სტატიები / ქალზე ძალადობა

როგორ ამოვიცნოთ აგრესორი? რჩევები წიგნიდან „ანკესზე“

SONY DSC

ურთიერთობები, რომლის განუყოფელ ნაწილადაც იქცა ძალადობა, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. ნორვეგიელი ავტორები, ჟურნალისტი აუდ დალსეგი (Aud Dalsegg) და იურისტი ინგერ ვესე (Inger Wesche) დაწვრილებით განიხილავენ ძალადობის სხვადასხვა შემთხვევებს, რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით. წიგნის ავტორები პრაქტიკულ რჩევებსაც გვთავაზობენ, თუ როგორ გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს და უკეთესობისკენ შევცვალოთ ცხოვრება. გთავაზობთ ამონარიდებს მათი წიგნიდან „ანკესზე“ (Psykopatens grep), რომელშიც აღწერილია აგრესორის ტიპური ქცევა, ანუ იმ ადამიანის, რომელიც მიდრეკილია გარემომცველთა მიმართ ძალადობის გამოვლინებისკენ.

აგრესორი ადამიანების საერთო ნიშანი

მართალია, ძალადობის ყველა ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთო აქვთ ერთი რამ: აგრესორის ქცევა და რეაქცია. თუ თქვენ შიშს განიცდით მის მიმართ, ვისთანაც მუშაობთ ან ცხოვრობთ, – ეს არაჯანსაღი ურთიერთობების ნიშანია. თუ თავდაჯერებულობის ნატამალი არ შეგრჩენიათ, ვერ ახერხებთ, იყოთ ის, ვინც ხართ და ამჩნევთ, რომ ვიღაც გთრგუნავთ, – ფხიზლად უნდა იყოთ და თვალყური ადევნოთ ამ ადამიანის სიტყვებსა და ქცევებს. ეს არის აგრესორის ტიპური მახასიათებლები – იგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დამანგრეველ ურთიერთობებში გვითრევს.

აგრესორს საკუთარი თავი სრულყოფილების ნიმუშად მიაჩნია

იგი გრძნობს თავის უპირატესობას სხვა ადამიანების მიმართ მორალის, გამოცდილებისა და ცოდნის თვალსაზრისით, ნაწილობრივ კი – ინტელექტისა და გარეგნობის მხრივ. იგი შეცდომებს თითქმის არ უშვებს, მაგრამ თუ შეეშალა, ამაში დამნაშავე ვიღაც სხვაა. თუ თქვენ მისი ორგულობის შესახებ შეიტყობთ, მას შეუძლია, ამაზე თქვას, რომ თქვენ ხართ გამოუსწორებელი და უიმედო, ან რომ საშინლად მოიმატეთ წონაში და სხვ.

აგრესორი თავის ნამდვილ სახეს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ სიცრუით მალავს

აგრესორი თავის ნამდვილ არსს თავის და სხვის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენებით ქმნის, რაც მანიპულაციებსა და შეურაცხმყოფელ ქცევაში ვლინდება. მისთვის აუცილებელია სხვებზე, განსაკუთრებით თქვენზე ფოკუსირება, რათა ამით თქვენს „არასრულფასოვნებას“ გაესვას ხაზი. რაც მეტად „დაეცემით“ ამა თუ იმ კრიტერიუმით, მით კმაყოფილია აგრესორი, თითქოს მას თქვენი წარუმატებლობა და არასრულყოფილება კვებავდეს.

აგრესორი მუდამ მზადაა სხვების განსასჯელად

აგრესორს მიაჩნია, რომ მისთვის ცნობილია სიმართლე სხვა ადამიანების სისუსტეებსა და უარყოფით თვისებებზე. იგი სხვების მოსამართლეა. განსჯის საგანია თქვენი უსარგებლობა, არასრულფასოვნება, სიხარბე, უწესრიგობა, სისუსტე, ავადმყოფობა და სხვ. იგი თქვენი სისუსტეებისა და მტკივნეული წერტილების აღმოჩენის გასაოცარ უნარს ფლობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ცხოვრებით ხარ გასამართლებული, დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობის გარეშე. აგრესორი ხშირად აპელირებს თქვენ მიერ მრავალი წლის წინ ჩადენილ „ცოდვებზე“. თქვენ უბრალოდ კი არ გამოგიტანეს განაჩენი, არამედ ახალგამომცხვარ მოსამართლეს მიაჩნია, რომ უფლება აქვს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით დაგსაჯოთ.

აგრესორი ჯუნგლების კანონით მოქმედებს

აგრესორი მუდამ გიტევთ. როდესაც იგი გრძნობს, რომ მისი უნაკლო ადამიანის იმიჯი საფრთხის ქვეშაა და რომ მისი ძალაუფლებისა და კონტროლის წყურვილი არ კმაყოფილდება, იგი თავს გესხმით. ეს მას საშუალებას აძლევს, თქვენი ყურადღება მისი ქმედებებიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ. იგი ჯუნგლების კანონით მოქმედებს: თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. მოკალი და არ მოგკლავენ.

აგრესორის სიტყვები, როგორც წესი, მის ქმედებებს არასოდეს ემთხვევა

აგრესორი საკმაოდ მჭევრმეტყველია, მისი საუბარი დამაჯერებელია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მისი ქმედებები არასოდეს ემთხვევა მის მსჯელობას.

აგრესორს მუდმივი აქტიურობა სჭირდება

როგორც წესი, იგი თავის შინაგან სიცარიელეს კოხტა ფასადს მიღმა მალავს, რადგან სამსახურში მუდამ აქტიურობას ეძებს და თავისუფალ დროს ძნელად იტანს სიმშვიდეს და სიჩუმეს.

აგრესორს სძულს სისუსტე

აგრესორს სურს, გამოიყურებოდეს ძლიერად და ქმედით ადამიანად. ამიტომაც, იგი შეუწყნარებელია სხვა ადამიანების მგრძნობელობისა და მიმღებლობის მიმართ, განსაკუთრებით, როცა საქმე ახლობლებს ეხება, საკუთარი შვილების ჩათვლით. ჰუმანურობის გამოვლინება მისთვის სისუსტეა.

ორსახოვანი იანუსი

ხანდახან, თქვენ ვერც კი იგებთ, როგორი დამოკიდებულება აქვს აგრესორს თქვენ მიმართ – პატივს გცემთ თუ სძულხართ? თავიანთი „მეს“ დემონსტრირებისას, ეს ადამიანები ხშირად ირევიან. მათი ერთი მხარე შესაძლოა კეთილგანწყობილი იყოს, მეორე კი, განსაკუთრებით ახლობლებისთვის – შურისმაძიებელი, სიძულვილით აღსავსე. მას შეუძლია, სიტყვებით, მზერით, მიმიკითა და გარკვეული მოქმედებებით შეურაცხყოს გარემომცველნი. აგრესორის ეს სხვადასხვა „მეები“ შესაძლოა, სწრაფად ცვლიდნენ ერთურთს. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ამგვარი ცვალებადობა ჩამრთველის დაწკაპებას გვაგონებს: წამებში, იგი სხვა ადამიანად იქცევა. ეს მის მზერაშიც აისახება – ქარიშხლის წინ, მისი მზერა ცივი და მრუმე ხდება.

აგრესორი სხვა ადამიანებზე კონტროლს ესწრაფვის

აგრესორს სურს, ძალაუფლება ჰქონდეს სხვა ადამიანებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისთანაც ერთად ცხოვრობს და მუშაობს. თქვენი ნება, აზრი და მოთხოვნები იგნორირებულია. სამსახურში აგრესორს ურჩევნია, საქმე ჰქონდეს თანამოაზრეებთან. პირად ცხოვრებაშიც, გარემომცველთაგან მორჩილებასა და თავის გემოზე ცხოვრებას მოითხოვს. კონტროლისა და მორჩილებისკენ მისი სწრაფვა არ სუსტდება მასთან განქორწინების, ურთიერთობების გაწყვეტის ან ბავშვების გაზრდის შემდეგაც კი.

აგრესორი მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

აგრესორი სხვა ადამიანების ყურადღებაზე პირდაპირაა დამოკიდებული. თუ იგი ამ ყურადღებას ვერ იპყრობს კეთილი ქცევებით, მაშინ ზემოქმედების ნეგატიურ მეთოდებს მიმართავს. ამგვარმა ადამიანებმა, შესაძლოა, გამოიწვიონ კამათი ან აქტიურად გააპროტესტონ, თუ მათი ნების წინააღმდეგ ქმედებას დაინახავენ, ან უბრალოდ, ეს მოწყენილობის გამო მოიმოქმედონ.

აგრესორი ემოციურად უმწიფარი შეიძლება იყოს

ნაწილობრივ, აგრესორის ემოციური რეაქციები პატარა ბავშვის რეაქციებს მიაგავს. იგი დამოკიდებულია, ეგოისტური, მომთხოვნი და იშვიათად ითვალისწინებს გარემომცველთა მოთხოვნებს. მისი ქმედებები იმპულსურია. მისი მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს და არა – ერთ საათში, დღეში ან კვირაში. მას არ ესმის, როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. რაღაც წვრილმანის გამო, მას შეიძლება რისხვის ისეთი შეტევა დაემართოს, რომელიც თქვენი ქმედების შეუსაბამოა.

აგრესორს ემპათიის გრძნობა არ გააჩნია

აგრესორი სრულიად ყრუა სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ. სხვა ადამიანის წყენინებისას, იგი არაფერს ნანობს. აგრესორს შეუძლია, გაგლანძღოთ, მაგრამ ერთ წუთში ისე მოიქცეს, თითქოს არაფერი მომხდარა. გარდა ამისა, მას შეუძლია, გისაყვედუროთ გარკვეული რეაქციების გამო და დაგადანაშაულოთ, რომ თითქოს „განიცდით“ იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაგევიწყებინათ.

აგრესორი წამებულის როლს თამაშობს

აგრესორს უყვარს მსხვერპლისა და წამებულის ამპლუის მორგება – ამგვარად, იგი ერთმნიშვნელოვნად იმყარებს ტანჯვის უფლებას. თუ იგი ხედავს, რომ ცუდად ხართ, მას ამაში ვერასოდეს აჯობებთ. ძალზე ხშირად, იგი მანიპულირებს თავისი ახლობლებით და მათ დანაშაულის გრძნობას ახვევს თავს. აგრესორს შეუძლია, „თავგანწირულის“ როლი მოირგოს და ამტკიცოს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ახლობლებზე ზრუნავს. მომავალში, იგი ამას მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. მაგალითად, დედა ზრდასრულ შვილს ეუბნება: „უმადური ხარ, რადგან შენთვის რაც კი გამიკეთებია, ვერაფერს ხედავ!“. აგრესორი მუდამ მსხვერპლია და ამით ხსნის თავის შეცდომებს. მსხვერპლის როლს ისე ბრწყინვალედ ასრულებს, რომ თითქოს მასაც სჯეროდეს ამის სინამდვილე.

აგრესორი იტყუება

აგრესორები საკმაოდ დაუდევრად ეპყრობიან სინამდვილეს. მას შეუძლია, ტყუილი სჯეროდეს მაშინაც კი, როდესაც მისი ტყუილი ადვილი გასაქარწყლებელია. ნაწილობრივ, იგი რაღაცებს იგონებს თავისი ქმედებების გასამართლებლად, ცრუობს ან სიმართლეს განზრახ მალავს, რომ თავი მართლად წარმოაჩინოს.