ბოლო წლების განმავლობაში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიერ ყველაზე აქტიურად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხი დგას დღის წესრიგში. ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის ცალსახა და ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ფინანსური დამოუკიდებლობა თანასწორობის მოსაპოვებლად. ნათელია, რომ არსებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები დაკავშირებულია ერთმანეთთან და გამოწვეულია ან მიიღება ფინანსური დამოუკიდებლობის არქონის შედეგად.
რას ვგულისხმობ?
ტრადიციულად, ოჯახის ქონება და სიკეთეები კაცს ეკუთვნის, უძრავი ქონება, როგორც წესი, ქალს არ გააჩნია. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მიწის მხოლოდ 20%-ზე ნაკლებს ფლობენ ქალები, მაშინ როდესაც მიწის დამუშავებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაში ძირითადი სამუშაო ძალა ქალებზე მოდის. გათხოვების შემდეგ ქალი, რომელსაც საკუთარი ქონება არ გააჩნია, ხშირად იძულებულია ქმრისგან დამცირება ან შეურაცხყოფა აიტანოს ამის გამო, ძალადობის შემთხვევაშიც კი, როდესაც ფიქრობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, ქალებს ხშირად სამსახურში არ იყვანენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია გათხოვდეს ან ბავშვი გააჩინოს, რაც დამსაქმებლისთვის, კვალიფიკაციის მიუხედავად, დისკრიმინაციის საფუძველი შესაძლოა, გახდეს. აუნაზღაურებელ შრომასა და ზრუნვის ეკონომიკაზე ცალკე საკითხისა და აქ აღარ მოვყვები.
რა ფაქტორები იწვევს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას? ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
- ნაკლები ხელმისაწვდომობა ფორმალურ და არა ფორმალურ განათლებაზე;
- ნაკლები ხელმისაწვდომობა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე;
- ტრადიციული გენდერული სტერერეოტიპები და დამოკიდებულებები;
- შინამეურნეობის და ზრუნვის პასუხისმგებლობები;
- დისკრიმინაცია დასაქმების ადგილზე;
- ძალადობა (ნებისმიერი ფორმის);
- ნაკლები ხელმისაწვდომობა და კონტროლი რესურსებსა და ინფორმაციაზე;
- დისკრიმინაციული კანონმდებლობა და რეგულაციები.
ჩვენთვის, ქალებისთვის და ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის ეს თემები კარგად ნაცნობი და გასაგებია, თუმცა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ცოდნა ან გამოცდილება აკლია ამ საკითხების გაცნობიერებაში (სტერეოტიპების, მენტალობა, დამოკიდებულებები), ინფორმირება სჭირდება. მათ შორის, პარლამენტარებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობებში, როდესაც ბიუჯეტირების ნაწილში ქალთა გაძლიერების პროგრამების ინტეგრირება ან ბიუჯეტის გამოყოფა უნდა მოხდეს, მათ უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება.
ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებს გააჩნიათ საერთაშორისო ვალდებულებები და ადგილობრივი კანონმდებლობა გენერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, თუმცა დღემდე ვერ ხდება კონკრეტული გზების გამოძებნა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ანალიზის საფუძველზე საკითხის პროგრამული ინტეგრირება. უმრავლესობას არ ესმის, რომ გენდერი მნიშველოვანია არა ქალებსა და კაცებს შორის თანდაყოლილი განსხავევების გამო, არამედ – მათი განსხვავებული სოციალიზაციის გამო, რის შედეგადაც, არსებობს განსხვავებული მოლოდინები სათანადო ქცევისა და სოციალური როლების შესახებ. საბოლოოდ, სწორედ ამ ყველაფერს მივყავართ სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და შესაძლებლობებამდე, რაც იწვევს გენდერულ უთანასწორობას. ამის გაცნობიერება ადამიანებს უჭირთ, არ ან ვერ ხდებიან, შედეგად კი ვიღებთ უთანსწორობას ყველა სფეროში.
რა უნდა გაკეთდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის?
- დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და რეგულაციებისგან დაცვა;
- აუნაზღაურებელი შრომისა და ოჯახში ზრუნვის აღიარება, შემცირება და გადანაწილება;
- ციფრული, ფინანსური და ქონებრივი აქტივების შექმნა;
- ბიზნესის კულტურისა და პრაქტიკის შეცვლა;
- საჯარო სექტორის პრაქტიკის გაუმჯობესება კადრების შერჩევისა და დასაქმების კუთხით;
- ხილვადობის, კოლექტიური ხმის და რეპრეზენტატულობის გაძლიერება;
- არსებული ნორმების დაძლევა და პოზიტიური როლური მოდელების წარმოჩენა.
ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეფექტურად დაგეგმარების შემთხვევაში მუშაობს. მათ შორის, მოკლევადიან და ეფექტურ გზად გამოიყენება ოთხი ძირითადი მიმართულება: ქალთა მეწარმეობისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ხარისხიანი განათლებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა; სასოფლო-სამურნეო პროდუქტებისა და სასურსათო უსაფრთხოების ურთიერთკავშირის გაძლიერება და კერძო სექტორისთვის გენდერული თანასწორობის პრონციპების ცენტრალურ ნაწილად გამოყენება, ადამიანური რესურსების მიართულებით. ამ ყოველივეს პოლიტიკური ნება და ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სწორი დაგეგმარება სჭირდება. თუმცა, თუ საკითხს პრიორიტეტად დავსახავთ, თუნდაც მოცემული საკთხების გათვალისწინებით, გაცილებით განხორციელებად და რეალურ მიზნად დავინახავთ.
ქალებისთვის, ჩვენს რეალობაში დასაქმების ოთხი სახე არსებობს, თითოეულისთვის კი – არაერთი შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ქალები ეკონომიკურად გაძლიერდნენ. კერძოდ:
ფორმალური სამუშაო ადგილი, სადაც ქალები დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ყველაზე ხშირად არიან. ამავდროულად, სახელფასო სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორს ჯერ კიდევ 36% შეადგენს.
მეწარმე ქალისთვის განვითარების და კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები მცირეა, მხოლოდ იმიტომ რომ საოჯახო საქმე და აუნაზღაურებელი შრომის უდიდესი ნაწილი ისევ მისი გასაკეთებელია, მაშინ, როდესაც სახელმწიფო სერვისები მას არანაირ შეღავათს არ სთავაზობს. ყველა გადამხდელი იხდის ერთი და იგივე გადასახდს.
სოფლის მეურნეობით დაკავებული/ფერმერი ქალი, გარდა იმისა, რომ დაკავებულია ყველა მძიმე სამუშაოთი და საფრთხეს უქმნის საკუთარ რესპროდუქციულ ჯანმრთელობას, ამავდროულად შინზრუნვის პასუხისმგებლობაც მისი შესასრულებელია. ყოველივე ამასთან, მას არ აქვს უფლება, საკუთარი მოყვანილი პროდუქტისა და შრომის ფასი თავად დააწესოს, არამედ მას აწესებენ კაცები.
არაფორმალური სამუშაოთი დაკავებული ქალი, – ძირითად სეზონური, დროებითი სამუშაოებზე დაკავებულია. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, მას არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლებელია, ხდებოდეს მისთვის ბევრი პარალელური ვალდებულების დაკისრება. ამ შემთხვევაშიც, შინ ზრუნვა ისევ ემატება.
– აქვთ ქალებს თანაბარი პირობები და შესაძლებელობები? – არა!
– სთავავაზობს სახელმწიფო მათ ღირსეულ სამუშაოს? – არა!
– კარგავს სახელმწიფო ეკონომიკურად აქტიურ ძალას, რომლის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა უფრო დიდია? – რა თქმა უნდა!
– რა უნდა გაკეთდეს? – იხ. ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები.
ავტორი: მაიკო გრძელიშვილი.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.