ირანში, თავისი 14 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით, კაცი დააკავეს. ამ მკვლელობის გამო, ქვეყანა აღშფოთების ტალღამ მოიცვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
ე. წ. “ღირსების მკვლელობა”, ანუ ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობა, გილიანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში.
რომინა აშრაფი (Romina Ashrafi) მშობლების სახლიდან 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაიქცა მას შემდეგ, რაც მამამ მას ქორწინებაზე უარი უთხრა.
პოლიციამ გოგონა მოძებნა და შინ დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.
გასულ პარასკევს, გოგონას ოთახში მამა შეუვარდა და მას თავი მოკვეთა. ამის შემდეგ, იგი მკვლელობის იარაღით ხელში გარეთ გავიდა და დანაშაული აღიარა.
“მშობლის არაუსაფრთხო სახლი”, – ასეთი სათაურით გავიდა სტატია გაზეთ “ებტეკარში”, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებული კანონმდებლობა ქალებს და გოგონებს სრულიად არ იცავს.
შაჰინდოხტ მოლავერდიმ (Shahindokht Molaverdi), ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოების მდივანმა, თავის ტვიტერზე დაწერა: “ღირსების მკვლელობებში”, რომინა არც პირველია და არც – უკანასკნელი”.
მისი თქმით, მსგავსი მკვლელობები მოხდება კვლავ და კვლავ, ვიდრე სერიოზული ცვლილებები არ იქნება კანონმდებლობასა და ადგილობრივ კულტურაში.
ირანის სისხლის სამართლის კოდექსი შერბილებულ სასჯელს ითვალისწინებს იმ მამებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც დახოცეს ან დააზიანეს თავიანთი შვილები, “ოჯახის ღირსების დაცვის” მიზნით.
თუ ადამიანი თავისი ქალიშვილის მკვლელობაშია დამნაშავე, მას 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, მაშინ, როცა სხვა მკვლელებს ან სიკვდილით ისჯებიან, ან მოკლულის ოჯახისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა ევალებათ.
თუ რამდენად გავრცელებულია “ღირსების მკვლელობები” ირანში, ამის შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ 2019 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა ქვეყნის რეგიონებში კვლავ არსებობს.
ოთხშაბათს, ირანის მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ (Hassan Rouhani) რომინა აშრაფის მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებული კანონების გამკაცრება მოითხოვა.