სექსუალური ძალადობა

სკოლის მოსწავლეებმა საწრუპი მოიგონეს, რომელიც პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებს ავლენს

რისკი იმისა, რომ თქვენს სასმელში პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკს ურევენ, ძალზე მაღალია. თქვენ ვერასოდეს იქნებით სრულად დარწმუნებულნი იმაში, რომ თქვენ ირგვლივ მტაცებლები არ ტრიალებენ. ამიტომ, ბევრი ადამიანი შიშში ცხოვრობს. სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ თქვენს სასმელს თვალი არ მოაშოროთ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მასში ვინმე რამეს არ გაურევს.

სამმა გოგონამ შესანიშნავად გააცნობიერა ეს პრობლემა და გენიალურ იდეამდე მივიდა. ბევრი ადამიანი თავის სასმელს საკუთარი საწრუპით სვამს, საწრუპების აღება ხომ მუდმივად შეგვიძლია ბარებში, კლუბებსა და პაბებში. გოგონებმა ეს ფაქტი ისეთი რამის შექმნაში გამოიყენეს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ადამიანების უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის. ეს არის საწრუპი, რომელსაც პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკის გამოვლენა შეუძლია.

ეს ყოჩაღი გოგონები არიან ვიქტორია როკა (Victoria Roca), სუსანა კაპელო (Susana Cappello) და კაროლინა ბაიგორი (Carolina Baigorri) – მოსწავლეები მაიამიდან. მათ მიერ გამოგონილ საწრუპს ორი ზოლი აჩნდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნარკოტიკულ საშუალებაში მოხვდება.

აშშ-ის იუსტიციის სტატისტიკის ბიუროს (Bureau of Justice Statistics) მონაცემებით, პაემანზე გაუპატიურების შემთხვევები გაუპატიურების სტატისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. პაემანზე გაუპატიურება, როგორც წესი, ძალზე ხშირად ხდება კოლეჯების სტუდენტებში, რომლებიც ხშირად იღებენ ალკოჰოლს ან იმყოფებიან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მსგავსი ხერხით გაუპატიურების მსხვერპლ გოგონათა ასაკი 16-დან 24 წლამდე მერყეობს.

თავად საწრუპს გამა-ოქსიზეთოვანი მჟავის (GBH), კეტამინისა და როგიპნოლის გამოვლენა შეუძლია – ყველაზე გავრცელებული ნივთიერებების, რომლებსაც, როგორც წესი, მოძალადეები მსხვერპლთა სასმელში ურევენ.

გოგონებს თავიანთ გამოგონებაზე უკვე პატენტი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქტის გაყიდვა უკვე შეუძლიათ. ამის შედეგად, სავარაუდოდ, გაუპატიურების პოტენციურ მსხვერპლებს მოსალოდნელი თავდასხმისგან თავის დახსნა შეეძლებათ.

თუ საწრუპი სასმელში ნარკოტიკს აღმოაჩენს, მისი ბოლო გალურჯდება, მის მფლობელს კი ადვილად შეეძლება ამ შედეგის ამოცნობა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემის გადაჭრა არაა, რადგან იგი ვერ დაასრულებს გაუპატიურების პრაქტიკას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ იმ გაუპატიურებათა და სახიფათო შემთხვევათა რიცხვი საგრძნობლად დაიკლებს, რომელშიც მსხვერპლი ნარკოტიკების მოტყუებით ჩაყრის შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე“, – ამბობს კაროლინა.

awesomeinventions.com