ავტორი: ზურაბ სიხარულიძე
არ ვაპირებდი, კიდევ ამეფორიაქებინა საზოგადოება, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია ამ ინფორმაციის გაზიარება.
ახალი წლის დღებში და მანამდეც, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ რამდენიმე ადამიანს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რაც განვითარდა არა ალფა-პვპ-ს მოხმარებით, არამედ, სავარუდოდ, GHB- თი, რაც არის ამ საუკუნის ერთ-ერთი საშიში ნარკოტიკი!!!
GHB, იგივე გამა-ჰიდროქსიბუტირატი, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, როგორც ნარკოტიკი, სახელად “date rape.” თავად ტერმინი “date rape” ამერიკულ სლენგში გამოიყენება, როგორც შესატყვისი იმ გარემოებისა, როდესაც პიროვნებას, რომელიც პაემანზე წავიდა, აუპატიურებს მისივე პოტენციური პარტნიორი ანუ “date”.
GHB-ის მსგავსი სახელით იმიტომ მოიხსენიებენ, რომ მიუხედავად აღნიშნული წამლის უარყოფითი ეფქტების შესახებ ცნობიერების მაღალი დონისა, ადამიანები მაინც იღებენ მას საკუთარი ნებით.
რა არის GHB?
ჯიეიჩბი პირველად ლაბორატორიებში მე-19 საუკუნეში გაჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი წარმოება ორგანიზმშიც ხდება ბუნებრივად, მცირე დოზებით, მაშინ, როდესაც საკვები ნივთიერებები ორგანიზმში იშლება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის ანესთეტიკად გამოიყენებოდა, გასული საუკუნის 80-იან წლებში მან, ისევე, როგორც ბენზოდიაზეპინებმა, დიდი პოპულარობა ჰპოვა სპორტდარბაზისა და კლუბების მოყვარულთა შორის. აღნიშნული წამლის ქუჩური დასახელებებია:
• Easy Lay
• G
• Georgia Home Boy
• Goop
• Grievous Bodily Harm
• Liquid Ecstasy
• Liquid X
• Scoop
GHB, როგორც Party drug-ი
აღნიშნული წამლის მომხმარებლები ამბობენ, რომ ჯიეიჩბის მცირე რაოდენობით მიღება სტიმულანტის როლს თამაშობს, თუმცაღა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალურად აღნიშნული წამალი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია.
მომხმარებლების გადმოცემით, ჯიეიჩბი მათ აძლევს რელაქსაციის ეფექტს, ისევე როგორც ალკოჰოლი, თუმცაღა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ იწვევს კოორდინაციის დაკარგვას, ენის ბორძიკს ან ნაბახუსევს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება იწვევს გონის დაკარგვას. ჯიეიჩბის მოქმედების ეფექტი ერთიორად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს და შესაძლოა, მომხმარებელმა სულ რამოდენიმე წუთში დაკარგოს გონება.
GHB-ის ეფექტები
ბოლოდროინდელი კვლევები, რომელთა თანახმადაც, აღნიშული წამალი არამხოლოდ ადიქციურია და აქვს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აღკვეთის სინდრომის დროს, არამედ, წამალში არსებული დეპრესანტების ზედოზირებით, ადამიანები სიცოცხლესაც კი ემშვიდობებიან.
GHB-ის გვერდით ეფექტები აგრეთვე მოიცავს:
• ჩავარდნები მეხსიერებაში;
• ძილიანობა;
• თავბრუსხვევა;
• დაბალი ტემპერატურა;
• ღებინება;
• ოფლიანობა;
• სუნთქვის გაძნელება;
• დაბნეულობა;
• აჟიტაცია;
• ჰალუცინაციები;
• გულყრა;
• გონების დაკარგვა.
1990 წლიდან მოყოლებული, ამერიკაში დაახლოებით 16 000 ადამიანი დაიღუპა GHB-ის მოხმარების ფონზე.
GHB-ით გარდაცვალების შემთხვევებიდან, მომხმარებელთა 64%-ს აღნიშნული წამლის პარალელურად გამოყენებული ჰქონდა სხვა მავნე ნივთიერებაც.
GHB და ადიქცია
მიუხედავად მომხმარებელთა მხრიდან უარყოფისა, GHB იწვევს მასზე დამოკიდებულებას. როდესაც ხდება აღნშნული წამლის გამოყენება რეკრეაციული მიზნებით, ორგანიზმში ხდება მის მიმართ ტოლერანტობის განვითარება. შესაბამისად, მომხმარებლებს უჩნდებათ სურვილი, სასურველი ეფექტის მისაღწევად გამოიყენონ უფრო და უფრო დიდი დოზა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ GHB არის დეპრესანტი, მისი მცირე დოზის მომატებაც კი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებს მომხმარებლებში.
ადიქტოლოგიის სერვის პროვაიდერების ნაწილთა აზრით, GHB არ იქვევს მასზე დამოკიდებულებას, თუმცაღა, აღნიშნულს არ ეთანხმებიან მეორენი.
აღკვეთის სინდრომის დროს დაფიქსირებული სიმპტომები მოიცავს:
• ინსომნიას;
• აღგზნებადობას;
• ტრემორს;
• გაზრდილ გულისცემას;
• მაღალ არტერიული წნევას;
• ფსიქოზურ აზრებს.
ცალკეული პროფესიონალების განმარტებით, GHB-ის მოხმარების შეწყვეტა ბევრად ძნელია, ვიდრე -ჰეროინისა.