მე მგონი, პოლემიკისთვის საინტერესო “კვოტირების” საკითხს სწორედ ისტორიული პროცესის დინამიკის კუთხიდან უნდა შევხედოთ: მართალია, ერთი შეხედვით სხვა ამბავია, მაგრამ პრინციპში იგივეა, 100 წლის წინ რომ ქალებისთვის ეთქვათ – თქვენი ნიჭის და უნარების წყალობით უნდა მიაღწიოთ იმას, ხმის და არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მოიპოვოთო არ მიიჩნევდნენ ეს კაცები მანამდე, რომ ქალებისთვის რაიმე უნდა ეკითხათ პოლიტიკაში (არსობრივი ჩართულობის თვალსაზრისით) და ეს იყო ნორმა. ჩვენი “ინსტინქტების კულტურაში” კი კაცებს – რომლებიც რაღაცას წყვეტენ და, მით უმეტეს, როცა რაღაცას წყვეტენ პოლიტიკაში – უბრალოდ არც ახსენდებათ ქალები, ან ნაკლებად ახსენდებათ, როცა იმავე პოლიტიკურ პროცესში ჩართულობაზე ვსაუბრობთ. და როგორც წესი – ისევ და ისევ ერთგვარი “პატრიარქალური რეფლექსის” წყალობით, – უპირველეს ყოვლისა, კაცები ახსენდებათ და არა ქალები! და არა, როგორც წესი იმის გამო, რომ “ღირსეულ” კაცებში უმეტესად პოლიტიკის გენიოსები გვხვდებიან!
გულწრფელად, ამ “რეფლექსის”, ან გნებავთ, კოდის, უბენლიე მატარებელი მეც კი ვყოფილვარ, როცა თუნდაც ზერელე ჩამოთვლის დროსაც კი ნაკლებად გამხსენებია ჩემ პროფესიაში მოღვაწე ქალები, ნერვებისმომშლელი სამართლიანობით მიუთითებიათ ჩემთვის და მხოლოდ ამის შემდეგღა დავფიქრებულვარ ამ “ინსტინქტზე”, რაც თავისთავად საინტერესო პროცესია – როცა კვაზიკულტურული კოდი (ან ჩვევა) მგრძნობელობას და, მეტიც, ობიექტურობის განცდას გიჩლუნგებს… ეთიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ, ზოგადად, ვფიქრობ, ეს მცირედიც (თუკი ეს მცირედია) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ევოლუციის ნაწილად უნდა ჩავთვალოთ. ანუ ქალების ბრძოლად – ჰეგელის პერიფრაზირებით – ისტორიის მიერ რომ იყვნენ აღიარებულნი!