ავტორი: თამარ კაკაბაძე
საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალ მაჩვენებელს ყველა აღიარებს, მაგრამ როდესაც დღის წესრიგში დგება გენდერული კვოტირების მიღების საკითხი, პოზიციები რადიკალურად იყოფა. შევეცდები, მოკლედ ვუპასუხო გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეებს და გაჩვენოთ მათი ლოგიკის არათანმიმდევრულობა.
დამსახურების თუ სქესის ნიშნით არჩევა?
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ პარლამენტში ადამიანები დამსახურების მიხედვით, მერიტოკრატიული პრინციპის საფუძველზე უნდა მოხვდნენ და არა – სქესის ნიშნით. ზოგადად, მეც ვეთანხმები ამ პრინციპს და ვეთანხმები ყველა სფეროსთან მიმართებაში. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ შეუძლებელია, იმსჯელო მხოლოდ თეორიის საფუძველზე და არ შეხედო პრაქტიკას. ქალები საქართველოში ჩასახვისთანავე არათანაბარ პირობებში არიან. ეს უთანასწორობა ცხოვრების ყველა ეტაპზე იჩენს თავს. თუ თვალს ვუსწორებთ მკვეთრ უთანასწორობას და იმას, რომ ქალები და კაცები ერთმანეთთან კონკურენციაში არათანაბარი სასტარტო პირობებით შედიან, რამდენად სამართლიანია, ამ უთანასწორო კონკურენციაში ქალების მარცხი ისევ ქალებს დააბრალო და არ შეეცადო კონკურენცია მეტ-ნაკლებად სამართლიან პრინციპს დააფუძნო?
კვოტების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებით, კვოტით სადმე მოხვედრა დამამცირებელია, რადგან ადამიანები პარლამენტში დამსახურებულად უნდა მოხვდნენ და არავის უნდა დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ მათ კვოტირებული უწოდოს. ეს აღშფოთება გასაგები იქნებოდა, რომ არა ისევ მკვეთრი უთანასწორობა. მარტივად რომ ვთქვათ, რატომ არ აღაშფოთებთ იგივე ადამიანებს, როცა საზღვარგარეთ სასწავლებლად კვოტით მიდიან? ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუ მერიტოკრატიამდე და დამსახურებამდე დავდივართ, ესეც ამ პრინციპის დარღვევაა. ქართველი რომ კვოტით ხვდება უნივერსიტეტში, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ის ადგილი მეტად არ ეკუთვნოდა ფრანგ სტუდენტს? სინამდვილეში, ეს კვოტებიც იმის გამოა დაწესებული, რომ ქართველი ახალგაზრდები არათანაბარ სასტარტო პირობებში არიან ევროპელ ახალგაზრდებთან შედარებით და ამიტომ უთმობენ მათ უნივერსიტეტები ადგილს – კონკურენციაში ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი დამარცხდება.
ან ის რატომ არ გახდა არასოდეს აღშფოთების საგანი, რომ აქამდე საარჩენო სიებში ყოველ ათეულში სამი ქალის ჩაწერის სანაცვლოდ, პარტიები ფინანსურ წახალისებას იღებდნენ? პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ქალების ღირსების სადარაჯოზე დადგნენ, ამ პრინციპს არ შეწინააღმდეგებიან, მეტიც, მათი პარტიებიც ადგენდნენ სიებს ამ პრინციპით. რა გამოდის, ქალს და კვოტას თუ ფული მოყვება, დამამცირებელი არაფერია, მაგრამ თუ ქალს ფული არ მოაქვს, მაშინ მათი ღირსება გვახსენდება?
სტატისტიკით მანიპულირება
ცოტა ზედაპირულობა ან დიდი მანიპულაციაა, აფრიალო ვიკიპედიიდან ამოწერილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ქალების უფლებების მასობრივი დარღვევებით გამორჩეულ ქვეყნებში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა დიდია, შესაბამისად – კვოტები არაეფექტური. ერთი ცნობილი ქალი სწორედ ბოლივიას მოიხმობდა იმის მაგალითად, რომ მიუხედავად პარლამენტში ქალთა 53%-იანი წარმომადგენლობისა, ქალების გენდერული ნიშნით მკვლელობა საგანგაშო ნიშნულზეა. თუ ერთით მეტ სტატიას წავიკითხავთ ბოლივიაზე, აღმოვაჩენთ, რომ 30%-იანი გენდერული კვოტის შესავსებად კაცებმა ქალების სახელები დაირქვეს და ასე შევიდნენ პარლამენტში. ფორმალურად ქალთა წარმომადგენლობა მაღალია, რეალურად – პარლამენტში კაცები სხედან ქალების სახელებით. კონტექსტის და სხვა ფაქტების თუ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე პროცენტების ფრიალი საპნის ბუშტია, რომელსაც გუგლ სერჩი 1 წამში გახეთქავს.
ფრთხილად, არაკვალიფიციური ქალია!
ბოლო არგუმენტია პარლამენტსა და საკრებულოებში ბევრი არაკალიფიციური და მორჩილი ქალის შესვლა. დიახ, საფრთხე არის, რადგან არც ერთ პარტიას არ აქვს შიდა დემოკრატია განვითარებული და საარჩევნო სია არ დგება სამართლიანად და გამჭვირვალედ. ოღონდ ზედაპირულად თუ არ შევხედავთ, მივხვდებით, რომ კვოტირების პირობებში, რეალურად, არაკვალიფიციური კაცები ვეღარ წაართმევენ ადგილს მათზე კვალიფიციურ ქალებს და სინამდვილეში კაცები და ქალები კი არ შევლენ ერთმანეთთან კონკურენციაში, ქალების შიდა კონკურენციის სივრცე გაჩნდება. როცა ქალები ერთმანეთთან შევლენ კონკურენციაში, გასაკუთრებით საკრებულოების დონეზე, ალბათობა, რომ კვალიფიციური ქალებისთვის ეს სივრცე გაიხსნება, მეტია – საკრებულოს პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
ბოლოს – კვოტირებაზე დისკუსია ლეგიტიმური და საჭიროა. ამ დისკუსიის დროს შეიძლება გაჩნდეს ალტერნატიული იდეაც, ამისთვის კი აუცილებელია, იდეოლოგია რელიგიად არ ვაქციოთ, ზედაპირულ მსჯელობას შევეშვათ და ტალახის სროლის ნაცვლად, კვოტირების მოწინააღმდეგეებმა ალერნატივა უნდა შესთავაზონ მომხრეებს. პირველ რიგში კი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ.