ავტორი: ნინო ყვირილიანი
– ვინ მოკლა ? – საზოგადოების ხელებმა! ის, ვინც სხვას მოსაკლავად იმეტებს, საზოგადოების ხელით კლავს, საზოგადოების გავლენის ქვეშაა. მთავარი პრობლემა შეზღუდულ ცნობიერებაშია და დამნაშავეების დაუსჯელობის სინდრომში, სახელმწიფოს მიკერძოებულ გამოძიებაში, დანაშაულის გადაფარვაში… არის თუ არა ქუჩური გარჩევები მახინჯი მენტალიტეტიდან წამოსული? მშობელთა დიდი ნაწილი ქუჩურ მენტალიტეტს არომანტიკულებს, თუმცა, პარალელურად შეიძლება ბავშვს სწავლისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებდეს. ასეთი მშობლები თვითონაც ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელი არიან.
რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ? ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის – ავტორიტარულ რეჟიმში აღზრდა და ოჯახში ძალადობის გამოცდილებაც, ასევე, განათლების დაბალი დონე და სასკოლო აღზრდის დეფექტები. ასეთ დროს, მოზარდები ან გადამეტებული მორჩილებით, ან აგრესიულობით გამოირჩევიან. აღზრდის მეთოდი არ უნდა იყოს ავტორიტარული, არც ზედმეტად რბილი და არც ინდიფერენტული, სრულიად გულგრილი. ერთადერთი დემოკრატიული მიდგომა იძლევა დადებით შედეგს, რაც გულისხმობს ბავშებთან მეგობრობას, მათ მოსმენას, თანადგომას და გაგებას. თუ ბავშვზე ძალადობთ, ის სადღაც, რაიმე ფორმით ავლენს ძალადობას სხვაზე. თუ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც ის არასწორად იქცეოდა, მას შესაძლოა, აღნიშნული ქცევა განუმტკიცდეს. ბავშვი თუ გრძნობს, რომ მის მიმართ მტრულად არიან განწყობილი და აღმზრდელების მიზანია – ,,გაზარდე შვილი მტრულადა…,, სადაც არ არის ურთიერთგაგება და სიყვარული, ის იკეტება, შემდეგ შინაგანი კომფლიქტები და კომპლექსები პროექციის სახით გარეთ გადმოდის და პათოლოგიური ხდება. ასევე, გადაჭარბებული მზრუნველობა ხელს უშლის განვითარებას და შეიძლება, ბავშვს ჩამოყალიბდეს არაადეკვატური თვითშეფასება, უპირატესობის კომპლექსებით, რის უკანაც არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება.
ადამიანს სურს, იცოდეს, რომ იგი მნიშვნელოვანია და მას უსმენენ. უმნიშვნელობის განცდა მოზარდში შეიძლება დევიანტურ ქცევაში გამოიხატოს და მისთვის მისაბაძი მაგალითი სწორედ ისეთი დევიანტები გახდნენ, როგორებიც კრიმინალები არიან.
კრიმინალისკენ მიდრეკილებას, ხშირად, უპერსპექტივობის შეგრძნებაც აჩენს, როცა მოზარდი საკუთარ თავს სხვაგან ვერ ხედავს, სკოლის შემდეგ ვერ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, არ აქვს ჰობი, ან არ აქვს სამსახური და ა.შ.
უფროსები აუცილებელია, დააკვირდნენ ფსიქომატრავმირებელ გამოთქმებს, ეს უკვალოდ არ ქრება. სამწუხაროდ, არაჯანსაღ მიმართვებს, ხშირად, არა მარტო მშობლებისგან, არამედ მასწავლებლებისგან, ქორეოგრაფებისგან, მწვრთნელებისგან, ექიმებისგანაც ვისმენთ… დააკვირდით, როგორ მიმართავენ მშობლები ბავშვებს: “ჩვენი იმედები და მოლოდინები გაგემართლებინოს“, ,, სასახელო გაზრდილიყავი“, „შეხედე შენს მეგობარს, რა კარგად იქცევა, შენ სულ ყველაფერს აფუჭებ“…
რა იგულისხმება იმედების გამართლებაში რეალურად? შენ გაჩნდი იმისთვის, რომ სხვის მოლოდინებს ამართლებდე? და სასახელო იყო რაში? ქართველობის იდენტობის სახელით, ადამიანთა დაყოფა და დახარისხება დაიწყო, განსხვავებული ორიენტაციის, ეროვნების, სარწმუნოების ადამიანებთან გაიჯგიმო და მზად იყო თავიც გაუჩეჩქვო ვინმეს? გონება გადავსებულია ამბიციებით, სტერეოტიპებით, იდენტობებით, მახინჯი იდეებით, მახინჯი ტრადიციებით… – ეს რეალობაა და სწორედ ამას მოაქვს ომი. როცა უკვე ტრაგედია დაგვატყდება თავს და ემოციურ აფეთქებას ვაწყობთ, როცა ბავშვები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ ან თვითმკვლელობამდე მიდიან. უნდა გვესმოდეს, რომ ამ შედეგებამდე მთელი რიგი არაჯანსაღი პროცესები მიდის და ყველა ტრაგედიას ფსიქიკური მიზეზობრიობა აქვს. ბევრს უჩნდება აზრი, სიმკაცრე აუცილებელია და თუ საჭიროა, ბავშვს ყურიც უნდა აუწიოო… ეს არის ძალიან ვიწრო ხედვები, რომელიც გულისხმობს აკრძალვებს და განცდების რეპრესიას, ანუ განდევნას, რომელიც მოგცემთ ან დეპრესიულ და ვერრეალიზებულ ადამიანს მომავალში, ან აგრესიულს, რადგან ყოველი რეპრესირებული სურვილი, არაცნობიერში აგრძელებს არსებობას, არსადაც არ გამქრალა და ოდესმე ამოხეთქავს დამახინჯებული ფორმით. აკრძალვა არ იძლევა დადებით შედეგს, აუცილებელია პრეევენცია.
არსებობს აზრი, 21 წლამდე უფროსების გარეშე შეკრების აკრძალვაზე – ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა გადავჭრათ ფსიქოლოგიური ჭიპლარი, ახლა გავდივართ ფსიქოლოგიურ ჭინთვებს დაბადებისთვის. დინამიკისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია. პრევენციის უმთავრესი ამოსავალია ცნობიერების დონის ამაღლება, ტრანსფორმაცია, თვითრეალიზაცია, რომელიც ზარმაც და გაჯგიმულ მდგომარეობაში კომფორტულად შეჩვეულ ქართველს არ უნდა. ბევრი 40 წლის ადამიანიც ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელია. მათაც დავადგეთ თავზე ყოველი შეკრების დროს? სამწუხაროდ, ადამიანებს არ სურთ რეალური ფსიქიკური მიზეზობრიობის დანახვა.
პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია მუშაობა მშობლებთან და მასწავლებლებთანაც. უნდა ვეცადოთ, მოზარდები ჩავრთოთ სპორტულ წრეებში, რათა იქ გამოათავისუფლონ ენერგია…
აუცილებელია, სახელმწიფო არ იყოს მიკერძოებული და დამნაშვე მოარიდოს საზოგადოებას, მაგარამ როცა დამნაშავეზე საუბრობ, მის სასიკვდილო განაჩენს კი არ უნდა ითხოვდე, ციხეში მასაც ფსიქოლოგის დახმარებას უნდა სთავაზობდე. უნდა ახსოვდეს ადამიანს, რომ მსხვერპლი და მოძალადე, – ორივე ტრავმირებულია.
თუ ადამიანები ხშირად არიან ძალადობის შემსწრენი, ამგვარი ქცევა წახალისებულია სოციუმში ან განხორციელებულია ავტორიტეტული პირის მიერ, მაშინ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აგრესიული ქცევის დასწავლას. ეს ავტორიტეტული პირი შეიძლება იყოს პოლიტიკოსიც, სასულიერო პირიც, მასწავლებელიც, ცნობილი სპორტსმენიც… ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ტელევიზიებში, ნაცვლად იმისა, რომ გადაცემები ეძღვნებოდეს ცნობიერების დონის ამაღლებას და ასაუბრებდნენ კომპეტენტურ პირებს, დილეტანტები და საბჭოთა ცნობიერების ადამიანები გვესაუბრებიან მენტორის ტონით. რამდენჯერ მოგვისმენია ირიბპროვოკაციული და ძალადობის წამახალისებელი ტექსტები სასულიერო პირებისგან. ათას საშინელებას ქადაგებს უმრავლესობა ამბიონიდან და სიყვარული სახელით ნიღბავს. როგორ უნდა გვიკვირდეს ქვეყანაში ძალადობა, როცა სასულიერო პირიც კი აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრობს? მოზარდებს ვაყურებინებთ, თუ როგორ გამოირჩევიან ერთმანეთის შეურაცხყოფით ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ. არის შემთხვევები, როცა მედია ხელს უწყობს გარკვეული სტერეოტიპების დამკვიდრებას და ხშირად არის დარღვეული გაშუქების ეთიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თემა ანტისოციალურ ქცევას ეხება.
დასასრულისთვის გავიმეორებ, ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და გვახსოვდეს, განათლება და ცნობიერების დონის ამაღლება უმთავრესია ადამიანის განვითარებისთვის.