ავტორი: გიორგი თუმანიშვილი
სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკა ბრწყინვალე სოციო-პოლიტიკური ინსტრუმენტია, სადაც გენდერული უთანასწორობის, აგენდერულობის, რეპროდუქციის პრობლემატიკაზე აქცენტირების თითქმის უსასრულო შესაძებლობებს ვაწყდებით. “ფსფ” გვხვდება უტოპიაში, დისტოპიაში, დროში მოგზაურობის, პოსტაპოკალიპტიკის, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ და ა.შ. წიგნებში, სადაც საზოგადოების გენდერული ევოლუციის შესაძლო ვარიაციები არის გადმოცემული.
ჩემთვის ერთი ასეთი აღმოჩენაა ავტორი, სახელად ჯეიმს ტიპთრი უმცროსი (James Tiptree Jr.), რომელიც გენდერულ პრობლემატიკას შესანიშნავად ნიღბავდა მამრობითი სქესის ნარატორების სიტყვებს უკან.
1977-ში გაირკვა, რომ ტიპთრი რეალურად ქალი ავტორია, სახელად ელის ბრედლი შელდონი (Alice Bradley Sheldon) და გამომდინარე იქიდან, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ქალ ფანტასტს არავინ წაიკითხავდა, – მან შემოქმედების ამგვარ ხერხს მიმართა.
უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ტიპთრის, მაგრამ ყველაზე მეტად დამაინტერესა მისმა პატარა მოთხრობამ ე.წ. უცხოპლანეტელებთან პირველი კონტაქტის ჟანრიდან – “ქალები, რომლებსაც კაცები ვერ ხედავენ”, სადაც მწვავე გენდერული პრობლემატიკის ნათლად წარმოსაჩენად, ჟანრი უბრალო ინსტრუმენტია.
ნაწარმოებში მთხრობელი კაცია, დონ ფენტონი, არც ისე ახალგაზრდა, ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი, რომელიც დასასვენებლად (სათევზაოდ) მექსიკაში მიდის. ის გვიამბობს ავიაკატასტროფის შესახებ, სადაც მასთან ერთად აღმოჩნდებიან პილოტი და ქალი თავისი ქალიშვილით.
ავტორი წარმოაჩენს მისტერ ფენტონს “ოლდ სკულ” მამრად, დაახლოებით განათლებულ და დასაქმებულ “კორკოტად”, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბუნებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში არიან, ქალ(ებ)ში მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავს და თითქმის ჭკუიდან გადაჰყავს იმ ფაქტს, რომ რუთი პარსონსი და მისი ქალიშვილი ალთეა მოსალოდნელ პანიკას არ ყვებიან და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
თხრობის დროს ირკვევა, რუთმა ალთეა მარტომ აღზარდა, ქმრის გარეშე, და რომ ალთეას მამამ საერთოდაც არ იცის, რომ ქალიშვილი ჰყავს. მისტერ ფენტონი ამ დროს უკვე ძალიან იბნევა; მთელი სოციალური კონსტრუქტი, რაც მის სააზროვნო სტრუქტურაში არსებობდა ქალის სოციალური როლის შესახებ, მის წინაშე ნადგურდება მარტოხელა ძლიერი ქალის, დედის მიერ, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში მასზე გაცილებით მოხერხებული აღმოჩნდება. ფენტონი მას თავდაპირველად ლესბოსელს უწოდებს, რადგან მის გონებაში ჯერ არ არსებობს მოდელი, რომლითაც შეაფასებდა რუთს, როგორც ქალს. საუბრის დროს, რუთი ცდილობს, აუხსნას:
“ქალებს არ აქვთ უფლებები, დონ, გარდა იმისა, რის ნებასაც დაგვრთავენ კაცები. კაცები უფრო აგრესიულნი და ძალაუფლებიანნი არიან, და მსოფლიოს მართავენ. როდესაც რეალური კრიზისი დააფიქრებს მათ, ჩვენი ე.წ. “უფლებები” გაქრება, როგორც კვამლი. ჩვენ დავბრუნდებით იქ, რაც ყოველთვის ვიყავით – საკუთრებად ვიქცევით. და ამის შემდეგ, რაც კი ნეგატიურ სახეს მიიღებს, ყველაფერს ჩვენს “თავისუფლებას” დააბრალებენ, როგორც ეს იყო რომის დაცემისას. თავადვე დარწმუნდებით”.
“ქალები რასაც აკეთებენ, ეს არის თვითგადარჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ გათითოკაცებული, თქვენი სამყარო-მანქანის პატარა ნაპრალებში”, დასძენს რუთი.
მოთხრობის დასასრულს, ავტორს შემოჰყავს უცხოპლანეტელი მეცნიერ-დამკვირვებლები, როგორც ძალები, რომლებიც შესაძლოა, საშიშნიც კი იყვნენ, მაგრამ რუთის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მისი გაუცხოებიდან, საზოგადოებისგან თითქმის მოკვეთილად არსებობიდან, მისი უჩინარობიდან გამომდინარე, ის უცხოპლანეტელებს ემუდარება, რომ ის თავის ქალიშვილთან ერთად წაიყვანონ მათ პლანეტაზე. რუთი დარწმუნებულია, რომ უცხო პლანეტა (საზოგადოება) ნამდვილად არ იქნებოდა იმაზე საშინელი ასატანი, რისი ატანაც მას მოუხდა ადამიანთა საზოგადოებაში.
რა თქმა უნდა, მისტერ ფენტონი (კორკოტა) ამასაც ვერ ხვდება, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დატოვო ადამიანები და უცხოპლანეტელებთან წახვიდე? აქ ხომ ასე კარგადაა ყველაფერი?!
P.S. ქალი უნდა დავინახოთ! – და უნდა დავინახოთ არა უკვე არსებული სოციალური კონსტრუქტიდან ან იმ მოდელიდან გამომდინარე, რაც ოჯახში ჩაგვიდუღაბეს, არამედ დავინახოთ მისი რეალური “მე”, როგორსაც ის ხედავს თავის თავს, – თავისუფალს, დამოუკიდებელს, ძლიერს, – ინდივიდს.