ესმა გუმბერიძის ბლოგი
ზვიად დევდარიანის (სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და სხვა რამდენიმე მსხვილი, მათ შორის ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ის შესაძლოა, მასთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ ქალებს სექსუალურად ავიწროებდა) გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უნდა ვთქვა: მსხვერპლი ქალებისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე, რომ რატომ მაშინვე არ თქვეს; რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა დევდარიანი კიდევ ერთ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო; ამ განათლებულმა, გაძლიერებულმა და, სავარაუდოდ, საკუთარ უფლებებში გაცნობიერებულმა ქალებმა, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების თანამშრომლებმა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რაღატომ არაფერი თქვეს, მათ როგორღა არ უნდა ყოფნოდათ გამბედაობა…
მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე შშმ პირთა უფლებადამცველ თემში არსებული ვითარებიდან და ჩემს უშუალო სანაცნობოში არსებული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა ვისაუბრო.
ჩემს სანაცნობოში არსებული ეს საქმე არც ქალთა უფლებებს და არც შევიწროებას არ ეხება. საქმე ეხება შშმ პირის უფლებებს. ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნურად ხდება ხოლმე რაღაც–რაღაც თემების და საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამის მაგალითია ქალების, დასაქმებულების და შშმ პირების უფლებები. როგორც წესი, კონკრეტული ჯგუფის უფლებების დარღვევებზე საუბრობენ მხოლოდ ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და ადამიანები, ქალთა უფლებებზე – ქალთა უფლებადამცველ მოძრაობაში, შშმ პირთა უფლებებზე – შშმ პირთა მოძრაობაში, დასაქმებულთა უფლებებზე – მემარცხენე ჯგუფებში. გამოდის, რომ ერთმანეთს ველაპარაკებით იმაზე, რაც ისედაც ვიცით, ვიწრო წრის მიღმა კი დისკუსია იშვიათად გადის. ერთმა ჟურნალისტმა, სტატიას რომ მიქვეყნებდა, როცა ნახა, შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების კუთხით არსებული ვითარება შშმ პირთა უფლებების კუთხით არსებულს რომ შევადარე, მითხრა, ეს ორი ჯგუფი არაფერ შუაში არაა ერთმანეთთან და ერთის შესახებ ინფორმაცია დაიკარგება მეორის შესახებ ინფორმაციაშიო.
მაგრამ, მმართველი ელიტის მიდგომებში, ამ ორი ჯგუფის უფლებადამცველ ორგანიზაციათა საკონტროლებლად მართლაც ბევრი მსგავსებაა. ხშირად, განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, პრობლემების პრინციპები, გამომწვევი მიზეზები და შედეგები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე კი ვფიქრობ, რომ ინკლუზიური საზოგადოება მანამდე არ გვექნება, სანამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე საუბარი არ გავა ამ ჯგუფთა ვიწრო წრიდან; სანამ სხვა ჯგუფთა უფლებების შესახებაც და მათთან პარალელების გავლებასა და საუბარს არ დავიწყებთ, ჩვენის გარდა; სანამ არ გაქრება სტერეოტიპი, რომ კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფს (ქალები, შშმ პირები) მიკუთვნებული ადამიანი მხოლოდ ამ ჯგუფის უფლებების კუთხით უნდა აქტივისტობდეს.
შშმ თემშიც გვაქვს შემთხვევა, როცა შშმ პირის უფლებები დაირღვა. მათ მიმართ გულგრილობა იყო გამოჩენილი, როგორც მინიმუმ. თუმცა, მან ხმა არ ამოიღო, პატივი სცა ვიღაცებს, გაჩუმდა. შემდეგ დაინახა, რომ სავარაუდო დამრღვევ/ები დაწინაურდნენ, ავტორიტეტიც მოიპოვეს და იმ სფეროს ექსპერტებად იწოდებიან სწორედ, რომელშიც გულგრილობა გამოიჩინეს. ის შშმ პირი არის საკმაოდ გაძლიერებული, აქტიური, განათლებაც აქვს, უფლებადაცვითი და საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილებაც. იმ არაკისა არ იყოს, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ, ისინიც ერთ ორგანიზაციაში აღმოჩნდნენ.
სწორედ ამან გამოიწვია, გააღვიძა იმ შშმ პირის პროტესტი და მე მისი ძალიან კარგად მესმის. ის, რომ რაღაც მაშინვე არ თქვი, სასამართლოში არ უჩივლე, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მართალი არ იყავი და არც იმას, რომ თავის დროზე თუ არ თქვი, ხმის ამოღება აღარასდროს შეიძლება.
პირიქით, მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევებმა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე. სწორედ ამაში ჰგავს ერთმანეთს ზვიად დევდარიანისა და ეს საქმე: ძალიან ძნელია, უყურო, რომ ადამიანი, რომელმაც შენი, როგორც კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფისადმი კუთვნილი პირის, უფლებები დაარღვია და ამავდროულად სწორედ შენი ჯგუფის უფლებებზე მუშაობს და ამ სფეროში თანდათან აღიარებასაც მოიპოვებს, შენი უფლებების დარღვევის მიუხედავად.
პირადადაც შევჯახებივარ მსგავს ფარისევლობას და გამიპროტესტებია კიდეც საჯაროდ, როცა ჟურნალ „განსაკუთრებული ჟურნალის“ რედაქტორი/გამომცემლობა „ქართული ელიტის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი ხელფასს არ გვიხდიდა შშმ დასაქმებულებს, სამაგიეროდ ყველგან ამბობდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყავს დასაქმებული და ზოგადად, შშმ პირების უფლებებს ვიცავო. ამის წყალობით, იგი გრანტებსაც (მათ შორის სახელმწიფოსგან) მოიპოვებდა. ის მაინც ეთქვა, მოხალისეები რომ ვიყავით…
აქვე იმ საკითხსაც მინდა შევეხო, რა უნდა მოხდეს მაშინ, თუკი ან ქალთა, ან შშმ პირთა ან სხვა რომელიმე ჯგუფის უფლებადამცველ მოძრაობაში ცილისწამება გაჩნდება.
თუ კონკრეტულ მოძრაობაში მომუშავე უფლებადამცველს უსამართლოდ დააბრალებენ ადამიანის უფლებების დარღვევას, სწორედ ამ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გამო, ამგვარმა ცილისწამებამ შეიძლება, სერიოზული ჩრდილი მიაყენოს მოძრაობას, ეჭვი შეიტანოს მის გულწრფელობაში. ამის გამო, საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ სხვა მსხვერპლებიც ცილს სწამებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, შესაბამისად, „პრობლემა არ არსებობს და თითიდანაა გამოწოვილი». ადამიანები აღარ დაიჯერებენ, რომ ის მოწყვლადი ჯგუფი მართლაც მოწყვლადია და მისი უფლებები მართლაც ირღვევა.
მაგრამ ისიცაა, რომ ციხე სწორედ შიგნიდან ტყდება. ნებისმიერი ცვლილება უკეთესობისკენ ჩვენით უნდა დავიწყოთ, საკუთარი თავით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც უფლებების დაცვაზე მუშაობენ, არ არღვევდნენ და პატივს სცემდნენ ამ უფლებებს. პირველ რიგში სწორედ მოძრაობის შიგნიდან უნდა დაიწყოს უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, თორემ თუ შშმ პირთა უფლებადამცველი თავის სხვა საქმიანობაში, ორგანიზაციის გარეთ თუ შიგნით, თავის მეორე სამსახურში მოვალეობის შესრულებისას არ დაიცავს იმ უფლებებს და მხოლოდ შშმ პირთა, ქალთა და ა.შ. უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იფიქრებს ამ უფლებების შესახებ, ის მოძრაობა ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, ვერ დააჯერებს ხელისუფლებასა თუ საზოგადოებას, რომ ეს უფლებები უნდა დაიცვას და პატივი სცეს.
აქვე საქართველოსთვის, როგორც მცირემოსახლეობიანი და ტერიტორიულად პატარა სახელმწიფოსთვის, დამახასიათებელ თავისებურებაზეც ვიტყვი. იმის გამო, რომ ცოტანი ვართ და ერთმანეთთან ახლოსაც ვცხოვრობთ, ყველა ყველას იცნობს პრაქტიკულად. ვიღაცა ვიღაცის მეგობარია, ნათესავია, ახლობელია, ნაცნობია, საერთო წრეში არიან. ეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე მეტი ხელმისაწვდომობის საშუალებას იძლევა თითქოს. სოციალურად აქტიური ცხოვრებით თუ ცხოვრობს, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სადმე კონფერენციაზე, ტრეინინგზე, შეხვედრაზე, გადაცემაზე, გადაიკვეთოს თანამდებობის პირთან და უთხრას მას თავისი გასაჭირისა თუ იდეების შესახებ, დაუსვას კითხვები, მოთხოვოს პასუხი, სთხოვოს რამე… ეს დემოკრატიისთვის თითქოს კარგია, არა? მაგრამ, ამავდროულად ეს „ყველას ურთიერთნაცნობობა“ და კავშირები ხელს უშლის პროტესტის დაორგანიზებას, გაერთიანებას, სახელების, გვარებისა და ორგანიზაციების დასახელებას, რამე დანაშაულისა თუ გადაცდომის გასაჯაროებას და მის გამო ჩამდენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, იმიტომ რომ ის უფლებადამრღვევი შეიძლება, შენი მეგობრის მეგობარი აღმოჩნდეს და… უხერხულში ხომ არ ჩაიგდებ თავს? ადამიანს ხომ ვერ დაკარგავ? არადა, პროტესტი, მათ შორის ფართომასშტაბიანი, არის დემოკრატიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი და განმაახლებელი ძალა.
ნებისმიერი სრულყოფილებასთან მიახლოებული კანონმდებლობა არაფერს ნიშნავს, თუ მას კეთილსინდისიერი შემსრულებლები არ ყავს. და ნებისმიერი კრისტალური რეპუტაციის ადამიანი, როცა მას კრიტიკის არ ეშინია, ჩანაცვლების, პროტესტის, დუნდება და კარგავს მოტივაციას, იყოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და გულისხმიერი. როგორც მე–18 საუკუნის ფრანგი განმანათლებელი ჟან–ჟაკ რუსო ამბობდა, ნებისმიერი მმართველობის ორგანო და სისტემა მიდრეკილია ჩამოშლისკენ/მოშლისკენ. ამიტომაა, რომ ხელისუფლებაც ხდება არადემოკრატიული, თუ მას არ ეშინია, რომ გადაირჩევენ და თუ არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემს, რევოლუციის, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის შედეგად მოიშორებენ, გადააყენებენ.