22 ივლისს, ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთა მიერ წარდგენილმა დოკუმენტებმა ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესის ამსახველი სურათი გვიჩვენა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანალიტიკური დოკუმენტები, ე.წ პოლიტიკის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში დღესდღეობით არსებულ მდგომარეობას ასახავს. პოლიტიკის დოკუმენტებში მოცემულია სხვადასხვა სფეროს რეფორმირების გზაზე არსებული გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები და რეკომენდაციები.
საფარის აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას მიერ წარდგენილი დოკუმენტი – „სოციალური მომსახურება – ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის დაკარგული ნაწილი“, ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ საკითხს – სოციალური მომსახურების მექანიზმის გამართული მუშაობის აუცილებლობას ეხება.
“ოჯახში ძალადობასთან ქმედითი ბრძოლის და ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
- მიიღოს კანონი სოციალური მომსახურების შესახებ;
- ჩამოაყალიბოს სოციალური მომსახურების მექანიზმი ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასთან ბრძოლაში;
- დაამკვიდროს მულტისექტორული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციის, სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კოორდინირებულ რეაგირებას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე;
- დაიქირავოს საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკი და მოამზადოს ისინი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამუშაოდ;
- სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოს საკმარისი ფინანსური რესურსი სოციალური მომსახურების განვითარებისა და განხორციელების მიზნით;
- განავითაროს მოძალადეთა რეაბილიტაციის სერვისები”, – ვკითხულობთ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში. დოკუმენტის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პოლიტიკის დანარჩენი დოკუმენტები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს ეხებოდა, როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებები, კორუფციის აღმოფხვრა, წამებასთან ბრძოლა ციხეებში, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, სოციალური მომსახურება, მედიის ხელმისაწვდომობა, ეთნიკური უმცირესობები და მათი ჩართვა სამოქალაქო პროცესში.
ანგარიშები ნიდერლანდების სამეფოს და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა.