის ტიპის დასახლებების მოსახლეობა და უფროსი ასაკის ადამიანები გამოირჩევიან.

ეროვნული კვლევა, რომელიც მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ მეთოლოგიებს, 2017 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-დან 65 წლამდე 6,006 ქალმა და 15-დან 65 წლამდე 1,601-მა კაცმა მიიღო. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, პროექტის “ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა” ფარგლებში.