ბლოგები / ლგბტქი

ბარბარე

შორენა გაბუნიას ბლოგი

როცა გავიცანი, ბიჭის სამოსს და სახელს ატარებდა. თავს უბედურად გრძნობდა, უხალისო და უმწეო იყო. თუმცა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ძნელად მახსოვს მისი დაბადების სახელი. არცაა საჭირო. ფაქტიურად ჩემ თვალწინ, ამ ფარფატა გოგომ ცხოვრების რთული გზა განვლო.

ბევრი წელია, ვმეგობრობთ. უფრო ხშირად ონლაინ ვურთიერთობთ, ვიდრე – ცოცხლად, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ეს ხელს არ უშლის.

ტკბილოო, თბილოო, მეუბნება ხოლმე. განა და მართლა ტკბილი და თბილი ვარ… სულაც არა… უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან უფრთხილდება. მეც მიფრთხილდება, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ჩეთში ვეჯუჯღუნები ხოლმე, თავი ნუ მომაბეზრე შენი პლუშის სათამაშოებით-მეთქი.

ჰო მართლა, პლუშის სათამაშოები უყვარს. თაყვანისმცემლები ჩუქნიან ხოლმე ლამის ადამიანისხელა დათვებს, ძაღლებს… მათთან თამაშით გულს რომ იჯერებს, შემდეგ ყველაზე მძიმე მომენტი დგება – განშორების მტანჯველი წუთები. იძულებულია, შეელიოს რბილ და ერთგულ მეგობრებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს.

პრობლემების მეტი რა აქვს. დედამ რომ სახლი გაყიდა, იმ თანხის მესამედიც არ შეხვედრია. ძმამ თავისი წილი სასწრაფოდ სამორინეში გაანიავა და ახლა ყოველდღე მის კართანაა ატუზული – გამუდმებით ფულს ითხოვს. სცემს ხოლმე ბარბარეს, დედასაც სცემს. მეხვეწება ხოლმე, სამსახური იქნებ მიშოვოო. განა თვითონ არ იცის, რომ სამსახურს ამ ქვეყანაში ასე ადვილად ვერ იშოვის… იმედს მაინც არ კარგავს. ძნელია დედის პენსიით თავის გატანა.

ჩემს ცხოვრებაში პირველი ტრანსგენდერი ქალი კი არაა ბარბარე, მაგრამ მის მიმართ რაღაც აუხსნელს ვგრძნობ. მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, ჩემში ალბათ უფრო აღტაცებას იწვევს. ან შურს. კი, მშურს მისი ქალურობის, მომხიბვლელობის, საკუთარი თავის აღქმის. ცხოვრებაში ბევრი ბოროტი ადამიანი შეხვედრია, მაგრამ თვით ამ ბოროტ ტრანსფობებშიც კი, საბედნიეროდ, მკვეთრ აგრესიას გადარჩენია. უსაშველოდ კეთილი და გულღიაა, წყენა ხშირად ხვდება, თუმცა, ყველაფერს მალე ივიწყებს.

შურზე ვსაუბრობდი. რაღაც ჯადოსნურ შინაგან ენერგიას ასხივებს. შეუძლია, კამერის წინ საათობით იპოზიოროს, სარკეში საკუთარ გამოსახულებას უმზიროს და უსაზღვროდ ბედნიერი იყოს, მიუხედავად ყველაფრისა…ან როგორი რუდუნებით არჩევს პომადას, თმის ფერს, ან რა ეშხიანი მიხრა-მოხრა აქვს… ცხოვრებაში ასეთი აღტაცება ხშირად როდი მიგრძვნია… ასეთი წვრილმანები შოკში მაგდებს, მაბედნიერებს მის კვალდაკვალ, და სტიმულს მაძლევს, ცხოვრება მისნაირად მიმზიდველად აღვიქვა…

კაცებს ძალიან მოსწონთ მისი სითამამე და მომხიბვლელობა, ბარბარეს კი – ის მომენტი, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

– მინდა,ბინა შევიძინო ჩემი შრომით და იმ ხალხს დავუმტკიცო, ვინც დამცინის, რომ მე ძლიერი ვარ, რომ ვოცნებობ, რომ ჩემს სამყაროში იყოს ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენს საკუთარ სამყაროს შევქმნით და სხვა გამვლელებზე არ ვიფიქრებთ, რას იტყვიან ჩემზე ან ჩვენს ურთიერთობაზეო.

და მიუხედავად მის ზურგს უკან ქირქილისა, ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობებით იღებს. იშვიათი უნარი აქვს, გაფილტროს უარყოფითი დამოკიდებულებები და მხოლოდ დადებითი მიიღოს. ბრაზს საერთოდ არ სცნობს.

ვეკითხები ხოლმე, როგორ შეგიძლია-მეთქი ამდენი პრობლემის ფონზე შინაგანი ჰარმონიის და ბედნიერების შენარჩუნება?

თავისებურად მიღიმის, გულღიად, ლაღად, და მეუბნება, მოვა დრო და ჩემზე ფილმს გადაიღებენო.

რეჟისორი რომ ვიყო, ბარბარეზე გადაღებულ ფილმს ასე დავარქმევდი: „ქალი, რომლისაც მშურს“.