სასკოლო პროგრამაში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეციალური გაკვეთილების არარსებობის გამო, სამწუხაროდ, ჩვენს მოზარდებს არ გააჩნიათ ქალის ცოდნა რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის, უსაფრთხო ჰიგიენისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ, რაც ხშირად მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებს იწვევს.
მენსტრუალური ციკლი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ყოველთვიურად მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება მენსტრუაციაა – სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან.
მენსტრუაციის დასაწყისი მნიშვნელოვანი ეტაპია მოზარდი გოგონების სქესობრივი მომწიფების პროცესში. მენარქე, ანუ პირველი მენსტრუაცია, იმის ნიშანია, რომ გოგონას ორგანიზმი ორსულობისთვის მზადაა.
დიახ, მენსტრუალური ციკლის მქონე გოგონას უკვე დაორსულების და ბავშვის გაჩენის უნარი უყალიბდება. მენსტრუაციული სისხლდენა მენსტრუალური ციკლის ნაწილია. ამ ციკლის მეშვეობით, ქალის ორგანიზმი ყოველთვე ორსულობისთვის ემზადება. ციკლის დასაწყისში, საშვილოსნოში ახალი ლორწოვანი გარსი იქმნება. სადღაც შუა ნაწილში, საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედი გამოიყოფა, რომელიც იმედიანად ელოდება განაყოფიერებას, ანუ ჩასახვას. თუ მენსტრუალური ციკლის მეორე ნაწილის დროს ეს კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, იგი, თავისი ლორწოვანი გარსიანად, იშლება და გარეთ გამოდის. სწორედ ეს პროცესია მენსტრუაცია.
თავად მენსტრუალურ ციკლს ჩვენს ორგანიზმში არსებული ჰორმონები აკონტროლებენ, რომლებსაც ჩვენი ენდოკრინული სისტემა გამოიმუშავებს.
ამ პროცესის მიხედვით, ციკლი იყოფა სამ ნაწილად: ფოლიკულარულ, ოვულაციურ და ლუთეინურ ფაზებად.
ფოლიკულური ფაზა მენსტრუაციის დაწყებასთან ერთად იწყება. ამ ფაზის დროს, ორგანიზმში ქალური სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონე მატულობს, საკვერცხეებში ახალი კვერცხუჯრედი მწიფდება, ხოლო საშვილოსნოს კედლები ახალი ლორწოვანათი იფარება, რომელიც მზადაა, მიიღოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ეს პროცესი დაახლოებით ციკლის 1-ლიდან მე-13 დღემდე გრძელდება (28-დღიანი ციკლის შემთხვევაში).
შემდეგ, ციკლის დაახლოებით შუა პერიოდში, გამოიყოფა ლუთეინიზირებული ჰორმონი, კვერცხუჯრედი ფოლიკულიდან გამოდის და ოვულაციური, ანუ ჩასახვისთვის ხელსაყრელი ფაზაც იწყება. იგი ყველაზე მოკლეა და დაახლოებით 3 დღე გრძელდება, ციკლის დაახლოებით მე-13-მე-16 დღეებში (ისევ 28-დღიანი ციკლის გათვალისწინებით).
როდესაც ოვულაცია, ანუ ჩასახვის პერიოდი სრულდება, იწყება ლუთეინის ფაზა. ამ დროს, ორგანიზმი გაძლიერებულად გამოიმუშავებს ჰორმონ პროგესტერონს. თუ კვერცხუჯრედი არაა განაყოფიერებული, ანუ ორსულობა არ მოხდა, დაახლოებით 12 დღეში, კვერცხუჯრედი თავის ლორწოვანასთან ერთად ჩამოიშლება და გარეთ გამოდის. იწყება მენსტრუაცია და მასთან ერთად, ახალი ციკლი.
მოზარდ გოგონებში პირველი მენსტრუაციის ნიშნები სხვადასხვა ასაკში იწყება, – ეს დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფების პერიოდის დადგომაზე. ამ დროს, გოგონას სხეული იზრდება, ფორმას და ვიზუალს იცვლის.
სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი პირველი შესამჩნევი ნიშანი მკერდის „დაბერვაა“. იგი მკერდის ნამდვილ ზრდაში არ უნდა შეგვეშალოს. სხვა გოგონებში, შესაძლოა, იგი ბოქვენის და/ან იღლიის არეში თმის ამოსვლით გამოიხატებოდეს. პირველი მენსტრუაცია ამ ნიშნების გამოჩენიდან საშუალოდ 3-4 წელიწადში იწყება, თუმცა, ეს ვადა, შესაძლოა, წელიწადნახევრიდან ექვს წლამდე მერყეობდეს.
პირველი მენსტრუაციის ასაკი 9-10 წლიდან 15-16 წლამდე მერყეობს. საშუალოდ, ევროპის რეგიონში მცხოვრებ ქალებს მენსტრუაცია 12-13 წლის ასაკში ეწყებათ, სამხრეთით მცხოვრებთ კი – უფრო ადრეულ ასაკში. თუ გოგონას პირველი მენსტრუაცია 9-15 წლის ასაკს მიღმა დაეწყო, მშობლებმა იგი ექიმთან უნდა მიიყვანონ, რათა გამოირიცხოს ენდოკრინოლოგიური, გენეტიკური, ქრონიკული დაავადებების გავლენა მოზარდის ორგანიზმის განვითარებაზე.
პირველი მენსტრუაციის შემდეგ, რეგულარული ციკლი, შესაძლოა, მთელი წელი არ ჩამოყალიბდეს. ციკლი არის პერიოდი, რომელიც ითვლება წინა მენსტრუაციის პირველი დღეებიდან მომდევნოს პირველ დღეებამდე. ციკლიდან ციკლამდე პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 21 დღეს და არაუმეტეს 35 დღეს, თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობა კი მაქსიმუმ 7 დღეა (ყველა წინასწარი თუ ბოლო გამონადენის ჩათვლით). თუ ციკლი მენარქედან ერთი წლის მანძილზეც არ დარეგულირდა, აუცილებლად უნდა მივმართოთ გინეკოლოგს.
პირველი მენსტრუაცია ძალიან უხვი და მტკივნეული არ უნდა იყოს. თუ ეს მაინც ხდება, ასევე აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
თუ მენსტრუაციას თან ახლავს ტკივილი და იგი ერთი ან ორი საათი გრძელდება, მან, შესაძლოა, 1-2 საათში თავისით გაიაროს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც მენსტრუაციული ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ პრეპარატების მიღების გარეშე მისი მორჩენა შეუძლებელია. შესაძლოა, ბებიამ მოცხელო აბაზანები ან მუცელზე ყინულის დადება გვირჩიოს, მაგრამ ამ „ხალხური“ მეთოდების გამოყენება რეკომენდებული არაა. სჯობს, ამ დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად კეტონალი, გამოვიყენოთ. ისინი პირდაპირ მოქმედებენ ტკივილის მედიატორებზე და ხსნიან ანთებას.
თეძოების, დუნდულების, სარძევე ჯირკვლების კანზე, შესაძლოა, მოზარდებს კანის დაჭიმვის გამო წითელი ფერის სტრიები გაუჩნდეთ. მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს იმითაა გამოწვეული, რომ მათმა გოგონამ წონაში მკვეთრად მოიმატა, მაგრამ სინამდვილეში ეს ჰორმონული დარღვევებია, და აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ.
ბევრი გოგონა შესაძლოა შეშფოთდეს იმის გამო, რომ მენარქეს შემდეგ, პირველ წლებში, მენსტრუალური ციკლი არარეგულარული აქვს. თუმცა, ეს სრულიად ნორმალურია – სხეულს გარკვეული დრო სჭირდება, რათა სტაბილური ციკლი შეიმუშაოს. ჩვეულებრივ, ციკლი სტაბილურდება პირველი მენსტრუაციიდან ორი წლის მანძილზე, ხოლო ქალების დაახლოებით მესამედისთვის იგი კვლავ არასტაბილური რჩება.
ციკლის დღეები უნდა აღვრიცხოთ სპეციალურ კალენდარში ან სატელეფონო აპლიკაციაში. იგი იწყება მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდანვე და გრძელდება მეორე მენსტრუაციის დადგომამდე. მაგალითად, თუ მენსტრუაცია დაიწყო 1 მარტს, შემდეგი კი დაიწყო 31 მარტს, ჩვენ პირველი თვის აღრიცხვა ასე უნდა გავაკეთოთ – 1-30 მარტი (31 მარტი უკვე მომდევნო თვის აღსარიცხად დაგვჭირდება).
ზოგადად, მენსტრუაციის დროს გამონადენი სისხლის ფერი და ტესტურა სხვადასხვა დღეებში ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ დღეს, მაგალითად, ხშირად მოყავისფრო ფერი აქვს და სქელი მასაა, მომდევნო დღეებში კი მისი ფერი ღიავდება, უფრო თხელდება და ჩვეულებრივ სისხლს ემსგავსება. ინტენსიური გამონადენის დღეებში, ხანდახან მცირე ზომის კოლტებიც გამოდის: ეს საშიში არაა, იგი სისხლის შედედების შედეგია. მოყავისფრო გამონადენი მომდევნო დღეებშიც შეიძლება, გვქონდეს: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნის მანძილზე იმყოფებოდა სისხლი საშვილოსნოში და რამდენად მოასწრო ამჟავება.
ბევრი გოგონა ჩივის, რომ ზედმეტად უხვი სისხლდენა აქვს. ხშირად, ეს მიუჩვევლობის გამო ხდება – სინამდვილეში, ამ „უხვი“ გამონადენის საერთო მოცულობა 30-40 მილილიტრია, რაც დაახლოებით ორ სუფრის კოვზს უდრის. როგორც წესი, გოგონები საფენებს დღეში 3-6-ჯერ იცვლიან, გამონადენის ინტენსიობის მიხედვით.
დაცულები ვიქნებით, თუ ჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის საფენი გვექნება შენახული – იქნებ, მენსტრუაცია მომდევნო გაკვეთილზე დაგვეწყოს. თუ ეს მოულოდნელად მოხდა, არ უნდა დავიბნეთ, შეგვიძლია, საფენი მეგობარ ან ნაცნობ გოგონას ვთხოვოთ.
მენსტრუაციის დაწყების წინ, შესაძლოა, სხვადასხვა სიმპტომები გაგვიჩნდეს: ტკივილი ზურგის ან მუცლის ქვედა არეში. დიახ, ამ დროს მუცლის სპაზმები ჩვეულებრივი ამბავია. ასევე, შესაძლოა, მკერდის არეშიც გვქონდეს ტკივილები. მენსტრუაციის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებმა, შესაძლოა, ჩვენი გუნება-განწყობის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაც გამოიწვიოს.
მენსტრუაციის დაწყების დროს, ვიგრძნობთ, რომ საშოდან დენა გვაქვს. ზოგჯერ, ეს დენა იქნება ძლიერი, ხოლო ზოგჯერ – სუსტი. ეს იმაზეა დამოკიდებული, მენსტრუაციის რა სტადიაზე ვართ.
ამჟამად, გავრცელებულია სამენსტრუაციო ჰიგიენური საშუალებების ოთხი ტიპი: საფენები, ტამპონები, მენსტრუალური ჭიქები და მენსტრუალური ტრუსები. პირველი მენსტრუაციებისას, როგორც წესი, გოგონები საფენებს ან ტრუსებს იყენებენ.
საფენების შეძენა ნებისმიერ აფთიაქში ან სუპერმარკეტში შეგიძლია. როგორც წესი, მის შიგნით აბსორბენტია (შემწოვი) მოთავსებული, რომელიც სითხეს აკავებს. საფენის გარე მხარეს წებოვანი ზოლია დატანილი, რომლის მეშვეობითაც საფენი თეთრეულზე მაგრდება. საფენები რამდენიმე საათში ერთხელ უნდა ვიცვალოთ. დაუშვებელია მათი უნიტაზში ჩაყრა.
ტამპონები, ჩვეულებრივ, დამზადებულია რბილი, ბამბის მასალისგან. ტამპონი საშოში შეიყვანება, საიდანაც გამონადენს იწოვს. ტამპონები სხვადასხვა ზომისა არსებობს, შეგვიძლია, გამონადენის ინტენსიობის მიხედვით მათი არჩევა. გამოყენების ინსტრუქცია შეფუთვის შიგნითაა მოთავსებული. არასწორი ინფორმაციაა, რომ ქალწულებისთვის ტამპონების გამოყენება დაუშვებელია.
მენსტრუალური ჭიქა – ეს არის ლატექსის ან სილიკონის ზარის ფორმის ჭიქა, რომელიც საშოში შეიყვანება და გამონადენს აგროვებს. დაცლის გარეშე მისი საშოში გაჩერება მაქსიმუმ 12 საათი შეიძლება. როგორც წესი, ჭიქები მრავალჯერადია, რაც მას ეკონომიურს ხდის, რასაც ვერ ვიტყვით ჰიგიენის ერთჯერად საშუალებებზე. თუმცა, ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ საფენებითა და ტამპონებით სარგებლობა მათთვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია.
ასევე, შედარებით ახალი ტენდენციაა მენსტრუალური ტრუსის გამოყენება. მენსტრუალურ ტრუსში სამედიცინო, ჰაერგამტარი მემბრანაა ჩაკერებული, ქსოვილის დამატებით შემწოვი ფენებით. მისი გამოყენება მაშინ არის ეფექტური, როდესაც მენსტრუალური დენა უხვი არაა, ან დამატებითი დაზღვევის სახით, ტამპონების ან ჭიქის გამოყენების პარალელურად. მენსტრუალური ტრუსების მოხმარების დიდი პლუსი მათ კომფორტულობასა და მრავალჯერადობაშია: ისინი ჩვეულებრივ ირეცხება და დიდხანს გვყოფნის. ასევე, მათ აქვთ ბევრი ფორმა და ზომა – აირჩიე, რომელიც გაგიხარდება.
ქალები ხშირად კატასტროფად აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ მენსტრუალურმა გამონადენმა, შესაძლოა, ტანსაცმელზე გამოჟონოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, არ ღირს ამის გამო თვითგვემა და შოკში ჩავარდნა. გახსოვდეთ, მსგავსი რამ ყველა ქალს ემართება.