ბლოგები

ინტერპოლიდან მონღოლურ პოლიტიკამდე

სერიიდან „საუბრები ქალებთან“ – ინტერვიუ თეგშე დარამბაზართან
ვერა ქობალია

ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ კაფეში, ჰონგ კონგში, საი იუნგ პუნის რაიონში, ჰაი სტრიტზე. თეგშე მონღოლეთში გატარებულ ბავშვობას იგონებს. რბილად საუბრობს, დაკვირვებით არჩევს სიტყვებს. ვიცი მისი ისტორია, ან მგონია, რომ ვიცი − იურისტი პრემიერ მინისტრთან არსებულ გენდერული თანასწორობის ეროვნულ კომიტეტში; მრჩეველი საბანკო სექტორში რეგულაციების შესაბამისობის დანერგვის კუთხით. თუმცა, ამის შესახებ ვერ წაიკითხავთ რომელიმე ადგილობრივ გაზეთსა თუ ჟურნალში. სამაგიეროდ, შეიძლება იპოვოთ სტატია, რომელიც მას ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ადამიანად წარმოაჩენს. თეგშე არ აქცევს ამას ყურადღებას და ამბობს, რომ საკუთარი შეხედულებების სისწორეს ჟურნალისტებს დაუღალავი შრომით დაუმტკიცებს.
ვიცი, რომ თინეიჯერობის პერიოდში ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. როცა ამ ამბავს მიყვება, ჩუმად ტირის. მიკროფონს ვთიშავ და ვზივარ მთელ სამყაროზე გაბრაზებული, მის მაშინდელ მასწავლებელზე ვბრაზობ, რომელმაც დატუქსა ორი ბიჭი, მაგრამ მისცა სწავლის გაგრძელების უფლება, რადგან ჩათვალა, რომ არავინ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. თეგშემ მიატოვა დიზაინის სკოლა და სამართლის სწავლას შეუდგა. ინციდენტამდე არტისტობაზე, დიზაინერობაზე ფიქრობდა. მეორე ადგილიც დაიმსახურა ხელოვნების ეროვნულ შეჯიბრზე, რამაც დიზაინის სკოლაში ადგილი მოაპოვებინა.
სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ სტაჟირებისთვის უზენაეს სასამართლოში მოხვდა. სტაჟირების მეორე დღეს ქუჩის გადაღმა, საპოლიციო უბანში სთხოვეს დახმარება. ვიღაც სჭირდებოდათ საფრანგეთიდან ფაქსით მიღებული ინტერპოლის დოკუმენტების სათარგმნად. იმ პერიოდისთვის ინტერპოლი მხოლოდ ფრანგულად მუშაობდა და თეგშე ერთადერთი ფრანგულად მოსაუბრე იყო, ვისი პოვნაც შეძლეს. იმ დღეს საპოლიციო უბანში დარჩა. მომდევნო დღესაც. საბოლოოდ კი მონღოლეთის მთავარი პოლიციური ორგანოს ოფიცერი გახდა.
თვლით, რომ დღეისთვის რაიმე შეიცვალა? სექსუალური შევიწროების აღქმა განსხვავებულია იმისგან, რაც 20 წლის წინ იყო?
ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ძალიანაც არა. შარშან გერმანელი ტურისტის შემთხვევა მოხდა, ის მონღოლეთში მოგზაურობდა. ძალიან ლამაზი ქალი მონღოლეთის ქუჩებში სეირნობდა. კაცები უსტვენდნენ, ცდილობდნენ შეხებას, კომენტარებს აკეთებდნენ მის სხეულთან და მკერდთან დაკავშირებით. ერთ სოფელში კაცმა პირდაპირ უთხრა, „უცხოელი ხარ, ალბათ, საკმარისი სექსი არ გაქვს, მოდი, გვქონდეს სექსი“. ასეთი შემთხვევები ხშირია მონღოლეთში. ქალი ჟურნალისტია და გასულ წელს თავისი გამოცდილების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ქვეშ კომენტარები რომ ნახოთ, მიხვდებით, რამდენად არასენსიტიურია საზოგადოება პრობლემის მიმართ. მონღოლმა პოლიტიკოსმა მის სტატიას მონღოლი კაცების ღირსების დასაცავად უპასუხა. „სამწუხარო ამბავია, მაგრამ მონღოლები ღირსეული ხალხია და ასეთ რამეს არ ჩაიდენდნენ“. ეს უფრო საინტერესოდ მომეჩვენა, ვიდრე ის, რომ ქალები იცავდნენ ამ ბრალდებებისგან მონღოლ კაცებს და ამას ეროვნულობის დაცვად ასაღებდნენ. ჯერ ეროვნულობა, შემდეგ ქალები. ვფიქრობდი ამ შემთხვევის სიღრმისეულ ანალიზზე, ამ საკითხზე „პოლისი რისერჩ ჰაბმა“ იმუშავა. დაკვირვება ვაწარმოეთ და ჩანს, რომ ისევ არ ვართ გენდერულად სენსიტიურები. იმის მიუხედავად, რომ ბევრ საშუალო რგოლის პოსტს ქალები იკავებენ და სწორი მიმართულებით მივდივართ, ჯერ კიდევ არ ვართ გენდერულად სენსიტიურები.
#metoo მოძრაობამ მიიპყრო ყურადღება მონღოლეთში? მონღოლმა ქალებმა აღიარეს, რომ მათაც აქვთ იგივე პრობლემა?
რამდენიმე არასამთავრობომ სცადა ცნობიერების ამაღლება, მაგრამ ეს ჯერ ისევ ძნელია ჩვენთვის. ჩვენი ტრადიცია, კულტურა, რელიგია დამკვიდრებულ გენდერულ როლებს ეყრდნობა. ვხედავთ, რომ არის რაღაც ცვლილებები, მაგრამ არა დიდი გავლენის მქონე. სკოლიდან დაწყებული, იქ გამოყენებული სახელმძღვანელოების ჩათვლით, ყველაფერი სექსიზმს უწყობს ხელს. ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია, მაგრამ ისევ დიდი დრო გვჭირდება ცვლილებების მისაღწევად.
რელიგია ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს რელიგიას ამ ყველაფერში?
უდიდესი როლი აქვს. მონღოლების უმრავლესობა ბუდისტია და მონღოლური ბუდისტური კულტურა გენდერულ როლებზეა დაშენებული. მაგალითს მოგიტანთ: მთის თაყვანისცემის ცერემონია ძალიან გავრცელებულია მონღოლეთში. მხოლოდ კაცებს აქვთ მწვერვალზე ასვლის უფლება, ქალები ქვევით უნდა დარჩნენ. ახსნა ასეთია: ქალები არ არიან საკმარისად ძლიერები, რათა შეძლონ მწვერვალზე ასვლა. თუ ქალი ამას შეძლებს, დემონებს განარისხებს. რას ნიშნავს ეს? და ეს დღემდე ასეა. რა თქმა უნდა, რეგიონებში მცხორვები ქალები არ ეწინააღმდეგებიან ამას. ისინი არ ფიქრობენ, რომ ეს არასწორია, ან შესაძლოა, არც ესმით რა არის სწორი და რა არა.
ეს მხოლოდ ბუდიზმის პრობლემა არ არის, დააკვირდით დასავლურ რელიგიურ რიტუალებს. როცა ქორწინდები, ერთი კაცის ხელიდან მეორე კაცის ხელში გადადიხარ. მამას მიჰყავხარ ეკლესიაში და შემდეგ სხვა კაცს აბარებს შენს ხელს. ჩვენ, შესაძლოა, საქორწინო ცერემონიალის მხოლოდ ლამაზ მხარეს ვხედავდეთ, მაგრამ თუ ახლოდან დავაკვირდებით, სექსიზმი ყველა ქვეყანაში არსებობს.
თქვენ გენდერულ საკითხებზე მრჩევლად იმუშავეთ ხელისუფლების უმაღლეს რგოლში, პრემიერ-მინისტრთან არსებულ გენდერული საკითხების კომიტეტში. რამდენად რთულია რეალური ცვლილებების განხორციელება, მაშინაც კი, როცა მაღალ პოზიციაზე ხარ?
ცვლილებებს ბიუჯეტი სჭირდება და არც ახლანდელი, არც წინა და არც იმის წინა მთავრობის ბიუჯეტი არ ყოფილა გენდერულად სენსიტიური. ჩვენ შევეცადეთ გენდერული განზომილება შეგვეტანა ბიუჯეტში, მაგრამ ეს აღქმულ იქნა ისე, თითქოს ჩვენ მთავრობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გვსურდა მეტი ქალი.
ვეცადეთ, სხვადასხვა ველზე გვემუშავა. ერთ-ერთი იყო ტრენინგების ჩატარება და უნარების გაუმჯობესება ჟურნალისტებისთვის, რათა ყოფილიყვნენ გენდერულად სენსიტიურები და ქალის რეპრეზენტაცია მომხდარიყო როგორც ადამიანის და არა როგორც აქსესუარის, მაგრამ ტრენინგების სერიის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მაგალითად, ჩვენი ერთი პოლიტიკოსი დაქორწინებულია წარმატებულ საქმიან ქალზე. ის ძალიან ბევრს მუშაობდა და ბიზნესი ნულიდან ააშენა. მაგრამ პრესა მაინც პოლიტიკოსის ცოლად მოიხსენიებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპებს. გამოდის, რომ თუ კაცს აქვს ძალაუფლება შეუძლია ქალი აქსესუარად გამოიყენოს. თუ კაცს ურთიერთობა აქვს ბევრ ქალთან, ის მაგარია. ხოლო თუ ქალს ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, ის არ არის პატიოსანი.
არსებობენ ქალები მონღოლეთში, რომლებიც თქვენთვის როლურს მოდელს წარმოადგენენ? ვიღაც, ვისაც ბაძავთ ან გოგოები მიბაძავენ?
როგორ არა, ბევრი, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ბევრს ვკითხულობდი და ვიცი მათი ისტორიები, რომელმა ქალმა სად და რა გააკეთა. თუმცა, ქალები საკუთარ თავს არ უკეთებენ რეკლამას და ახალგაზრდებისთვის რთული გასარჩევია, ვინ ვინ არის. განსაკუთრებით იმ ქალების დანახვა, რომლებიც „სცენის მიღმა“ მუშაობენ.
რას ეუბნებით თქვენს გოგონებს? რას ასწავლით მათ?
ისინი მუდმივად აწყდებიან პრობლემებს (იცინის). ერთ-ერთ ჩემს გოგონას ძალიან გრძელი თმა აქვს. სკოლაში, მის უკან მჯოდმმა ბიჭმა მაკრატელი აიღო და მოაჭრა თმა. მასწავლებელს დაველაპარაკე, მან კი მიპასუხა: „უთხარი შენს შვილს, რომ აიკეცოს თმა“. რაღაცები უნდა შეიცვალოს ძალიან მცირე ასაკიდან.
ჩემს გოგონებს ვასწავლი, რომ საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულები იყვნენ. მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და ეს დღევანდელ სამყაროში კონტრპროდუქტიულია. ვიყურები უკან და ვხედავ, რომ ბევრი ვიმუშავე. ეს მონღოლეთის მთავრობის სტრატეგიასაც მოიცავს 2025 წლისთვის სიღარიბის შემცირების შესახებ. ამ სტრატეგიაზე დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე. ბევრი ღამე გავათენე. ბოლოს კი ყველაფერი მინისტრმა მიიწერა. არ დავუპირისპირდი მას და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. თითქოს საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ჩემს შვილებს ვასწავლი, უფრო გულწრფელები იყვნენ.
ხელისუფლებაში ყოფნისას ერთ-ერთი იყავით იმ მცირერიცხოვან ქალებს შორის ვინც შეხვედრებსა და დისკუსიებს ესწრებოდა. რა შეგრძნებაა როცა ერთადერთი ქალი ხარ ოთახში? და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მოგისმინონ?
ძალიან რთულია მოგისმინონ. ქალი იწყებს საუბარს და პირველი, რასაც ხედავენ არის ის თუ როგორ გამოიყურება, რატომ არ გადაიწია თმა, როგორ არასწორად შეარჩია საყურე. ჩვენი სამუშაო ჯგუფიდან კაცს რომ წარედგინა საკითხი, პირველი რასაც იტყოდნენ, იქნებოდა: „როგორი გულისხმიერია, გედერულ საკითხებზე რომ მუშაობს. რა ჯენტლმენია!“ ხშირად მინატრია, ასაკოვანი ვყოფილიყავი. ახალგაზრდა ქალებისთვის კიდევ უფრო რთულია. ნატრობ ხანდაზმული იყო, რათა ხალხმა მოგისმინოს. ძალიან ძნელია ასეთ გარემოში მუშაობა. ადმინისტრაციაში მომუშავე ქალები ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას, რათა ჩამეტარებინა კვლევა და შედეგები წარმედგინა სამუშაო გუფის კაცებისთვის. ვეცადე ყველაზე უკეთ მცოდნოდა საკითხი, რათა ჩემთვის მოემართათ ინფორმაციისთვის. ასე გადავრჩი. ეს გადარჩენაა.
მონღოლეთს თქვენი მსგავსი ძლიერი ქალები სჭირდება. გიფიქრიათ, რომ როდესმე კენჭს იყრით ან პოლიტიკურ პოსტს დათანხმდებით?
ბოლო ხუთი წლის მანძილზე სხვადასხვა პოსტი შემომთავაზეს. სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორის მოადგილეობა. ურბანული განვითარების სამინისტროში სტრატეგიის ხელმძღვანელობა. მშენებლობის სამინისტროში საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსობა. ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ჩემი ქმარიც პოლიტიკაშია. პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებში. ახლა პარლამენტარობას გეგმავს. ასე რომ, მე განზე გავდექი.
მონღოლეთში ასეთი აღქმა არსებობს, რომ თუ ქალი პოლიტიკაში წარმატებულია, პოლიტიკოსის საყვარელი უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით რთული იყო, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. არ გიღებენ. გესმის, რომ ხალხი განუწყვეტლივ ჭორაობს შენზე. არ იყო ჩემთვის ადვილი. ვფიქრობდი, შეიძლება სჯობს უკან დავიწიო და ქმარს დავუჭირო მხარი. ვცდილობ, ის უფრო გენდერულად სენსიტიური გავხადო (იცინის). ვეუბნები, „შენი ცოლი გენდერის სპეციალისტია, შენ ამას არ უნდა ამბობდე“.
იღბლიანია, რომ თქვენ ჰყავხართ მრჩევლად.
იცის.
შეიძლება გკითხოთ, 4 შვილი გყავთ და ისევ ჭორაობენ თქვენზე?
დიახ. ჩემგან ელიან, რომ მსუქანი და ასაკოვანი ვიყო. მაშინ ყველაფერი რიგზე იქებოდა. მაგრამ რაკი ვვარჯიშობ და თავს ვუვლი, ამბობენ, „ალბათ რაღაც იმალება ამის მიღმა.“
ასეთი რთულია ხალხისთვის იმის მიღება, რომ ქალი ერთდროულად შეიძლება ლამაზიც იყოს და ჭკვიანიც?
კი, განსაკუთრებით ქალებისთვის. კარგად გამოვიყურები, რადგან მინდა კარგად ვგრძნობდე თავს.
მხარს უჭერთ კვოტირებას პარლამენტში და კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოებში?
სამეთვალყურეო საბჭოებში ქალების მონაწილეობას მივყავართ მეტ გამჭვირვალობასა და ნაკლებ კორუფციასთან. ეს დადასტურებული ფაქტია. მახსოვს, ერთი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც დაისვა კითხვა, რატომ არ არის მეტი ქალი ჰონგ-კონგის მთავრობაში. ადამიანმა უპასუხა, „სად ვიპოვით ამდენ ქალს! თანაც, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი ქალია“. თითქოს ეს საკმარისი იყოს.
ჩემს შემთხვევაშიც, მე ქმრის უკან დგომა ვარჩიე. სხვა სიტუაციაში, შესაძლოა, აზრიც შემეცვალა და მე მარტო არ ვარ. ასეთი შემთხვევები ხშირია. ქალი თავისი კაცის უკან.