მაია ცირამუას ბლოგი
რა დამოკიდებულებაა ეს – “დასხდნენ სახლში და იქ ხომ არ შევუვარდებით? რატომ გვაღიზიანებენ?!” და თქვენ რატომ ღიზიანდებით? რა გაშინებთ? რომელი უმცირესობის წარმომადგენელი შეეცადა თქვენს “გარყვნას”? თქვენს “გზიდან აცდენას?” .
არ არსებობს “ვირუსი” ან იმიტაციის გზა, რითაც ადამიანის სექსუალური იდენტობა გადადის. ის ვერ შემოვა მოდაში და ვერ გახდება ტრენდი, რადგან როგორიც ხარ, ისეთი ხარ და მორჩა.
რატომ უნდა იმალებოდეს სახლში არაჩვეულებრივი ახალგაზრდა და შიშით ვერ გამოდიოდეს ქუჩაში, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი შვილების ეშინია, ეშინია, არ ჩაჩეხონ სადღაც… მისი სხეული რომ ისე ჩამოყალიბდა, როგორც ჩამოყალიბდა, ეს პირველ რიგში მისთვისაა დიდი ტკივილი. სხეულთან რომ კონფლიქტში ხარ, ამაზე მწარე რა უნდა იყოს. მშობელს რომ ჰკითხო, მიიყვანს ვინმე სპეციალისტთან და ის სპეციალისტი დაუნიშნავს ჰორმონს, რომ იმ სქესს დაემსგავსოს, რადაც დაიბადა… ეს კიდევ უფრო აშორებს სხეულს და აღრმავებს პრობლემას. დიდ ნაპრალს აჩენს. ამის ატანა კი ხშირად წარმოუდგენელია.
რატომ უნდა გემალოდებოდეთ თქვენ ის საოცარი ბიჭი, მართლაც საოცრებებს რომ წერს და თუ გასაქანი მიეცა, შესაძლოა საუკეთესო მწერალი გახდეს, რატომ უსერავდნენ გულს ყოველდღე თქვენი შვილები სკოლაში, იმიტომ, რომ სხვანაირია?! რატომ არ ასწავლით თქვენს შვილებს ადამიანების სიყვარულს? რატომ უდებთ პირში ყოველდღე თითო წვეთ შხამს, თანაც ღმერთის სახელით. ვინ მოგცათ ამის უფლება?! რატომ უნდა ცხოვრობდეს მარტო უცხოეთში უამრავი აქედან გაქცეული ახალგაზრდა? ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებსაც გული ეგლიჯებათ ამ ქვეყნის, ოჯახის მონატრებით და ვინ იცის რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდნენ ამ ქვეყნისთვის?
დღეს რომ თქვენი შვილები, სიძულვილით დაგეშილები გარბიან სახლიდან, ვითომცდა ქვეყნის, “ადამიანობის”, “კაცობის” გადარჩენის სურვილით, კარში რატომ არ ჩაუდგებით, გზაზე რატომ არ გადაეღობებით? არ გეშინით, თქვენი შვილი მკვლელი რომ გახდეს? არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი, ღმერთის კი არა, ათასი ფარისევლის ბრმა იარაღია?!