"საფარის" საქმეები

პრესკონფერენცია ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით

დღეს, “საფარში”, ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე დასახელებული საქმის შესახებ ისაუბრეს “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ და იურისტმა მარი კურტანიძემ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მარიამ ზაქარეიშვილმა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ოთხი წლის წინ მომხდარი შემზარავი ამბავი კვლავაც გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საჯარო დასჯას უამრავი მოწმე ჰყავს.

ხანუმის მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. რაც შეეხება მის სიკვდილს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმის გამოძიება უკვე ოთხი წელია, ჭიანურდება და მიუხედავად საქმეში არსებული მოწმის ჩვენებებისა და მტკიცებულებებისა, დღემდე ბრალი არც ერთ პირს არ წაყენებია.

კავშირი “საფარი” 2014 წლიდან ითხოვს ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ეფექტურ და დროულ გამოძიებას, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხანუმის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტი, სრულიად არის უგულებელყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია: საქმის გამოძიება დაიწყოს 1443 მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. ასევე, უნდა განიხილონ ვერსიები, ხომ არ იყო მკვლელობა, იმიტომ, რომ არსებობს ფოტოები, რომლებიც გადაუღეს გვამს, არსებობს განმბანავების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ, რომ გვამს ჰქონდა დაზიანებები და ეს უამრავმა ადამიანმა ნახა. შესაბამისად, სხვა მოქმედებებია ჩასატარებელი და სხვა ტიპის გამოძიებაა დასაწყები, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და რომელსაც საქართველოს სახელმწიფო არ ასრულებს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ. ასევე, პატარაიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახელმწიფო, “თითქოს არჩარევის პოლიტიკას ამჯობინებს, რათა კონფლიქტში არ შევიდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან”, მაგრამ უმოქმედობა, ამ რეგიონებში გავრცელებულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს: “ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ადრეული ქორწინებები, ქალთა მოტაცებები, კვლავ გამოუძიებელი რჩება”.

ოთხი წლის მანძილზე დასახელებულ საქმეზე სახელმწიფოს უმოქმედობის გათვალისწინებით, “საფარმა” და  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართეს.

“საფარი”, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დისკრიმინაცია ხანუმ ჯეირანოვას მიმართ, რადგან არ გამოიძია ხანუმის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, ვერ დაიცვა მისი სიცოცხლე, არ განახორციელა ხანუმის სიკვდილის რეალური მიზეზის დასადგენად საჭირო მოქმედებები და არ დასაჯა დამნაშავეები. ამასთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და გავრცელებული კულტურული ნორმების აღმოფხვრა, რაც ხანუმ ჯეირანოვას მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.