ბლოგები

წავალთ წინ, თუ წავალთ წრეზე?

ბაია პატარაიას ბლოგი

ხავერდოვანი რევოლუციები ჩვენი რეგიონის წყევლად იქცა. ის, რაც თავიდან გაგვიხარდა, აღმოჩნდა ჩაკეტილი წრე. ვარდების რევოლუციის მთავრობა შუა გზაში “გაფუჭდა” და ოცნებამ ისინი “ჩამოხსნა”, მერე ოცნება “გაფუჭდა” შუა გზაში და ეხლა ოცნება უნდა ჩამოვხსნათ, შემდეგიც აშკარად “გაფუჭდება”, თუ არაფერი შევცვალეთ. წრეზე სიარული და პროგრესის ილუზია მე არ მჭირდება. ჩვენ თვისობრივად უნდა შევცვალოთ ეს პოლიტიკა, რომლის ცვლილება შეიძლება ნაც-ქოცობას არც აწყობდეს.

ამ აქციებს იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ისინი არავის ჩამოგდებას და არავის ჩანაცვლებას არ ცდილობენ, არამედ უნდათ, ხალხი დააფიქსირონ აგენტად. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი გამოვა, თუ ცუდად მოიქცევა და რომ ხალხს უნდა(!), ვალდებულია ანგარიში გაუწიოს და დიახ, იაროს ხალხის ჭკუაზე.

ხალხმა გამოსვლა აქამდეც არაერთხელ სცადა, გინდა ეკოლოგიურ, გინდა მუშების, გინდა ქალების საკითხებზე, მაგრამ უმეტესად მთავრობა იყო სრულიად შეუვალი ხალხის მოთხოვნის მიმართ.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხელისუფლებას ვასწავლოთ ხალხისთვის ანგარიშის გაწევა. ხალხის განსხვავება პარტიისაგან და კონკურენტისაგან. ჩვენ დღეს არ ვართ ოცნების კონკურენტები და ჩვენ არ ვცდილობთ ოცნებას წავართვათ სკამი. ჩვენ ვცდილობთ დავისწავლოთ და დაგასწავლოთ, რომ ხალხი არსებობს და მას ანგარიშის გაწევა სჭირდება.

მე ვისურვებდი, ხალხს არჩევნებზე გვეძლეოდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ისეთი ცუდი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, რომ არ გვეძლევა ამის საშულაება. ცუდ პოლიტიკურ სისტემაში არ ვგულისხმობ მხოლოდ არჩევნების გაყალბებას/მოსყიდვას, მაჟორიტარებს და ფულს, რომელიც არჩევნებს სჭირდება და რომელიც მარტო ბიძინას აქვს. აქ ვგულისხმობ უფრო მეტს – საარჩევნო სისტემაში საერთოდ არ ვჩანვართ ქალები, მუშები, უმცირესობები და სხვა უამრავი ჯგუფი ვერ აღწევს პოლიტიკაში, ჩვენ იქ არ გვიშვებენ, ამიტომაც ჩვენი ხმა მხოლოდ ქუჩიდან ისმის.

მე იმედი მაქვს, რომ ეს აქციები ყოველგვარი პათეტიკის და აღტყინების გარეშე წაგვწევს ერთი ნაბიჯით წინ და არა წრეზე. და ძალიან მინდა, რომ ეს გაიაზროს ყველა პოლიტიურმა პარტიამ და ძალამ.